ინტერვიუები

10:20 | 11.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

იგლი ტარე: “ლაციო” არ გავარდება"

რომაული “ლაციოს” ალბანელ სპორტულ დირექტორ იგლი ტარეს მეტად საინტერესო საფეხბურთო ბიოგრაფია აქვს. ყოფილი ფორვარდი, 1994-2008 წლებში წარმატებით იცავდა გერმანული და იტალიური გუნდების ღირსებას (ალბანეთის ნაკრებში გამოსვლისას ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის კარიც დაულაშქრავს), ბოლო 3 წელი “ლაციოში” გაატარა, შემდეგ კი დედაქალაქური კლუბის სპორტული დირექტორი გახდა. ამჟამად რომაელებს სახარბიელო მდგომარეობა ნამდვილად არ აქვთ და როგორ ესახება ტარეს მძიმე მდგომარეობიდან თავის დაღწევა, ბალკანელისა და აპენინელი ჟურნალისტის დიალოგიდან შეიტყობთ.
- “ლაციალეს” გულშემატკივრები უკვე სერიოზულად წუხან, ჩვენი საყვარელი გუნდი სერია B-ში ხომ არ გავარდებაო...
- კარგად მესმის გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობის სირთულე, მას კრიტიკულსაც კი ვუწოდებდი, მაგრამ ღრმად მწამს, “ლაციო” დაბალ დივიზიონში არ დაქვეითდება. ამის თავიდან ასაცილებლად კლუბის უკლებლივ ყველა წევრს მაქსიმალური ძალისხმევა დაგვჭირდება და საამისოდ ყველანი მზად ვართ.  
- “ლაციომ” ბოლოხანს რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა, მათგან კი მხოლოდ ფლოკარიმ გაამართლა...
- ჯერჯერობით დასკვნების გაკეთების დრო არ დამდგარა. ნებისმიერ მოთამაშეს დრო უნდა მივცეთ გუნდში სრულფასოვნად ინტეგრაციისთვის. ჩემი აზრით, გასულ ზამთარს შესანიშნავი სატრანსფერო პოლიტიკა გავატარეთ. ჩვენს მიერ შეძენილ ნებისმიერ ფეხბურთელს საკმარისი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. ბიავა ძალიან საიმედო მოთამაშეა, დიაში ბოლო 2 წლის განმავლობაში ბრაზილიის საუკეთესო მცველი ხდებოდა, ჰიცლშპერგერი გერმანიის ნაკრების წევრია. დარწმუნებული ვარ, მალე ისინი “ლაციოს” ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები გახდებიან.
- ჰიცლშპერგერი რომში დარჩება?
- ამაზე გადაჭრით საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. მხოლოდ ჩვენზე რომ იყოს დამოკიდებული, ჰიცლშპერგერი მომავალი სეზონის წინ “ლაციოს” განაცხადში იქნება შეყვანილი.
- გულშემატკივრები ელიან ახალგაზრდა ლიტველი მცველის აურიმას ვილკაიტისის დებიუტს...
- 17 წლის ბალტიისპირელი ჯერ “ლაციოს” საკუთრება არაა, ფიფაში დოკუმენტები წარვადგინეთ და მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან დასტურს ველით. ვილკაიტისი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, წინააღმდეგ შემთხვევაში მას “ლაციოში” არ ავიყვანდით. იმედია, მას მალე ცისფერი მაისურით მოასპარეზეს ვიხილავთ.
- პრესაში რამდენიმე წინააღმდეგობრივი რამ დაიწერა თქვენს შესახებ. ჟურნალისტების ნაწილი ამტკიცებს მომდევნო სეზონსაც რომში რომ გაატარებთ, ზოგიერთნი კი გვაჯერებენ, “ბრეშას” სპორტული დირექტორი გახდებაო.
- ეს მეორეხარისხოვანი საკითხია. ამჟამად “ლაციოსთან” კონტრაქტი მაკავშირებს და გუნდის რთული მდგომარეობიდან დაღწევაა ჩემი საზრუნავ-საფიქრალი. დანარჩენზე კი სეზონის დასრულების შემდეგ ვისაუბროთ.

მოამზადა გოჩა კაჭარავამ

 
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090352