გურამ კაშიას აქამდე ცალსახად არ გამოუთქვამს "ვიტესიდან" წასვლის სურვილი, ამჯერად კი გადაწყვეტილი აქვს. მან განაცხადა, რომ კონკრეტულ კლუბებს ვერ დაასახელებს, თუმცა მისი აგენტი ამ მიმართულებით მუშაობს და დიდი ალბათობით, გურამი ზაფხულში სხვა გუნდში გადავა.
როგორც იცით, "ვიტესს" მომდევნო სეზონში არ ეყოლება მარკო ვან გინკელი და ვილფრიდ ბონი, მწვრთნელიც შეცვლილია და კაშიამ ადრეც თქვა, ძალიან ცუდი იქნება, თუ კიდევ ახალი გუნდის აშენება მოგვიწევსო. არადა, ყოველწლიურად ასე ხდება.
"ძლიერი ჩემპიონატის კლუბებიდანაც მაქვს მოწვევა. და თუ ამბიციური კლუბი იქნება, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში გამოდის, რატომ არ უნდა წავიდე? ყოველთვის უკეთესისკენ მივიწევ. ამასთან, უნდა მოვითმინო. ფორმა უნდა შევინარჩუნო და მოსამზადებელ ეტაპზე სწორედ ამას შევეცდები", - წერს კაშიას სიტყვებს ჰოლანდიური Nusport-ი.