ნიუ იორკში დიდი მარულაა, იგივე დოღი. ოღონდ ნურავინ იფიქრებს, კლასიკურ დოღსა და მარულაზე. არა, აქ ცხენები კი არა, ძაღლებია მოვლენის ეპიცენტრში და სირბილით კი მათი პატრონები დარბიან... რატომ? რატომ და იმიტომ, რომ მოქმედებაში შევიდა ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც, ყველა კანონმორჩილმა ადამიანმა ოთხფეხა მეგობარი "ნიუ იორკ ჰაუზინგ ოუთორითის" მიერ მითითებულ კონკრეტულ მისამართზე უნდა მიიყვანოს და... აცრას! ნეტავი განახათ, რა დაოთხილი მირბიან ძაღლის პატრონი პატივცემულები - აი, სირბილი და სპორტი, მასობრიობა და ფიზკულტურა ეს არის, თუ არის...
ადვილი მისახვედრია, კანონის დედა-მშობელი სწორედაც რომ ზემოხსენებული "ნიუ იორკ ჰაუზინგ ოუთორითია" და სიამოვნებას რაც შეეხება, ადამიანებს ის 25 დოლარი დაუჯდებათ, ადამიანთა ოთხფეხა მეგობრებს კი - ჩხვლეტა ფერდში და მისი ჯანი...
კიდევ ერთი შეზღუდვა - ჩვენებური სახლმმართველობის თუ საბინაო სამმართველოს ამ ამერიკელმა კოლეგა-დაწესებულებამ, 20-კილოგრამიანის ზემოთა წონის ძაღლებს ტაბუ დაადო: ჩვენდამი რწმუნებულ სახლებში მაგაზე დიდი წონის დაბლა ტაქსა არ დადის და მაღლა (კედელზე ან საწოლზე) დობერმანი და როტვეილერიო... ჰოდა, გამაგებინეთ, ეს რა სპორტია - ძაღლი ვერ გაგისუქებია კაცს...
არასპორტული კიდევ ის არის, რომ სერიოზული სკანდალი მოხდა. აი, დაახლოებით ისეთი, ერთი პერიოდი ჩვენი მმართველი პარტია რომ დაუპირისპირდა მასმედიას. აქ, ამერიკაში ობამას ადმინისტრაციასა და საინფორმაციო მონსტრ "ფოქსს" შორის გაირბინა... არა, მარტო შავი კატა ამხელა ავტორიტეტებს ვერ წააჩ¬ხუბებდა - ვინ იცის, დიკ ჩეინიც იყოს ის შავკატისტყაოსანი ან სულაც რესპუბლიკური პარტია...
ყველაფერი კი კრიზისისა და ბიუჯეტის ტრილიონიანი დეფიციტის ბრალია - ვიღაცა ცდილობს, ვიღაცას არ მოსწონს ის, რასაც ის ცდილობს და როგორც "დიდ, ბინძურ პოლიტიკას" ჩვევია, მიდის ჭამა, ღრღნა და ერთმანეთის ძიძგნა...
ამ დეფიციტის გამო, ადამიანებსაც გვიპირებენ ძაღლის ბედში ჩაგდებას - ოღონდ ღორის გრიპის მეშვეობით: გნებავს თუ არა, უნდა აიცრა და 25 დოლარიც გადაიხადო. სხვა საკითხია ის, რომ უკვე გამოვიდნენ ასპარეზზე ექიმები, რომლებმაც დაიქირავეს სერიოზული ვექილები და ამტკიცებენ, რომ ღორის გრიპი ბევრად ნაკლებ ხალხს შეიწირავს, ვიდრე მისი საწინა¬აღმდეგო ვაქცინაცია...
სხვათაშორის, ამ კამპანიის მერე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა "როკფელერ ენდ მაკო-ს" ერთ-ერთმა წარმატებულმა მენეჯერმა. არადა, კომპანიასაც და იმ კაცსაც ფინანსურად ყველაფერი წესრიგში ჰქონდათ, უბრალოდ, ღორის გრიპის ვაქცინის სარეკლამო კამპანიას და მარკეტინგს სწორედ "როკფელერ ენდ კო" და აწგარდაცვლილი ახორციელებდნენ თურმე.
ამასობაში, ნიუ იორკული "გიგანტების" (ჯაიანთს) მორიგ მატჩზე ბილეთების ფასი არნახულად ამერყევდა და თუკი ყველაზე იაფის ფასი სულ რაღაც ოთხიოდ ჰამბურგერის ფასი - 16 დოლარია, უძვირესით, თავის მხრივ 28 000 (ოცდარვა ათასი) "მწვანე" რომ ღირს, ცოლ-შვილსა და ახლო სანათესაოს, მინიმუმ, ერთი სეზონის განმავლობაში, ნიუ იორკშიც, ფლორიდაშიც და დამეთანხმებით, საქართველოშიც, თავისუფლად აცხოვრებ...
თუმცა, ეს მხოლოდ უახლოეს მატჩზე, დენვერელ მეტოქესთანაა ასე, თორემ მომდევნო შეხვედრას "გიგანტები" მათსავით წარმატებულ და პოპულარულ დალასელ "კოვბოებთან" მართავენ და იქ სულ საგიჟეთია: ყველაზე იაფი ბილეთი 60 დოლარი ღირს, საპატიო, ვიპ-ადგილას და პატივცემული გვამების საზოგადოებაში ტრიალი კი 32 500 (ოცდათორმეტი ათას ხუთასი) დოლარი დაგიჯდებათ...
სანამ ამერიკული ფეხბურთის ფრონტზე მეგაპოლისში ყველაფერი დიდებულადაა, "მედისონ სკვერ გარდენი" თავზე ექცევა "ნიუ იორკ ნიკსს" - ამჯერად ოქროს შტატელ "მეომრებს" დანებდნენ მაიკ დანტონის შეგირდები და ათი თამაშიდან მეცხრე მარცხიც გამოუვიდათ. ბუნებრივია, კრიტიკა დაატყდათ ისეთი, ტროპიკული წვიმა მონაგონია და ის ცალკე საკითხია, რომ ასეთი სტარტით მაიკ დანტონიმ კარიერის ანტირეკორდი დაიმყარა...
ქართულ-ნიუიორკულ ამბებს პოლიტიკურ-ჟურნალისტური თემით გავაგრძელებ და გეტყვით, რომ ამ დღეებში რუსულენოვანი ებრაელების საინფორმაციო მექის, "დევიდზონ-რადიოს" მესვეურთა ინიციატივით, ბრაიტონულ მილენიუმში შედგა შეხვედრა რადიო "დევიდზონის" საკუთარ კორესპონდენტ, თამარ პაპალაშვილთან. ამ ქალბატონს ხსენებულ რადიოში მიჰ¬ყავს გადაცემა "სიახლეები საქართ¬ველოდან",
ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარის უფრო მხარდამჭერია, ვიდრე მოწინააღმდეგე და... ახალი და გადასარევი არაფერი უთქვამს იმ შეხვედრაზეც. ისე, ცნობისთვის, ამ რადიოს ხელმძღვანელია, ის გრეგორი დევიდსონი, ნიუიორკში რომ პოსტსაბჭოელი არტისტები ჩამოჰყავს და ვახტანგ კიკაბიძის ივნისური და დათო ხუჯაძის (მარტო არა, მომღერალთა ჯგუფთან ერთად) სანოემბრო კონცერტების ერთ-ერთი ორგანიზატორიც ის გახლავთ...
კიდევ, სატელეფონო ბარათებს უშვებს ბრენდი "დევიდსონი" - 5 და 10 დოლარი ღირს და საქართველოში მობილურზე 41 (ათდოლარიანი - 82), თბილისური სახლის ტელეფონზე კი 160 (320) წუთს გალაპარაკებს. მართალია, ამ 41 წუთიდან ხუთდოლარიანი ბარათი 7 წუთს "გპარავს", მაგრამ სხვებს ისევ ის სჯობს - ამას საკუთარი და აქ მყოფი ქართველების გამოცდილებიდან ვწერ...
კონსტანტინე გოგიშვილი
სპეციალურად “მსოფლიო სპორტისთვის” ნიუ იორკიდან







