ჭადრაკი

21:27 | 5.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

გუნინა მსოფლიოს ჩემპიონია!

ბლიცში მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული ვალენტინა გუნინა (2530) გახდა, რომელმაც ბათუმში გამართულ ტურნირზე ჩინებული შედეგი აჩვენა. რუსმა მოჭადრაკემ 11 პარტია მოიგო, 4 კი ყაიმით დაასრულა და 15 ტურში თავი 13 ქულას მოუყარა. შედეგად, გუნინამ უახლოეს კონკურენტებს – უკრაინელ ნატალია ჟუკოვასა (2442) და სლოვენიელ ანა მუზიჩუკს (2598) 2.5-2.5 ქულით გაუსწრო.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის გენერალური სპონსორი კომპანია ”სოკარი” გახლდათ, საპრიზო ფონდი კი 41 ათასი დოლარი იყო. აქედან, გუნინამ, რომელიც კლასიკურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონიც გახლავთ, 10 ათასი მიიღო, ჟუკოვას 7 ათასი ერგო, მუზიჩუკს კი – 5 ათასი.
ტურნირში 17 ქართველი მოჭადრაკეც თამაშობდა, რომელთაგან საუკეთესო შედეგი ნანა ძაგნიძემ (2547) აჩვენა. საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა 9.5 ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-6 ადგილზე გავიდა, რისთვისაც 2 ათასი დოლარით დასაჩუქრდა.
9-9 ქულით, შესაბამისად, მე-9, მე-11 და მე-12 ადგილები დაიკავეს მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა მაია ჩიბურდანიძემ (2500), მაია ლომინეიშვილმა (2366) და სალომე მელიამ (2410), მათ გარდა კი მოწინავე ოცეულში ნინო ბაციაშვილი (2436, 8.5 ქულა, მე-14 პოზიცია) და ბელა ხოტენაშვილიც (2500, 8.5, მე-16) მოხვდნენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092626