ფეხბურთი

19:42 | 28.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“იბერიამ” იბრძოლა, მაგრამ მესამეზე “ბარსელონაა”

 

კვირას თბილისის სპორტის სასახლეში უეფას ფუტსალის თასის გათამაშების გადამწყვეტი მატჩები იმართება. პირველები მოედანზე მესამე ადგილის მაძიებლები – საქართველოს “იბერია სტარი” და თასის შარშანდელი მფლობელი კატალონიური “ბარსელონა” გავიდნენ.

სტუმართათვის, ცხდია, პირველი ადგილის გარდა სხვა ნებისმიერი შედეგი ჩავარდნის ტოლფასია, ამიტომ მათ თამაშში ის მუხტი არ იგრძნობოდა, რაც პირველ მატჩში “ქაირათის” წინააღმდეგ ვიხილეთ. ეგ არის, კლასში დიდი სხვაობა იყო და ესპანელ-კატალონიელები ბურთს მასპინძლურად აგორებდნენ. პირველ ტაიმში სახიფათო მომენტები ბევრი არ ყოფილა. ლოსანოსა და აიკარდოს გოლებს მასპინძლებმა ფაბინიოს ერთით უპასუხეს.

დაიწყო თუ არ მეორე ნახევარი, იმავ წამს “ბარსამ” მესამე შეაგდო, უფრო სწორად, აუგუსტომ გაიტანა საკუთარ კარში. მერე კარგად თამაშობდა ქართველთა მეკარე სელიო. ერთი ხანი იბერიელები მეტად გააქტიურდნენ, ორჯერ ხარიხასაც კი მოარტყეს ბურთი, მაგრამ გამოცდილებამ თავისი ქნა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლოზანო დაასახელეს.

შეხვედრას ბევრი ცნობილი სტუმარი დაესწრო. მათ შორის, რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი ნიკოლაი ტოლსტიხი (რომელიც საგანგებოდ ამ მატჩისთვის ჩამოვიდა თბილისში), სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი, სფფ-ის ვიცეპრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე, გენერალური მდივანი რევაზ არველაძე და “ალანიას” სპორტული დირექტორი ვლადიმერ გუცაევი.

 

პრესკონფერენცია

 

 მარკ კარმონა (“ბარსელონას” მწვრთნელი): “მინდა ჩემს ფეხბურთელებს გამარჯვება მივულოცო. საკმაოდ სერიოზული მეტოქე გვყავდა და სასიხარულოა, რომ მოვიგეთ. ისე კი, გუშინწინელი წაგების შემდეგ იმედგაცრუებულნი ვართ. თუ ასე გავაგრძელეთ, არაფერი გამოვა. დიდი პრობლემები გვაქვს გუნდში და ბევრი უნდა ვიმუშავოთ. გაისად ვეცდებით ისევ ფინალამდე მივიდეთ და გავიმარჯვოთ.”

იგორი (“ბარსელონას” ფეხბურთელი): “ძალიან მოწყენილი ვართ. გასამარჯვებლად ჩამოვედით, მაგრამ დავმარცხდით. მეტი მუშაობა გვმართებს საკუთარ თავზე. “იბერია სტართან” კი იოლი თამაში არ ყოფილა, მაგარამ მოვიგეთ.”

ალექსანდრ სარქისიანი (“იბერია სტარის” მწვრთნელი): “ბიჭების მონდომებით კმაყოფილი ვარ. ორ გრანდს შევხვდით და დიდი გამოცდილება მივიღეთ. მიმაჩნია, რომ “ბარსა” და “დინამო” მსოფლიოს საუკეთესო გუნდებია. ამ ეტაპზე, ალბათ, ეს ჩვენი მაქსიმუმი იყო.”

გიორგი ალთუნაშვილი (“იბერია სტარის” ფეხბურთელი): “ორი წაგების მიუხედავად, ჩვენს გამოსვლას დადებითად შევაფასებდი. მწვრთნელს მხოლოდ 10 დღე ჰქონდა გუნდის მოსამზადებლად და ესეც გასათვალისწინებელია. რომელიმე სინჯის მედალი გვინდოდა, მაგრამ ვერ მოვიპივეთ.”

 

იბერია სტარი (საქართველო) – ბარსელონა (ესპანეთი) 1:4 (1:2)

28 აპრილი. თბილისი. სპორტის სასახლე.

იბერია სტარი: სელიო, რაფა, აუგუსტო, პერიჩი, ფაბინიო

სათადარიგოები: აკოპოვი, ძაბირაძე, ფუსტე, ალთუნაშვილი, რიბეირო, კუმანო

მწვრთნელი: ალექსანდრ სარქისიანი

ბარსელონა: კრისტიანი, გაბრიელი, ლოზანო, იგორი, ვილდე

სათადარიგოები: პაკო სედანო, აიკარდო, ტორასი, ფერნანდაო, ლინი, ტორლა, ერიკი

მწვრთნელი: კარმონა სერა

გოლები: 0:1 ლოსანო (2), 0:2 აიკარდო (7), 1:2 ფაბინიო (13), 1:3 აუგუსტო (ს.კ. 21), 1:4 ლოსანო (29)

გაფრთხილება: ფაბინიო (23)

მსაჯი: ონდრეი ჩერნი (ჩეხეთი)

 


0.335621