ფეხბურთი

15:55 | 24.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

გუსტავო: “იბერია სტართან” ძალიან რთულ თამაშს ველით”

უეფას ფუტსალის თასის ნახევარფინალურ მატჩში “იბერია სტარის” წინააღმდეგ, მოსკოვის “დინამოს” პირველი მეკარე გუსტავო არ ითამაშებს. რუსეთის ნაკრების წევრმა ელიტ-რაუნდის დასკვნით თამაშში “მურსიასთან” (4:2) წითელი ბარათი მიიღო და თბილისური “ოთხთა ფინალის” პირველ დაპირისპირებას ამიტომ გამოტოვებს. ის თანაგუნდელებს მხოლოდ კვირას დაეხმარება - ან ფინალში, ან კიდევ მე-3 ადგილისთვის მატჩში. უეფას ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში გუსტავომ აღნიშნა, რომ “იბერია სტართან” ძალიან რთულ თამაშს ელის.

- რა არის “დინამოს” მთავარი კოზირები?

- ძალიან ძლიერი შემადგენლობა გვყავს, რომელშიც 15-16 ღირსეული მოთამაშეა. თითოეულმა მათგანმა გამოცდილება ან “დინამოში” მიიღო, ან ნაკრებში. ამიტომ, ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს.

- რამდენად ადვილია თქვენთვის რუსეთის ჩემპიონატის 50-წუთიანი მატჩებიდან საერთაშორისო ტურნირების 40-წუთიან თამაშებზე გადართვა?

- ეს ხომ კარგია. ჩვენ ხომ 50-წუთიანი მატჩებისთვის ვემზადებით და როდესაც 40 წუთი ვთამაშობთ, ძალა კიდევ გვრჩება. ზოგჯერ ეს დრო არ გვყოფნის, რომ ბოლომდე დავიხარჯოთ.

- რამდენად ძლიერია “დინამოში” ბრაზილიური გავლენა?

- ჩვენი გუნდი სანახევროდ რუსულია, სანახევროდ - ბრაზილიური. კარგი შერწყმაა. ყველა ძალიან გამოცდილია და ბრაზილიელებად და რუსებად არ ვიყოფით - ჩვენ “დინამო” ვართ. როდესაც ეს შერწყმა “ადუღდება”, გუნდი ძალიან მძლავრი ხდება.

- რა იცით ნახევარფინალში თქვენს მეტოქე “იბერია სტარის” შესახებ?

- კარგი გუნდია. ცოტა ხნის წინ “იბერია სტარმა” მოსკოვში ამხანაგური მატჩი ჩაატარა და მის შესახებ გარკვეული ინფორმაცია გვაქვს. მზად ვართ და ძალიან რთულ თამაშს ველით.

- 2012 წლის უეფას ფუტსალის თასის ფინალში “ბარსელონამ” “დინამო” დაამარცხა. რამდენად რეალურია ამ გუნდთან რევანშის აღება?

- თავდაპირველად ნახევარფინალზე უნდა ვიფიქროთ. რაც შეეხება “ბარსელონას”, ის ძალიან რთული მეტოქეა. არ ვიცი, შევხვდებით თუ არა “ბარსას”, რომელიც მართლაც მაღალი კლასის გუნდია, ისევე, როგორც “ქაირათი”. ფინალური ტურნირის ყველა მონაწილე ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს და ამიტომ, პირველ ყოვლისა ფინალში უნდა გავიდეთ, სადაც გამოჩნდება, ვის შევხვდებით.

 

 

თეგებიფუტსალი
0.123274