საქართველოსა და გერმანიის მოქალაქემ, 20 წლის ნახევარმცველმა ლუკას ჰუფნაგელმა გერმანიის მესამე ბუნდესლიგაში პირველი გოლი გაიტანა. “უნტერჰახინგმა” შინ 3:0 სძლია “ოსნაბრიუკს” და ჰუფნაგელმა 83-ე წუთზე მიითვალა გოლი, რითაც ანგარიში 2:0 გახადა. მან რამდენიმე მცველის გარემოცვაში მაინც მოახერხა დარტყმა და ბურთი კუთხეში გავიდა. ლუკამ მანამდე ყვითელი ბარათიც მიიღო.
“უნტერჰახინგს” გერმანიის ნაკრების ყოფილი მარცხენაფლანგელი, 1996 წლის ევროპის ჩემპიონი კრისტიან ციგე წვრთნის. ამ გუნდში მარიო გიოტცესა და მათს ჰუმელსის ძმებიც თამაშობენ. “უნტერჰახინს” ეს მოგება ჰაერივით სჭირდებოდა – ბოლოდან მეოთხე ადგილზე გადავიდა, ლიგიდან კი 3 გუნდი ვარდება.
შეგახსენებთ, ჰუფნაგელს საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში აქვს ნათამაშები.