ბათუმის სასტუმრო “შერატონში” სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატის კვალად, სტარტი აიღო მსოფლიოს პირველობამ ბლიცში, რომლის გენერალური სპონსორიც კომპანია ”სოკარი” გახლავთ. ტურნირი ორ დღეს გრძელდება, პირველ დღეს კი მოჭადრაკეებმა 8 ტური გამართეს და ერთპიროვნული ლიდერიც გამოარკვიეს.
მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულთან ყველაზე ახლოს რუსი ვალენტინა გუნინა (2530) გახლავთ, რომელმაც რვავე პარტიაში იმარჯვა (!) და უახლოეს კონკურენტებს, რომელთა შორის საქართველოს ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძეც (2547) გახლავთ, 2.0 ქულით გაასწრო. ძაგნიძემ 5 პარტია მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, ერთადერთი მარცხი კი სწორედ გუნინასთან განიცადა.
სულ ტურნირში 50 მოჭადრაკე ჩაება, რომელთა შორის 17 ქართველიცაა, დროის კონტროლი კი ასეთია: 4 წუთი თითოეულს, სვლაზე 2 წამის დამატებით. ძაგნიძის გარდა, ათეულში კიდევ ერთი მასპინძელი ნინო ბაციაშვილიც (2436) იმყოფება, რომელიც 5.5 ქულით მეშვიდეა.
5 ივნისს, თამაშები თბილისის დროთ 15:00 საათზე განახლდება და მოჭადრაკეები დარჩენილ შვიდ ტურს ითამაშებენ. შეგახსენებთ იმასაც, რომ ბლიცში მსოფლიოს ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 41 ათასი დოლარია, რომელიც ასე გადანაწილდება: I ადგილი – 10 000, II ადგილი – 7 000, III ადგილი – 5 000, IV ადგილი – 4 000, V ადგილი – 3 000, VI ადგილი – 2 000, VII–X ადგილი – 1 500, XI–XIII ადგილი – 1 000, XIV–XV ადგილი – 500.







