ძიუდო

15:02 | 16.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

გრან-პრის სამზადისს ექსპერტები აკვირდებიან

 

თბილისს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ექსპერტები ლიზა ალანი და მარიან კლაუდიუ ჩიმიუ სტუმრობენ. სამდღიანი ვიზიტის მიზანი 21-23 მარტს სპორტის სასახლეში გასამართი გრან-პრისათვის მოსამზადებელი სამუშაოების გაცნობა და მთელი რიგი საორგანიზაციო საკითხების დაგეგმვაა.

დღეს ექსპერტებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა უმასპინძლა. შეხვედრას მინისტრის მოადგილეები თამაზ თევზაძე და აკაკი ლოდია, ასევე სამინისტროს მასობრივი სპორტის სამმართველოს უფროსი ვლადიმერ ნუცუბიძე და ძიუდოს ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ყიზილაშვილი დაესწრნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი სტუმარ-მასპინძლებმა ოფიციალური კომენტარებიც გააკეთეს.

“საქართველო ძიუდოს ტრადიციებით მდიდარი ქვეყანაა და სასიხარულოა, რომ თბილისის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს გრან-პრის სტატუსი მიენიჭა. წინ ძალიან კარგი შეჯიბრება გველოდება და სასიხარულოა, რომ სახელმწიფოც აქტიურადაა ჩართული მოსამზადებელ სამუშაოებში” – უთხრა ლიზა ალანმა ჟურნალისტებს.

ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელთა ვიზიტი მომავალი გრან-პრის უმაღლეს დონეზე ჩატარების წინაპირობაა და სპორტის სამინისტრო ძიუდოს ფედერაციასთან ერთად ძალას არ დაიშურებს, რათა ტურნირმა საუკეთესო შეფასება დაიმსახუროს.

ექსპერტები თბილისში კიდევ ორი დღე დარჩებიან. მათ გეგმაში შედის სპორტის სასახლისა და ძიუდოს აკადემიის დარბაზების, ასევე იმ სასტუმროების მონახულება, სადაც გრან პრის მსვლელობის დროს სპორტსმენები, მწვრთნელები, მსაჯები და საერთაშირისო დელეგაციის წარმომადგენლები იცხოვრებენ. ამასთან, იგეგმება შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან, გრან-პრის პირდაპირი ტრანსლირების საკითხთან დაკავშირებით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.09505