ფაბიო კაპელო
დაიბადა 1946 წლის 18 ივნისს
ფეხბურთელის კარიერა: "სპალი" (1964-1967 წლები), "რომა" (1967-1969), "იუვენტუსი" (1969-1976), "მილანი" (1976-1979)
იტალიის ჩემპიონი: 1972, 1973, 1975, 1979
იტალიის თასის მფლობელი: 1969, 1977
იტალიის ეროვნულ გუნდში ჩაატარა 32 მატჩი, გაიტანა 8 გოლი
სამწვრთნელო კარიერა: "მილანი" (1987, 1991-1996, 1997-1998), "რეალი" (1996-1997, 2006-2007), "რომა" (1999-2004), "იუვენტუსი" (2004-2006), ინგლისის ეროვნული ნაკრები (2008 წლიდან)
სამწვრთნელო მიღწევები: იტალიის ჩემპიონი (1992, 1993, 1994, 1996, 2001, 2005, 2006), ჩემპიონთა ლიგის მფლობელი (1994), უეფას სუპერთასი (1995), ესპანეთის ჩემპიონი (1997, 2007), იტალიის სუპერთასი (1992, 1993, 1994, 2001)
ფეხბურთის იტალიელ სპეციალისტ ფაბიო კაპელოს, სამწვრთნელო კარიერაში ჩავარდნა არასდროს ჰქონია, თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ნაკრებში არასდროს უმუშავია და ინგლისის ეროვნული გუნდი ამ კუთხით პირველი ნაბიჯია. ბევრი ვარაუდობს, რომ ამ გადაწყვეტილებით მან საკუთარი რეპუტაცია საფრთხეში დააყენა, თუმცა, ყველაფერი სულ მალე, სამხრეთ აფრიკაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე გადაწყდება.
კაპელოზე საუბარი იმით უნდა დავიწყოთ, რომ ის კარგი ფეხბურთელი იყო, იტალიის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა, “სკუადრა აძურას” მაისურით 30-ზე მეტი თამაში ჩაატარა და 1973 წლის 14 ნოემბერს, "უემბლიზე" ინგლისის ნაკრებს ისტორიული გოლი გაუტანა, რომელმაც "სკუადრა აძურას" ინგლისელები იქ პირველად დაამარცხებინა. ახლა კაპელო სწორედ "უემბლიზე" იმისათვის იღწვის, რომ ინგლისელებს იქ გოლი ვერავინ გაუტანოს.
კაპელომ მწვრთნელობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ელენიო ერერას ხელმძღვანელობით, "რომაში" ითამაშა: ის იმდენად მოიხიბლა დიდებული მწვრთნელის მოღვაწეობით, რომ მის კვალდაკვალ წასვლა გადაწყვიტა. ამასთან, იტალიელი სპეციალისტი არ მალავს, რომ ბევრი რამ ისწავლა უკრაინელი ვალერი ლობანოვსკისგან. ის ხშირად იყენებს მის მეთოდებს, თუმცა, მასში საკუთარ ელემენტებს რთავს.
საფეხბურთო კარიერა კაპელომ "მილანში" მას შემდეგ დაასრულა, რაც ეს გუნდი კორუფციულ გარიგებაში ამხილეს და სერია B-ში დააქვეითეს. მოგვიანებით, მწვრთნელი ფაბიო მსგავს სიტუაციაში კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, როდესაც თამაშების ჩაწყობის გამო "იუვენტუსს" ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს და ქვედა დონეზე დააქვეითეს, ოღონდ, კაპელომ გუნდის დატოვება ამ მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე მოასწრო. თუმცა, სანამ მის სამწვრთნელო კარიერაზე ვისაუბრებთ, უნდა ვთქვათ, რომ კაპელო აქტიური სპორტსმენის კარიერის დასრულების შემდეგ, "მილანში" ადმინისტრაციულ თანამდებობაზე დარჩა და სამწვრთნელო ხელოვნება 10 წლის განმავლობაში როგორც იტალიელ, ასევე უცხოელი სპეციალისტებისგან შეისწავლა.
კაპელომ "მილანი" დამოუკიდებლად 1991 წელს ჩაიბარა და საკუთარი მისამართით არაერთი კრიტიკა მოისმინა. გამოუცდელმა სპეციალისტმა დიდი რისკი გაწია, როდესაც არიგო საკისგან სუპერკლუბი ჩაიბარა, მაგრამ მის მფლობელ სილვიო ბერლუსკონის, ასეთი რისკის გაწევა სულაც არ მოერიდა. მას კარგად ესმის ადამიანების, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ პოლიტიკურ კარიერას ვერ გაიკეთებდა, რომ აღარაფერი ვთქვათ წარმატებულ ბიზნესზე. სათქმელია, რომ ბერლუსკონისათვის "მილანი" ბიზნესპროექტი არასდროს ყოფილა.
კაპელომ იტალიის ჩემპიონატი ოთხჯერ მოიგო და ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, საიდანაც ერთ-ერთი, მისმა გუნდმა "ბარსელონის" 4:0 განადგურებით დაასრულა. ეს იყო 100 პროცენტით მწვრთნელის გამარჯვება, რამაც ნათელყო, რომ კაპელო გენიალური მწვრთნელია. მაშინ "მილანი" დახურულ, რამდენიმე ეშელონიან დაცვით ფეხბურთს თამაშობდა და გოლის გატანა სტანდარტული მდგომარეობიდან, ან სწრაფ კონტრშეტევებზე ცდილობდა. იოჰან კრუიფის "ბარსელონა", რომარიოსა და სტოიჩკოვის თავკაცობით, მეტოქეს სამ გოლზე ნაკლებს იშვიათად უტანდა. ამიტომ, ყველა ელოდა, რომ ფინალში "მილანი" 90 წუთი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე და მეტოქის შეტევების მოგერიებაზე იზრუნებდა, მაგრამ კაპელომ შეგირდები შემტევი ფეხბურთი პირველად ათამაშა. კატალონიელები ამას არ ელოდნენ, გაოგნებული დარჩნენ და "როსონერის" ღირსეული წინააღმდეგობაც ვერ გაუწიეს.
ეს იყო დიდებული მატჩი, რომელმაც კაპელოს სტატუსი კარდინალურად შეცვალა და სულ მალე ის მადრიდის "რეალმა" მიიწვია. დონ ფაბიომ გამოწვევა მიიღო და მადრიდელებს ქვეყნის ჩემპიონობა მოაგებინა, თუმცა, სეზონის დასრულების შემდეგ თანამდებობა დატოვა. ვერ შეეწყო "რეალის" იმჟამინდელ პრეზიდენტ ლორენცო სანსს, რომელიც შემტევ ფეხბურთს ითხოვდა, მაგრამ კაპელო ამის გაკეთებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებდა, თუ ის 11 ახალ ფეხბურთელს შეიძენდა. აღსანიშნავია, რომ კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ, კაპელომ სოლიდური კომპენსაცია მიიღო. მთლიანობაში, ის ბევრი რამის გამო არ უყვართ, მაგრამ მიზანს მუდამ აღწევს.
მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობის დროს, მან საკუთარ შეგირდებს სექსი აუკრძალა. უკმაყოფილო ბევრი იყო, მაგრამ ფაბიომ სიტუაცია მეცნიერულად ახსნა - "გადაიტანენ. სექსი ენერგიას ითხოვს, ტესტოსტერონსა და აგრესიას აქრობს, ასეთი მოთამაშეები კი არაფერში მჭირდება. ასეთ მდგომარეობაში მხოლოდ მაგიდის ფეხბურთს თუ ითამაშებენ".
"რეალიდან" კაპელო "რომაში" გადავიდა, რომელსაც სერია A მოაგებინა და ორჯერ ვერცხლის მედლები ააღებინა. მანამდე, ფაბიოს იტალიის ჩემპიონობა სულ ორჯერ ჰქონდა მოგებული, უკანასკნელად 1983 წელს. ამას "იუვენტუსი" და "სკუდეტოს" კიდევ ორჯერ მოგება მოჰყვა, რომლებიც კლუბს გარიგებული თამაშების გამო ჩამოართვეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კაპელომ კლუბში მიმდინარე ამბები კარგად იცოდა, მაგრამ გამოძიებამ მისი დანაშაული ვერ დაადასტურა. ამ მომენტისთვის, მწვრთნელმა "რეალთან" ერთად ესპანეთის ჩემპიონობა კიდევ ერთხელ მოიგო, როდესაც "ბარსელონას" ეს ტიტული ბოლო მომენტში გამოგლიჯა. მადრიდში დონ ფაბიომ გუნდიდან გააძევა რონალდო, კასანო, დიდი ხანი წვრთნიდა ბექჰემს, რომელსაც ცხოვრების სტილი შეაცვლევინა და ვარჯიშებზე დაუღალავი შრომა აიძულა. მანამდე, კაპელომ ბექჰემი არცთუ კარგად მოიხსენია - "ბექჰემი? ის მანეკენია? არა, მსგავსი ფეხბურთელი არ გამიგია". მერე მას ბოდიშის მოხდა მოუწია და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მწვრთნელი არასწორი აღმოჩნდა.
კაპელოსთვის ავტორიტეტები არ არსებობენ. თუ ვინმე მას არ ეთანხმება, შეუძლია წავიდეს. ამ მწვრთნელისათვის შეუცვლელი მოთამაშე არავინაა. ამ პრინციპს კაპელო არასდროს ცვლის. 2008 წელს კაპელომ ინგლისის ნაკრები ჩაიბარა და კონტრაქტის მიხედვით იქ 2012 წლამდე უნდა დარჩეს. ამასთან, კაპელომ განაცხადა, რომ ინგლისის ეროვნული გუნდი მისი ბოლო სამუშაო ადგილი იქნება. "ინგლისში ყველაფერი მომწონს, მუშაობის გრაფიკიც და თავად ლონდონიც. ამიტომ, აქ 2012 წლამდე დავრჩები, რის შემდეგაც კარიერას დავასრულებ" - თქვა კაპელომ.
იმ პერიოდისთვის კაპელო 65 წლის იქნება და პრინციპში, გაჩერების დროც დადგება. დაკავდება თავისი სურათებით, რომელიც 30 მილიონ ევროდაა შეფასებული და მშვიდად იცხოვრებს შვეიცარიაში მდებარე საკუთარ ვილაში. თუმცა, იქ დასვენება მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედლით უკეთესი იქნება და ამისათვის, კაპელო და მისი ინგლისი სამხრეთ აფრიკაში ენერგიას არ დაზოგავენ.
ზურა ქსოვრელი







