ფეხბურთი

23:28 | 4.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“იბერია სტარი” ელიტ-რაუნდს მიღმა დარჩა

საქართველოს ჩემპიონმა “იბერია სტარმა” ფუტსალის უეფა-ს თასის ძირითადი რაუნდის დაძლევა ვერ მოახერხა. ქართველ სპორტსმენებს მე-2 ჯგუფის მასპინძელ “დიორ ეტოსთან” დასკვნით შეხვედრაში ხელს ფრეც აძლევდათ, თუმცა, 1:3 დამარცხდნენ და ასპარეზობა მე-3 პოზიციაზე დაასრულეს, ელიტ-რაუნდის საგზურისთვის კი მოწინავე ორ გუნდს შორის მოხვედრა იყო საჭირო.

ბოლო ტურის საწყის მატჩში ბოსნიურმა “სარაევომ” ჯგუფის აუტსაიდერი ბულგარული “ვარნა” 8:4 გაანადგურა და ცნობილი გახდა, რომ “იბერია სტარს” უნგრელებთან მატჩში დამარცხების უფლება აღარ ჰქონდა.

საქართველოს წარმომადგენელი “დიორ ეტოსთან” მატჩის მე-2 ტაიმში 30-ე წუთზე ირაკლი თოდუამ დააწინაურა, რასაც ალექსანდრე ძაბირაძის ავტოგოლი მოჰყვა, დარჩენილ დროში კი ლოდიმ და ბრაზილიელმა ფაბიო აგუიარმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს – 3:1.

სათქმელია, რომ უნგრეთის ჩემპიონს მატჩის განმავლობაში დიდი უპირატესობა ჰქონდა და ეს სტატისტიკაშიც კარგად აისახა. მასპინძლებმა იბერიელთა კარის მიმართულებით 50-ჯერ დაარტყეს, სტუმართა ანალოგიური მაჩვენებელი კი 16 გახლდათ.

შედეგად, დიორელებმა 9 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, “სარაევომ” და “იბერია სტარმა” კი 4-4 ქულა მოაგროვეს, თუმცა, ბოსნია-ჰერცეგოვინის წარმომადგენელს ბურთების უკეთესი სხვაობა აღმოაჩნდა და მომდევნო რაუნდის საგზურიც მოიპოვა.

რაც შეეხება “იბერია სტარს”, ამ გუნდისადმი მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. იმ მოვლენების შემდეგ, რაც საქართველოს მოქმედი ჩემპიონს თავს გადახდა, კლუბმა კიდევ კარგი შედეგი აჩვენა და ელიტ-რაუნდში გასვლის შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა. და ერთიც. “იბერია სტარის” ინიციატივით უნგრულ დარბაზში ბანერი იყო გამოკრული, სადაც შემდეგი ეწერა – “დვანი და დიცი საქართველოა”...

0.117619