პოლონეთში დასასრულს მიუახლოვდა ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელზეც სამი ქართველი ირჯება. გოგონათა ტურნირის მე-11 ტურში სოფო გურამიშვილმა (2298) პოლონელი ანა ვარაკომსკა (2192) შავი ფიგურებით დაამარცხა და 8.0 ქულით მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.
გაცილებით უკან გახლავთ ნანი უნაფქოშვილი (1997), რომელიც თეთრებით ურეიტინგო სამხრეთაფრიკელ ადრიანა ჰოეკს დაუზავდა და 3.5 ქულით 81 მონაწილეს შორის 76-ე საფეხურზე იმყოფება.
მე-12 ტურში გურამიშვილი 9.0 ქულით მე-2 ადგილზე მყოფ რუს ოლგა გირიას (2376) ეთამაშება, უნაფქოშვილი კი კვიპროსელ პეარლ ბრიან-ვისის დაუპირისპირდება.
მსოფლიოს ჩემპიონატის სათავეში სლოვენიელი ანა მუზიჩუკი (2527) იმყოფება, რომელსაც 10.0 ქულა აქვს და ძნელად რომ ვინმე ჩემპიონობას შეეცილოს.
ვაჟთა ტურნირში დავით ლომსაძე (2364) შავი ფიგურებით სლოვაკ მარტინ პაგერკასთან (2215) დამარცხდა და 5.0 ქულით 74-ე ადგილამდე დაქვეითდა.
მომდევნო ტურში ლომსაძის მეტოქე პოლონელი იან ზისკო (2210) იქნება. ტურნირის სათავეში მყოფ რუს დმიტრი ანდრეიკინი (2650) იმყოფება, რომლის აქტივშიც 9.0 ქულაა.
მსოფლიოს პირველობის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი.







