ფეხბურთი

17:58 | 7.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

გუბაზ დოლიძე: “ქართული ფეხბურთის ხსნა ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაშია!”

დღეს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში, მათ შორის, ვასილ მაისურაძის წარმატებულ19-წლამდელებში გუბაზ დოლიძის არაერთი აღზრდილი თამაშობს. გუბაზ დოლიძე ახალგაზრდა კაცია, თუმცა ბავშვების აღზრდაში თუ ვინმეს შეუძლია დაიკვეხოს, ერთ-ერთი ისიცაა. ყოფილი მეკარე დოლიძე მოძრაობა “ჩვენი ფეხბურთის” ერთ-ერთ დამფუძნებელ მიხეილ ყაველაშვილის გუნდის ერთ-ერთი წევრია და ვრცლად ჰყვება იმ პრობლემებსა და თავისებურებებზე, რაც ბავშვთა და მოზარდთა ფეხბურთში ხდება:  

“ქართული ფეხბურთის რეგრესს ბოლო არ უჩანს, რაც ხშირ შემთხვევაში სუბიექტური მიზეზებითაა განპირობებული. ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ დამკვიდრებულ და შემდგომში გამეფებულ კორუფციას ზურგს არაპროფესიონალიზმი, ბიუროკრატია, მერკანტილური ინტერესები და საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულება უმაგრებს. შედეგად,  ქართული ფეხბურთი სულ უფრო და უფრო შორდება თანამედროვე საფეხბურთო ორბიტას, რასაც  ცხადად როგორც კლუბების, ასევე  ეროვნული ნაკრების მდარე ხარისხის თამაში და ადეკვატური შედეგიც მოწმობს. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ესოდენ მწირი რესურსი ქვეყნის მთავარ გუნდს დღემდე არ ჰქონია. თავად განსაჯეთ, ეროვნულ ნაკრებში მოთამაშე ლეგიონერების კლუბთაგან საუკეთესო,  პროვინციული ჰოლანდიური გუნდი „ვიტესია“  და ამად ქომაგს (რომლის რაოდენობა დღითიდღე კლებულობს) არათუ სერიოზული წარმატების, თუნდაც ღირსეული თამაშის იმედიც კი გადაწურული აქვს.

 ქართული ფეხბურთის ესოდენ სავალალო მდგომარეობის ერთ–ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი ბავშვთა ფეხბურთში შევსების კატასტროფული კლებაა. თუკი გასული საუკუნის 90–იანი წლების დასაწყისში საქართველოში ფეხბურთით 45000 ათასი ადამიანი იყო დაკავებული (იგულისხმებიან როგორც მოზარდები, ასევე პროფესიონალი მოთამაშეები), 2012/13 წლების სეზონის მონაცემებით მათი რიცხვი სულ რაღაც 11537 ფეხბურთელს შეადგენდა და თან 12–წლამდელთა რაოდენობა 2834–ს, რაც მოქმედი ქართველი ფეხბურთელების მხოლოდ 24 %–ს შეადგენს. (მარტო 2002–12 წლების პერიოდში საქართველოში ფეხბურთელთა საერთო რაოდენობა თითქმის 30 %–ით შემცირდა). ფეხბურთელთა წვრთნის მეთოდოლოგია დღემდე ჩვენთვის „უცხო ხილად“ რჩება, რაც თანამედროვე საფეხბურთო იდეოლოგიის ჩამოყალიბებას მნიშვნელოვნად აფერხებს.  არადა სწორედ ხსენებული  იდეოლოგიის შექმნისა და პრაქტიკაში მისი დანერგვის შედეგად შვეიცარიამ, ბელგიამ, აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტიუგოსლავურმა ქვეყნებმა როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს. მათ უკვე ბევრმა არასაფეხბურთო ტრადიციების მქონე ქვეყანამაც მიბაძა, რომლებიც რეფორმებს მეთოდურად და წარმატებულად ახორციელებენ.

  ჩვენს მიერ ჩატარებულმა კვლევამ ბავშვთა ფეხბურთის კატასტროფული მდგომარეობის რამდენიმე სერიოზული პრობლემა წარმოაჩინა. კერძოდ:

 უფასო საფეხბურთო სკოლების ფასიანად გადაკეთებამ ბავშვთა ფეხბურთის მასობრიობა გააქრო, რაც ჩვენში ოდითგანვე ფეხბურთის „ვარსკვლავებით“ მომარაგების მთავარი წყარო გახლდათ. ფასიანმა საფეხბურთო სკოლებმა ხელმოკლე ოჯახების შვილებს დიდი ფეხბურთისკენ მიმავალი გზა გადაუკეტა და თან სერიოზული კორუფციის ბუდედ აქცია. რომ არაფერი ვთქვათ მწვრთნელების მხრიდან ორიგინალური ფორმებით გამოძალვასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე (ხშირია შემთხვევები , როცა მწვრთნელი მშობლებზე  პირადი გამორჩენის მიზნით ზემოქმედებს: ძირითად შემადგენლობაში გამწესება; ასაკობრივ ნაკრებში გამოძახების თაობაზე ხელშეწყობა; შემდგომში მაღალი კლასის გუნდის მოძიებაში დახმარება; საზღვარგარეთულ შეკრებაზე მოთხოვნული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გუნდიდან გაშვების მუქარა), „ცნობადი, მოთხოვნადი“ მწვრთნელების ჯგუფებში ბავშვთა ჭარბი ოდენობით თავმოყრა ჩვეულებრივ მოვლენადაა ქცეული.

გარდა ამისა, „აქილევსის ქუსლად“ (სპეციალისტებისა და ექიმების არაერთი განმარტებისა და პროტესტის მიუხედავად) უმეტესს საფეხბურთო სკოლებსა და აკადემიებში ბუნებრივ საფარიანი მოედნების უქონლობა რჩება, რაც ბავშვთა ტრამვიანობას მკვეთრად ზრდის. ხშირია შემთხვევები, როცა მოზარდი თამაშს ადრეულ ასაკში  სწორედ უვარგისი მოედნის გამო ანებებს. ჩვენში ისეთი ფეხბურთელებიც არსებობენ, რომელთაც ბუნებრივ საფარზე თამაში 18–წლამდე საერთოდ არ ღირსებიათ!!!

 ორიოდე საფეხბურთო აკადემიის გარდა სკოლებს არ გააჩნიათ თანამედროვე წვრთნის მეთოდიკა, რის გამოც ჩვენი ბავშვები საფეხბურთო განათლებითა და ტექნიკურ–ფიზიკური კონდიციებით უცხოელ თანატოლებს მკვეთრად ჩამოუვარდებიან. არადა სწორედ სიყრმის პერიოდში მიღებული სათანადო განათლება (როგორც ზოგადი, ასევე ქვეყნის სპორტის ისტორიის), ეროვნული თვითშეგნების ამაღლება განაპირობებს შემდგომში სპორტსმენის დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნისა და ეროვნული ნაკრების მიმართ!

 არაერთგზის დაპირების მიუხედავად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დღემდე ვერ ან არ უზრუნველყო საფეხბურთო სკოლებისა და აკადემიების ლიცენზირება, მწვრთნელების კვალიფიკაციის მიხედვით ლანჟირება, ბავშვთა ფეხბურთის მომსახურე არბიტრთა დონის ამაღლება.

  თვალშისაცემია ბავშვთა ფეხბურთში სამართლებრივი ბაზის უქონლობა. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ფაქტობრივად არ არსებობს შემთხვევა, როდესაც ფეხბურთელის აღმზრდელ საფეხბურთო სკოლას კლუბისგან კუთვნილი კომპენსაცია მიეღოს, რაც ბავშვთა საფეხბურთო სკოლების სეგმენტს სერიოზულ ზიანს აყენებს. ამ მართლაც დამღუპველ მოვლენას ის გარემოებაც უწყობს ხელს, როცა პროფესიული კლუბები საფეხბურთო სკოლებიდან მოსულ ფეხბურთელებს პროფესიულის ნაცვლად სამოყვარულო კონტრაქტებს უფორმებენ, რათა საფეხბურთო სკოლებისთვის კუთვნილი კომპენსაციის გადახდას თავი აარიდონ. აღნიშნული დამოკიდებულება კი ახალგაზრდა ფეხბურთელებს უჩენს დაუცველობისა და უპერსპექტივობის შეგრძნებას, რაც ხშირად პროფესიის არჩევის დროს მათი ფეხბურთიდან ნაადრევი წასვლით მთავრდება. ამის ნათელი მაგალითია 2012/13 წლების სეზონის მონაცემები, როდესაც 17–წლამდე ფეხბურთელთა ოდენობა 1178–დან 18–წლამდელებში 632–მდე შემცირდა!!!

 ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების ნაწილს ქართული ფეხბურთის დღევანდელი თავკაცობა უარყოფს (თუმცა შუბი ხალათში არ იმალვის), ნაწილს კი არასათანადო ფინანსებით ხსნის და ქვეყნის ეკონომიკაზე აპელირებს და შექმნილი ვითარების ხელოვნურად განმუხტვას ცდილობს, რაც ქართულ ფეხბურთში არსებულ ვითარებას კიდევ უფრო სავალალოს ხდის...

ვაცნობიერებთ რა ქართული ფეხბურთის ქომაგთა გაცხოველებულ სურვილსა და ინტერესს, შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების მიზნით უახლოესს მომავალში წარმოგიდგენთ ქართული ფეხბურთის ძირეული გარდაქმნისა და შემდგომი განვითარების ჩვენეულ კონცეფციას, რომელიც თანამედოვე მსოფლიო საფეხბურთო ფილოსოფიასა და ქართულ რეალიებზე იქნება დაფუძნებული”.  

 

0.127799