ფეხბურთი

16:28 | 8.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

გოგუამ ხაბაროვსკელები კვლავ იხსნა, ხოჯავას დებიუტი “სახალინში”

რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის მე-9 ტურში ხაბაროვსკის “სკა-ენერგია” მარცხისგან გოგიტა გოგუამ იხსნა, რომელმაც იაროსლავლის “შინიკთან” საშინაო მატჩში ანგარიში ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე გაათანაბრა.

სხვათა შორის, ქართველმა ნახევარმცველმა ხაბაროვსკელებს ქულა წინა ტურშიც მოუტანა, როდესაც “სიბირთან” პენალტი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ზედიზედ სამი ტური “სკა-ენერგიამ” მატჩები 2:2 დაასრულა.

გოგუას გარდა, სტუმართა რიგებში ნახევარმცველმა გუჯა რუხაიამაც სრულად ითამაშა და ხაბაროვსკელებისთვის ქულის მომტანი საჯარიმო მისი წაქცევისთვის დაინიშნა. მარჯვენა მცველი კახა ალადაშვილიც სასტარტოში იმყოფებოდა და 64-ე წუთზე ნათან ჟუნიორმა შეცვალა. “სკა-ენერგია” 8 ქულით 18 გუნდში მე-15 ადგილზეა.

“სახალინში” დებიუტი ჰქონდა ნახევარმცველ გოჩა ხოჯავას, რომელმაც ხსენებულ კლუბს კვიპროსის აეკ-დან მიაშურა. სახალინელებმა სტუმრად ორენბურგის “გაზოვიკთან” 0:0 ითამაშეს. ხოჯავას მსგავსად, ნახევარმცველმა ზურაბ არზიანმაც თავიდან ბოლომდე იასპარეზა. რუსეთის მოქალაქე ლევან ჯღარკავა მოედანზე 38-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. “სახალინი” 7 ქულით მეთექვსმეტეა.

ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგამ” გასვლაზე “ენისეისთან” 0:1 წააგო. ფორვარდმა მერაბ ურიდიამ სტუმრებში პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა. “ვოლგა” 8 ქულით მეთხუთმეტეა.

ძერჟინსკის “ხიმკიმ” შინ “სიბირს” 2:0 სძლია. მცველმა გიორგი ჯიქიამ მასპინძლებში მოედანზე 90 წუთი დაჰყო და 41-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. “ხიმიკი” 8 ქულით მეთოთხმეტეა.

პორტუგალიის სეგუნდა ლიგაში მეკარე გიორგი მაკარიძემ მეორე მატჩი ჩაატარა. მე-3 ტურში, “ფეირენსე” გასვლაზე “ტონდელასთან” 0:1 დამარცხდა. მაკარიძემ სტუმრებში 90 წუთი ითამაშა. “ფეირენსე” 1 ქულით ბოლო ადგილზეა.

ტაშკენტის “ფახთაქორმა” სტუმრად “ოლმალიქს” 3:0 აჯობა. ნახევარმცველმა კახა მახარაძემ ტაშკენტელებს შეუცვლელად უკაპიტნა. “ფახთაქორი” 14-გუნდიან ჩემპიონატს 48 ქულით ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115417