ფეხბურთი

22:21 | 18.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

იდეალი

1982 წლის 22 აპრილი, როტერდამი, "ფეიენოორდი"-"დინამო". საშინაო 3:0-ის მიუხედავად, ჰოლანდიაში "დაცხა", ავსტრიელი მსაჯიც თეთრ-წითელ მაისურებშია და ყველანაირად ეხმარება მასპინძლებს. საჯარიმოს გარეთ, მარცხენა ფლანგზე იღებს ბურთს ულვაშიანი რაინდი და ეგრევე საოცარი პასით რამაზ შენგელიას ტოვებს პირისპირ. დარტყმა, გოლია! სუფთა გოლია, თუმცა მსაჯი არ თვლის.

ის პასი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ნიმუშად გამოდგება და დღეს, როცა ჩვენ გაოცებას ვართ ჩავისა თუ ინიესტას დახატული გადაცემებისგან, ქართველებს გვყავდა ფეხბურთელი, რომელიც საიდანღაც პოულობდა ადრესატს - ალბათ, მხოლოდ თავად იცოდა, საიდან.

როგორ არ უნდა გიყვარდეს ფეხბურთი, ასეთი გოლი რომ გააუქმო - ეს გავიფიქრე, როცა პირველად ვნახე ყიფოს პასი და შენგელიას გატანილი.

და რამდენი ასეთი? ის იყო ფეხბურთელი, რომელიც არასოდეს არ წვალობდა, გულშემატკივარს მისი თამაშის ყურებისგან თვალები არასოდეს დაღლია. ის მეტოქეებს აწვალებდა და ღლიდა, ზოგჯერ წვივებჩალურჯებულსა და მუჯლუგუნებით გამწარებულს დასაცინი ტრიუკებიც ჩაუტარებია მოწინააღმდეგისთვის.

ის განათლებული პიროვნება იყო, მაგრამ არა მხოლოდ ისეთი ერთფეროვნად განათლებული, დიპლომი რომ ყოველი შემთხვევისთვის უგდიათ სახლში თაროზე შემოდებული. მინდორზე მის ყოველ მოქმედებაში ინტელექტი იგრძნობოდა.

ის მინდორზე იყო მწვრთნელი და ანალიტიკურად მოაზროვნე. აბა, გადავხედოთ, განა ბევრი ფეხბურთელი ყოფილა საბჭოთა კავშირში ისეთი, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატზე არ უთამაშია და მაინც დიდებად ითვლებოდნენ? ყიფო დიდი იყო და დღესაც კი, როცა რუსულ გაზეთებში ძველი ფეხბურთელები მაგალითებად დაუსახელებიათ, ანუ ისინი რომელთა გამო ხალხი სტადიონზე დადიოდა, იმ სიაში ყოველთვის იყო დავით ყიფიანი.

საკმარისია, მისი ფეხბურთელობის დროინდელი ინტერვიუები წაიკითხოთ, რომ მაშინვე მიხვდებით: ყიფო არასოდეს იმართლებდა თავს, არ გადასწვდებოდა მსაჯს, ამინდს, "ის ბურთი რომ გაგვეტანა"-ს, "ის რომ არ გაეტანათ"-ს და ასეთებს.

მისი ერთ-ერთი საინტერესო ფრაზა: "ვისაც ფეხბურთის თამაში სურდა, ითამაშა. ტყუილუბრალოდ ნურავინ ნურაფერს ნუ დააბრალებს".     

ყიფო ბევრი ქართველი გულშემატკივრისთვის იდეალი იყო. ბევრი წყენა შეხვედრია, თავადაც უწყენინებია (არ არსებობს მწვრთნელი, ვის მიმართაც ყველა კმაყოფილი იქნება), მაგრამ უნდა აღინიშნოს - მაშინ, როცა ჯერ კიდევ ილუზიებში ვცხოვრობდით და ინგლისთან 0:2 წაგება სამარცხვინო გვეგონა, ბევრი ვერ იფიქრებდა, რომ გავიდოდა დრო და კვიპროსი თუ ლიტვა ჯგუფში წინ გავიდოდნენ.

ყიფიან-ფეხბურთელს უფრო ხშირად გაიხსენებენ, ვიდრე ყიფიან-მწვრთნელს და ეს სხვაგვარად არც შეიძლება იყოს. ის დიდ გუნდში თამაშობდა, ხოლო  დიდი გუნდი არ გაუწვრთნია. და თუ გახსენებაა, გავიხსენოთ, რომ იაროსლავის "შინიკით" "ვალენსიას" ებრძოლა, ყმაწვილებით დაკომპლექტებული თბილისის "დინამო" მოსკოვში ჩაიყვანა და იქაურ "ტორპედოს" ყინვაში პირწმინდად მოუგო, დამოუკიდებლობის ისტორიაში ქუთაისის "ტორპედოს" საუკეთესო წლებიც სწორედ ყიფოს მწვრთნელობას უკავშირდება.  

დღეს დავით ყიფიანი 62 წლის გახდებოდა. ნახევარ საუკუნესაც ვერ იცოცხლა - 2001 წლის 17 სექტემბერს დიდი პიროვნება დაკარგა საქართველომ.

მხოლოდ იმას ვნატრობთ, ახალი ყიფიანი შემოიჭრებოდეს ქართულ ფეხბურთში და ამ ნატვრაში გადის წლები.

0.177512