კალათბურთი

0:31 | 23.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

იგორ კოკოშკოვი: “ქომაგები და ნაკრების წევრები ერთ მუშტად შეკრულები სასურველ შედეგს მივაღწევთ”

  ევრო2015-ის შესარჩევი ეტაპი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. ჩვენ ეროვნულ გუნდს დასკვნითი 2 შეხვედრის ჩატარება თბილისში უწევს და ამ მატჩების მოგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები დიდი ალბათობით ზედიზედ მესამედ მოიპოვებს კონტინენტის ჩემპიონატის დასკვნითი ტურნირის საგზურს.

მომქანცველი სამმატჩიანი ტურნეს შემდეგ ჩვენი ნაკრები თბილისში დღეს დილის 5 საათზე ჩამოფრინდა, საღამოს კი სპორტის სასახლეში ვარჯიში ჩაატარა. წვრთნის დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს იგორ კოკოშკოვს გავესაუბრეთ. სერბმა სპეციალისტმა ჯერ საგარეო მატჩები მოკლედ მიმოიხილა, შემდეგ უმთავრეს, მომავალ 2 პაექრობაზე ისაუბრა. 

- ევროკვალიფიკაციის უმთავრესი და გადამწყვეტი მატჩები თბილისში, უნგრეთსა და პორტუგალიის წინააღმდეგ გველის. უშუალოდ ამ შეხვედრებზე საუბრამდე კი კეჩკემეტში, ოვარსა და ნიმბურკში ზედიზედ ჩატარებულ 3 საგარეო პაექრობაზე თქვენი აზრი გვაინტერესებს...

- უკვე რამდენიმე წელიწადია, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეროვნული გუნდის წევრები ყოველთვის კარგად, თავდადებით თამაშობენ და ბოლომდე იბრძვიან. გამონაკლისი არც წინა 3 მატჩი გახლდათ. უნგრეთში მოსაგებად ჩავედით და მიზანთან ახლოსაც ვიყავით. გამარჯვების რეალური შანსი გავუშვით ხელიდან. შეიძლება ითქვას, რომ მადიარებს კი არ მოუგიათ, ჩვენ წავაგეთ. ეს მარცხი ფსიქოლოგიურად ძნელი გადასატანი იყო და ასეთ დროს მდგომარეობიდან გამოსვლაც რთულია.

პორტუგალიას რაც შეეხება, სპეციფიკური გუნდია და გაცილებით ძლიერია, ვიდრე ბევრს ჰგონია და ერთი შეხედვით ჩანს. პირენელებმა ამხანაგური მატჩები კარგად ჩაატარეს, რომელშიც მათი რეალური ძალა გამოჩნდა. საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო მატჩში უნგრეთთან პორტუგალიელებს ტყორცნები არ წაუვიდათ, ჩვენთან დაპირისპირებისას კი ამ მხრივ რადიკალურად საპირისპირო სურათი მივიღეთ. როგორც გითხარით, უნგრეთში ფსიქოლოგიური დარტყმა მივიღეთ და დიდწილად ამიტომაც თავიდანვე სოლიდური სხვაობით ჩამოვრჩით. თუმცა, საქართველოს ნაკრები არასდროს ნებდება, ბოლომდე იბრძვის და ბედნიერი ვარ, მატჩის მსვლელობისას შექმნილი სოლიდური უარყოფითი დეფიციტის საბოლოოდ აღმოფხვრა რომ შევძელით.

ჩეხებთან მატჩს რაც შეეხება, 10 დღე გზაში ვიყავით და გადაღლამ თავისი დაღი დაასვა ჩვენ თამაშს. მასპინძლები უფრო ცოცხლად გამოიყურებოდნენ და ჩანდა, მეტი ძალა და ენერგია რომ ჰქონდათ. ამის მიუხედავად ნიმბურკშიც ვიბრძოლეთ, ორთაბრძოლის ჩარხის შემობრუნებაც ვცადეთ, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ მოხერხდა. აქვე ერთ ნიუანსსაც მსურს გავუსვა ხაზი. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია თბილისში ჩამოსული ნებისმიერი ნაკრების კარგი მასპინძელია და სტუმრებს მეტად კომფორტულ სასტუმრო “თბილისი მარიოტში” აბინავებს. ჩეხებმა კი ძველ, საბჭოთა ეპოქის დროინდელ სასტუმროში მიგვიჩინეს ბინა და ბიჭებს ამანაც გარკვეული სახის უხერხულობა შეუქმნა.

- ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად გადამწყვეტი ორთაბრძოლები თბილისში უნგრეთსა და პორტუგალიასთან გვექნება. როგორი განწყობით ხვდებით ამ მატჩებს?

- ჩემთვის უმთავრესი შეხვედრა ყოველთვის მომდევნო თამაშია, ამიტომაც ახლა მხოლოდ უნგრეთთან დაპირისპირებაზე ვფიქრობთ და ვემზადებით. მადიარების ნაკრები კარგად მყავს შესწავლილი. მათ ათლეტური, კარგად შეთამაშებული გუნდი ჰყავთ. დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და აუცილებლად უნდა მოვიგოთ. როგორც ყოველთვის ბიჭები თავდადებით, ბოლომდე იბრძოლებენ და გულშემატკივრების გახარებას ყოველმხრივ შევეცდებით. ემოციური, დაძაბული თამაშის მოლოდინში ვარ. უმთავრესია, ბიჭებმა ენერგია სრულად აღიდგინონ. დარწმუნებული ვარ, ამას მოვახერხებთ და ქართველ გულშემატკივარს შინ გახარებულს გავისტუმრებთ. საერთოდ, ჩვენ ქომაგებისთვის ვთამაშობთ, მითუმეტეს, ისინი საყვარელი გუნდის მოგებას იმსახურებენ.

პორტუგალიას რაც შეეხება, მასთანაც მხოლოდ გამარჯვებისთვის გავალთ მოედანზე. როგორც უნგრელებს, პირენელებსაც კარგად ვიცნობ. ურიგო გუნდი არაა, მწვრთნელიც კარგი ჰყავს, მაგრამ ჩვენ მაყურებელი უნდა გავახაროთ.

- უნგრელთა ლიდერმა ვოივოდამ პორტუგალიას პირველ მატჩში 20 ქულა ჩაუგდო, ამდენივე მოიპოვა ჩვენთანაც, ჩეხებთან კი სულაც 25 ქულას მოუყარა თავი. მის გასანეიტრალებლად ლევან ფაცაცია იზრუნებს?

- ვოივოდას კარგად ვიცნობ. “შოლნოკის” შემადგენლობაში მას არაერთხელ უთამაშია სერბული კლუბების წინააღმდეგ. ვოივოდა უნგრელთა ლიდერია და მისი განეიტრალება გვმართებს. ფაცაცია პერსონალური მეურვეობის სპეციალისტია, თუმცა, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, ვოივოდას მას მივუჩენ თუ რომელიმე სხვა კალათბურთელს.

- ბოლო 2 მატჩი გიორგი ცინცაძემ სრულად ჩაატარა. პორტუგალიაში მან 45, ჩეხეთში კი 40 წუთი გაატარა მოედანზე. ჩვენი ძირითადი გამთამაშებელი ზედმეტად გადაღლილი ხომ არაა? აქვე დუდა სანაძეზეც გკითხავთ. ნიმბურკში მან მხოლოდ 4 წუთი ითამაშა...

- ცინცაძე ჩვენი გუნდია მამოძრავებელი ძალა, შეიძლება ითქვას, ძრავაა. “ბუს” საუკეთესო პერიოდი უდგას. მას ზურგს გამოცდილება უმაგრებს, ამასთან კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში მაღალ დონეზე იასპარეზებს. ჩვენ მისი გვწამს. ცინცაძე საქართველოში საუკეთესო გამთამაშებელია. უნგრეთთან, როგორც მოგახსენეთ, ემოციური თამაში იქნება, გიორგი 40 წუთის განმავლობაში ნამდვილად არ იასპარეზებს. ბექა წივწივაძე და ოთო ფხაკაძე მის შესაცვლელად მზად იქნებიან.

სანაძეს რაც შეეხება, ჩეხეთში ინსტიქტურად ვიგრძენი, ასე რომ უნდა მოვქცეულიყავი. ამასთან ხომ გახსოვთ, პირველ პერიოდში რა კარგად ითამაშა ვიკა სანიკიძემ. კარგად გამოიყურებოდა ფაცაციაც. ამასთან, მეტი სათამაშო დრო მივეცი ბესო ლეჟავას. შეიძლება ითქვას, აქცენტი ამ შემთხვევაში უფრო მასზე გავაკეთე. დუდამ კი წლეულს ძალიან უმატა, მისი შესაძლებლობების მწამს და დარწმუნებული ვარ, კიდევ 10 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრების წევრი იქნება.

- წინასწარი ვარაუდით, გიორგი შერმადინს საკვალიფიკაციო ეტაპის 2 დასკვნითი მატჩი უნდა ეთამაშა, თუმცა, დღეს მას არ უვარჯიშია...

- სამწუხაროდ გიორგი ვერ ითამაშებს. ამის გამო იგი გულდაწყვეტილია, მაგრამ რა გაეწყობა... საერთოდ, ბიჭებმა მომქანცველი სეზონი ჩაატარეს და ბევრი მათგანი ტრავმამოუშუშებელი თამაშობს. ისინი ტკივილს უჩუმრად, წუწუნის გარეშე ძლევენ და ქართველი გულშემატკივრების გახარებას ცდილობენ.

- ჩვენი ვებგვერდის საშუალებით შეგიძლიათ ქართველ გულშემატკივარს მიმართოთ...

- ყოველთვის ვამბობ, რომ საკალათბურთო გუნდი ერთი ოჯახია. ხანდახან ოჯახში გარკვეული სახის სირთულეები იჩენს თავს, მაგრამ ყოველთვის ერთად ვართ, ერთმანეთს გვერდით ვუდგავართ და ვეხმარებით. ჩვენი ბიჭები საქართველოში კალათბურთის შემდგომ გასავითარებლად დიდ საქმეს აკეთებენ, კალათბურთის ფედერაცია კი მათ საუკეთესო თვისებების გამოვლენაში ხელს ყოველმხრივ უწყობს. ერთგულ ქომაგებს რაც შეეხება, მათ სიყვარულს და მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ. იმედია, გულშემატკივრები უნგრეთსა და პორტუგალიასთან მატჩების დროსაც შეავსებენ სპორტის სასახლის ტრიბუნებს და როგორც უწინდელ შეხვედრებში, აქტიური მხარდაჭერა ამჯერადაც გვექნება. კალათბურთში ბევრი რამის წინასწარ განჭვრეტა ძნელია, მაგრამ როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, გვწამს, ერთგული ქომაგები და საქართველოს ნაკრების წევრები ერთ მუშტად შეკრულები სასურველ შედეგს მივაღწევთ - ერთი დიდი საკალათბურთო ოჯახის წევრები ყოველთვის ერთად ვიქნებით. ჩემი მხრიდან, გარანტიას ვიძლევი, ბიჭები მოსაგებად და გულშემატკივრების გასახარებლად არაფერს დაიშურებენ.

0.11665