ნამდვილი საფეხბურთო ომი გაიმართა ლანჩხუთში ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ლანჩხუთის “გურიასა” და ფოთის “კოლხეთს” შორის. თავად განსაჯეთ, მთავარმა მსაჯმა თემურ ხუჭუამ 8 ყვითელი ბარათი და ერთი წითელი უჩვენა ფეხბურთელებს, ამასთანავე, “კოლხეთის” მთავარი მწვრთნელი ინაშვილიც გააძევა მოედნიდან.
“გურიას” მიმდინარე ჩემპიონატში ამ მატჩამდე გამარჯვება არ მოუპოვებია, ის კი არა დღევანდელ თამაშამდე გურულებს გოლიც კი არ ჰქონდათ გატანილი, აქიდან გამომდინარე მათი მოტივაცია და მონდომება თავიდანვე საბრძოლო იყო. “კოლხეთი” ძირითადი შემადგენლობის ოთხი ფეხბურთელის გარეშე შეხვდა ამ მატჩს, სხვადასხვა მიზეზების გამო კოლხებს გუგუჩია, ფარულავა, ცხვიტარია და იბრაჰიმი ვერ დაეხმარნენ.
მატჩი სულ ორიოდე წუთის დაწყებული იყო როცა საბა ლომია სტუმართა გუნდის კარს დაემუქრა, მეკარემ პირველ ეპიზოდში კი ივარგა, თუმცა კილაძის დარტყმა ვერ მოიგერია და “გურია” დაწინაურდა.
პირველი გოლის გატანის შემდეგ ორი წუთიც არ იყო გასული, როცა ძაგანიას ისევ მოუწია საკუთარი კარიდან ბურთის გამოტანა, ამჯერად საბა ლომიამ თვითონ გაიტანა და ანგარიში 2:0 გახადა.
მატჩის დასაწყისი ისეთი იყო, სტადიონზე უხვად მოსული გულშემატკივარი გურულების დიდი ანგარიშით გამარჯვებას ვარაუდობდა, თუმცა “კოლხეთის” სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ გაშვებული მეორე გოლის შემდეგ გუნდმა თამაში დაალაგა და ბევრი სახიფათო ეპიზოდიც შექმნა მეტოქის კართან.
პირველი ხიფათი დათა სიჭინავას ჩაწოდებას მოჰყვა, მასპინძელთა მეკარე შეცდა გამოსვლაზე, მაგრამ მცველებმა ითამაშეს კარგად.
მე-15 წუთზე მაინც გაიტანა “კოლხეთმა”, გიგა ამბროლაძემ თავური დარტყმით მინიმუმამდე შეამცირე სხვაობა.
გაშვებული გოლის შემდეგ თამაში ორმხრივი იერიშებით წარიმართა და საკმაოდ გახსნილი, სახიფათო ეპიზოდებით სავსე თამაში იხილა მაყურებელმა. ჯერ ჯოჯუას კარგი ჩაწოდების შემდეგ კილაძეს ჰქონდა გოლის გატანის შანსი, რასაც “კოლხეთმა” ლემონჯავას კარგი თამაშით უპასუხა, ლემონჯავამ მოწინააღმდეგეს ბურთი აართვა ფლანგზე და კარგად ჩააწოდა, თუმცა ჯიქია ვერ შესწვდა საჯარიმოში ბურთს.
73-ე წუთზე გოგონაიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია, თუმცა კაცნაკლულმა “კოლხეთმა” ანგარიშის გათანაბრება 79-ე წუთზე შესძლო, კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს პირველი თამაზ ჟიშკარიანი შეწვდა და ანგარიში 2:2 გახადა.
უნდა ითქვას, რომ საკმაოდ უხეში თამაში იყო ორივე გუნდის ფეხბურთელების მხრიდან, მთავარ მსაჯს თემურ ხუჭუას აშკარად გაექცა მატჩის სადავეები ხელიდან. არბიტრის მოქმედებით უკმაყოფილო იყვნენ ფოთელები, ყველაზე მეტად ჯიქიაზე თამაშგარე რომ დააფიქსირა მაშინ აღშფოთდა ფოთელი გულშემატკივარი - ჯიქია ამბროლაძის პასით ხელსაყრელ პოზიციაზე გადიოდა, როცა თამაშგარე დაუფიქსირეს. ქომაგების და კლუბის ხელმძღვანელობის განსაკუთრებული აღშფოთების მიზეზი კი მატჩის მიწურულს დანიშნული საჯარიმო აღმოჩნდა, რაც შალამბერიძის კარგი შესრულებით და ლომიას მორიგი გოლით დაგვირგვინდა.
დარჩენილ დროში ორივე გუნდის ფეხბურთელებს შეეძლოთ თავის გამოჩენა, მაგრამ საბოლოოდ, როგორც ავღნიშნეთ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთზე გავიდა გადამწყვეტი გოლი.
ამრიგად შეხვედრა 3:2 დასრულდა მასპინძლების სასარგებლოდ და “გურიამ” პირველი სამი ქულა მოიპოვა.
თემურ ლორია: “ველოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა, 2 გოლის გატანის შემდეგ ცოტა მოვდუნდით და ანგარიშიც გაგვითანაბრეს. საბოლოოდ, ალბათ უფრო მეტად დავიხარჯეთ, უფალიც ჩვენსკენ იყო და გავიმარჯვეთ. ვეცდებით, წარმატებით გავაგრძელოთ.”
ზაზა ინაშვილი: “მატჩი ძალიან ცუდად დავიწყეთ. საწყის წუთებში გავუშვით ორი გოლი, მაგრამ ბიჭებმმა გამოასწორეს თამაში და ანგარიშიც გავათანაბრეთ, მაგრამ მთლიანად თამაშის შედეგზე გავლენა იქონია მთავარი მსაჯის ხუჭუას არაკვალიფიკაციურმა მსაჯობამ. ბოდიშს ვუხდი ყველას, ჩემს საქციელს გამართლება არა აქვს, მაგრამ ჩვენც გვაქვს ნერვები, ჩვენი შრომა იკარგება და ცუდია როცა მსაჯის მოქმედებაზეა დამოკიდებული თამაშის ბედი.”
ლანჩხუთი. 17 სექტემბერი. ე. შევარდნაძის სახელობის სტადიონი. 16:00
“გურია” – “კოლხეთი” 3:2 (2:1)
“გურია”: გოგუაძე, ჟვანია, გოგიაშვილი, მეგრელიშვილი, ჭეიშვილი, კილაძე (კვანტალიანი 86), ჯოჯუა, კოშკაძე (მიქაბერიძე 70), შალამბერიძე, ჯიშკარიანი (კუკუნაძე 76), ლომია.
მთავარი მწვრთნელი: თემურ ლორია
“კოლხეთი”: ძაგანია, კილასონია, ჩადუნელი, თევზაძე (ნევუჩე 79), ლემონჯავა, გოგონაია, ჯიქია, ჟიშკარიანი, ამბროლაძე, კაკულია (ქორჩილავა 55), დ. სიჭინავა (ნ.სიჭინავა 73)).
მთავარი მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი
გოლები: კილაძე 1:0 (2), ლომია 2:0 (4), ამბროლაძე 2:1 (15), ჟიშკარიანი 2:2 (79), ლომია 3:2 (90+2)
გაფრთხილება: გოგონაია (6), ჯიქია (20), ჯიშკარიანი (45), თევზაძე (51), გოგიაშვილი (56), ლემონჯავა (61), მეგრელიშვილი (66), ჟიშკარიანი (79),
გაძევება: გოგონაია (73)
მთავარი მსაჯი: თემურ ხუჭუა.
| 1 | დინამო (თბ) | 5 | 4 | 0 | 1 | 12:5 | 12 |
| 2 | დილა | 5 | 3 | 1 | 1 | 7:1 | 10 |
| 3 | სამტრედია | 5 | 3 | 1 | 1 | 7:5 | 10 |
| 4 | დინამო (ბთ) | 5 | 3 | 0 | 2 | 6:5 | 9 |
| 5 | მეტალურგი | 5 | 2 | 2 | 1 | 6:3 | 8 |
| 6 | ტორპედო | 5 | 2 | 2 | 1 | 5:3 | 8 |
| 7 | ჩიხურა | 5 | 2 | 1 | 2 | 5:5 | 7 |
| 8 | სპარტაკი | 5 | 2 | 1 | 2 | 3:5 | 7 |
| 9 | ზესტაფონი | 5 | 2 | 0 | 3 | 12:7 | 6 |
| 10 | ვიტ ჯორჯია | 5 | 2 | 0 | 3 | 4:3 | 6 |
| 11 | შუქურა | 5 | 1 | 3 | 1 | 4:9 | 6 |
| 12 | სიონი | 5 | 1 | 2 | 2 | 5:7 | 5 |
| 13 | გურია | 5 | 1 | 2 | 2 | 3:10 | 5 |
| 14 | მერანი | 5 | 1 | 1 | 3 | 4:7 | 4 |
| 15 | კოლხეთი | 5 | 1 | 1 | 3 | 4:8 | 4 |
| 16 | ზუგდიდი | 5 | 0 | 3 | 2 | 2:6 | 3 |
მეგოლეები:
3 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი), დავით სირაძე (სიონი), გიორგი ჩელებაძე (შუქურა), ბადრი ტეტუნაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი) ,ირაკლი მოდებაძე (დილა)
2 - მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ჩისკო მუნიოსი, ირაკლი ძარია, ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), ბესიკ ჩიმაკაძე (მერანი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი), საბა ლომია (გურია)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.
ედემი ელერჯია







