ფეხბურთი

19:44 | 11.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

გოგა გახოკიძე: “კაშია “ანდერლეხტს” ძალიან სურს და ამ საკითხზე ვმუშაობთ”

 

გურამ კაშიას მომავალს ბევრ კლუბს უკავშირებდნენ, თუმცა აშკარა ფავორიტი გამოიკვეთა – ბელგიის ჩემპიონი “ანდერლეხტი”. არნემის “ვიტესის” ქართველმა კაპიტანმა რამდენჯერმე გამოთქვა კლუბის შეცვლის სურვილი, იწერებოდა გერმანულ “ფრაიბურგზე”, ჰოლანდიურ პსვ-სა და “აიაქსზე”, ახლა კი, თავად ბელგიური საიტებიც წერენ, რომ ჯონ ვან დერ ბრომს ძალიან სურს ყოფილი შეგირდის შეძენა. შეგახსენებთ, ვან დერ ბრომი 2011-2012 წლების სეზონში “ვიტესს” თავკაცობდა.

“მსოფლიო სპორტი” კაშიას აგენტს, საქართველოს ნაკრების ყოფილ ნახევარმცველ გოგა გახოკიძეს დაუკავშირდა:

რა მდგომარეობაა კაშიას შესაძლო ტრანსფერის გარშემო?

- “ანდერლეხტს” სურს და ვნახოთ. ახლა თბილისში ვარ, ხვალ მივფრინავ ჰოლანდიაში ამ საკითხზე სამუშაოდ.

თავად კაშიასაც რატომ სურს “ვიტესიდან” წასვლა?

- “ანდერლეხტის” მწვრთნელი ვან დერ ბრომი გურამს კარგად იცნობს და ძალიან მოსწონს. აღსანიშნავია ის ფაქტორი, რომ “ანდერლეხტი” ჩემპიონია და ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის მშვენიერი შანსიც ექნება. მართალია, “ვიტესი” ძლიერ კლუბად იქცა, მაგრამ კაშიას ახალ ეტაპზე გადასვლა სურს. ასეც რომ არ იყოს, “ანდერლეხტი” მაინც “ვიტესზე” ძლიერია.

რომელიმე სხვა ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობთ?

- ევროპის 19–წლამდელების ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს დაესწრებიან ბელგიური და ჰოლანდიური კლუბების წარმომადგენლები. ვნახოთ, იქ გადაწყდება. ჯერჯერობით კი, კაშიას საკითხზე ვმუშაობთ.

0.160225