სულ ცოტაც და რიგით მეორე ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ისტორიის კუთვნილება გახდება. 27 აგვისტო ჩვენთვის ერთგვარად იმედის ბოლო დღე იყო, რამეთუ საქმეში ქართველი ფალავნები – მექი სიმონია და ივერიკო ჯულაყიძე ერთვებოდნენ, აქამდე კი მხოლოდ ძიუდოისტ ტამაზ კირაკოზაშვილის ვერცხლის მედლით ვიწონებდით თავს.
იმედის ბიჭებმა იმედები გაგვიმართლეს. ყოველ შემთხვევაში გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ყულაბაში მინიმუმ ვერცხლის მედალი ჩაჩხრიალდება, თუმცა ოქროც გვეიმედება.
მექი სიმონიამ (76კგ) რიხით დაიწყო და ასევე მივიდა ფინალამდეც. შეჯიბრების სტარტზე მან ტუნისელი აიობ ბარაჯი ადვილად დაამარცხა (4:0), შემდეგ კოლუმბიელ კარლო მენდესსაც იოლად გაუსწორდა (3:1), რომელსაც ჰონდურასელი კარლოს რივეირა-როსალესი მიაყოლა (4:1) და ფინალში გავიდა, სადაც იაპონელ იჯურო იამასაკის დაიპირისპირდება.
ივერიკო ჯულაყიძეს (63 კგ) ოქროს მედლისკენ მიმავალი გზის სტარტზევე მოეცარა ხელი აზერბაიჯანელ თემურ მამადოვთან, თუმცა დამამშვიდებელ ტურნირში გადაერთო, სადაც ჯერ ეგზოტიკური ქვეყნის პალაუს წარმომადგენელს ჯეიმს დუდასკოს აჯობა (4:1), ხოლო შემდეგ სამხრეთ აფრიკელ სტეინ ელბერტს (4:0) და ბრინჯაოს ფინალში ინდოელ ამიტ კუმარს დაეჭიდება.
ფინალური შეხვედრები თბილისის დროით 14:30 წუთზე დაიწყება.
www.geonoc.org.ge