აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-20 ტურში თავი ბაქოს “ინტერის” შემტევმა ნახევარმცველმა ალექსანდრე იაშვილმა გამოიჩინა.
“ინტერმა” სტუმრად “რევანი” 2:1 დაამარცხა და იაშვილმა ანგარიში მე-16 წუთზე გახსნა. “რევანმა” თანაფარდობა 58-ე წუთზე აღადგინა, ხოლო კახა ცხადაძის შეგირდებმა გადამწყვეტი გოლი მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებზე პენალტიდან გაიტანეს. აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში 36 წლის იაშვილმა 19 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
იაშვილის გარდა, “ინტერში” თავიდან ბოლომდე ლაშა სალუქვაძემ ითამაშა. გიორგი ლომაია თადარიგში იყო, ბაჩანა ცხადაძე კი, 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა. “ინტერს” 30 ქულა აქვს და 10 გუნდში მეოთხეა.
სტუმრად მოიგო აგდამის “ყარაბაღმა”, სადაც ნიკა გელაშვილი და ჯაბა დვალი ასპარეზობენ. აგდამელებმა ლიდერი “გაბალა” 1:0 დაამარცხეს. დვალი მოედანზე მეორე ტაიმის შუაწელში გამოჩნდა, ხოლო გელაშვილი ტრავმირებულია და არ უთამაშია. “ყარაბაღი” 35 ქულით მესამეა.
აზალ-მა, რომელსაც ზამთარში თბილისის “ვიტ ჯორჯიადან” ლაშა კასრაძე დაემატა, გასვლაზე “სუმგაითთან” 2:2 ითამაშა. კასრაძემ პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა. აზალ-ი 24 ქულით მე-8 პოზიციაზეა.