ფეხბურთი

12:18 | 8.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

გრიგალაშვილი, ლობჟანიძე, გურული და ლიპარტია ევროპალიგის პლეი ოფში ითამაშებენ

კვიპროსის “ომონია”, რომელშიც უჩა ლობჟანიძე და შოთა გრიგალაშვილი გამოდიან, უეფას ევროპის ლიგის პლეი ოფში გავიდა.

ერთი კვირის წინ, ნიქოზიელებმა მაკედონიურ სკოპიეს “მეტალურგს” შინ 3:0 მოუგეს,  ხოლო სტუმრად 1:0 დაამარცხეს. ქართველმა ფეხბურთელებმა სკოპიეში ჩატარებულ მატჩში შეუცვლელად ითამაშეს. კვიპროსელებმა ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე გაიტანეს და მისი ავტორი ნუნო ასისია.

გათამაშებას გამოეთიშა კვიპროსული “ერმისი”, რომლის ღირსებას გიორგი ილურიძე იცავს. შვეიცარიის “იანგ ბოიზთან” გასვლაზე 0:1 მარცხის მერე, “ერმისმა” თავის მოედანზე 0:2 წააგო. ილურიძე სათადარიგო იყო და თამაშში 77-ე წუთზე ჩაერთო.

ბელარუსული სოლიგორსკი “შახტიორი”, სადაც სანდო გურული თამაშობს, ევროპის ლიგის ჯგუფში მოსახვედრად იბრძოლებს. სოლიგორსკელებმა პირველ მატჩში ბელგიის “ზულტე-ვარეგემი” 5:2 დაამარცხეს, ხოლო ბელარუსში დაპირისპირება 2:2 დასრულდა. გურული თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო. “შახტიორიდან” პირველი გოლი მე-7 წუთზე ბალანოვიჩმა გაიტანა, ხოლო იდრისა სულამ სტატუს ქვო აღადგინა. იმავე ბალანოვიჩმა 42-ე წუთზე მეტოქის კარი მეორედ აიღო, ხოლო 73-ეზე სულამ ასევე დუბლი შეასრულა. 

ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპი ლუგანსკის “ზორიამაც” გადალახა, რომელშიც ჯაბა ლიპარტია ირიცხება. უკრაინაში ნორვეგიულ “მიოლდესთან” შეხვედრის 1:1 დასრულების მერე, “ზორიამ” სტუმრად 2:1 გაიმარჯვა. თუ აქამდე ლიპარტიას მოედანზე გასვლის შანსს საერთოდ არ აძლევდნენ, ამჯერად, ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე შეიყვანეს.  უკრაინელმა კამენიუკმა ანგარიში მე-2 წუთზე გახსნა, ნორვეგიელმა გულდარსენმა თანაფარდობა 43-ე წუთზე აღადგინა, ხოლო 89-ე წუთზე ფორენმა ავტოგოლი გაიტანა და ლუგანსკელები მომდევნო რაუნდში აღმოჩნდნენ.    

0.116583