დღეს ნიონში გაიმართა უეფას ფუტსალის თასის ძირითადი ჯგუფური ეტაპის წილისყრა. თბილისის “იბერია სტარის” მეტოქეები იქნებიან უნგრული “დიორ ეტო”, ასევე D და E საკვალიფიკაციო ჯგუფების გამარჯვებულები.
D საკვალიფიკაციო ჯგუფი: ბენ გურიონი (ისრაელი), ტანგო სარაევო (ბოსნია), ვრექსჰემი (უელსი).
E საკვალიფიკაციო ჯგუფი: ჟელეზარეცი (მაკედონია), გრანდ პრო ვარნა (ბულგარეთი), შაუმიანი (სომხეთი), ენკამპი (ანდორა).
ჩვენი ჯგუფის მატჩები უნგრეთში 1-6 ოქტომბერს გაიმართება. თითო ჯგუფიდან 2 გუნდი გავა ელიტ-რაუნდში, რომლის მატჩები 19-24 ნოემბერს გაიმართება.
ეს გასაგებია, მაგრამ სრულიად გაუგებარია “იბერია სტარის” ბედი. ჯერ ვერავინ მოიძებნა, ვინც დააფინანსებს ამ კლუბს, რომელმაც ოთხთა ფინალს უმასპინძლა და ევროპის ერთ-ერთ წამყვან გუნდად მიიჩნევა.
გუნდი არ შეკრებილა, ფეხბურთელები გაშვებულნი არიან და ვინ ითამაშებს – ამ კითხვაზე პასუხი დღესდღეობით არ არსებობს.