საქართველო-უელსი 5:0. ქართველთა პირველი გამარჯვება ოფიციალურ მატჩში. ამ შეხვედრაში გოჩა გოგრიჭიანმაც გაიტანა, მსუქან მეკარე ნევილ საუთჰოლს თავზე გადაუგდო ბურთი და 4:0 გახადა ანგარიში.
გოგრიჭიანს ნაკრებში კიდევ ერთი გოლი აქვს გატანილი - სტუმრად საბერძნეთთან, რომელიც 1:2 წავაგეთ. ეს ამხანაგური მატჩი იყო. 48 წლის გოგრიჭიანი ამჟამად სოჭში ცხოვრობს და მოყვარულთა გუნდ "ისტოჩნიკს" წვრთნის. როგორც sports.ru წერს, გოჩა ახლაც 17 წლის წინ ნაყიდი "მერსედესით" დადის.
აქვე, ინტერვიუ გოგრიჭიანთან, სადაც მას მეტწილად რუსულ ფეხბურთსა და იქ გატარებულ წლებზე ესაუბრებიან. ამიტომაც, საკმაო შემოკლებით გთავაზობთ:
- თქვენ სოჭში ბიზნესიც გაქვთ. ხომ ასეა?
- სამწუხაროდ, კარგა ხანია, აღარ მაქვს. მქონდა, მაგრამ წარუმატებელი გამოდგა. რესტორანისა და სპორტ-ბარის გაკეთება გვსურდა, მაგრამ არ გამოვიდა.
- დიდი ფული დაკარგეთ?
- არა, ფული ნაკლებად. იმ დროს ფულზე არ იყო საუბარი, უბრალოდ, სწორად და საქმიანად გვსურდა გაკეთებულიყო. თუმცა, როცა ერთად აკეთებთ, იმ დროს მეორე ადამიანმა მხოლოდ "მე, მე, მე" არ უნდა იძახოს. ამ დროს, რა თქმა უნდა, დაფიქრდები. მოკლედ, ბიზნესი ისე დავასრულე, რომ არც დამიწყია.
- სოჭში წვრთნით 16-დან 23 წლამდე ახალგაზრდებს. რა გაოცებთ დღევანდელ ახალგაზრდა ფეხბურთელებში?
- ჩვენი უბედურება ისაა, რომ ბავშვების მწვრთნელები ფეხბურთელთა გაზრდაზე კი არა, მხოლოდ შედეგზე ფიქრობენ. ეს მართლაც ცუდია.
- თქვენი ბავშვობის დროს ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი ვინ იყო? ისეთი, რომელმაც დიდი ფეხბურთი ვერ ითამაშა...
- იყო ზურიკ სვანიძე. სოხუმის "დინამოში" მე და რომან ხაგბა წინ ვთამაშობდით, ის კი - ჩვენს უკან. უჭკვიანესი და უნიჭიერესი ბიჭი იყო. ვერ წარმოვიდგენდი, თუ დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებდა.
- რა დაემართა?
- მშობლების ჩარევა. მათ ვერ დაიჯერეს, რომ შვილი დიდი ფეხბურთელი დადგებოდა. საბოლოოდ, ბიჭმა ვერ ითამაშა. შემდეგ კი, თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი დიმა მეშკოვიც უნდა ვახსენო. ყველაფერი ჰქონდა: სიმაღლე, ორივე ფეხით, ასევე, თავით თამაში. პროტასოვივით, წაიღებდა ბურთს და აბა, მიდი, წაართვი... იმ დროს ბევრს დავდიოდით აქეთ-იქით შეკრებაზე. ერთხელაც ჩამოვედით და გუნდში აღარ იყო.
- რატომ?
- სუსტი ხასიათისა იყო.
- ცუდ წრეში მოხვდა?
- შეიძლება, ასეც ითქვას.
- ალკოჰოლს მიეძალა?
- უბრალოდ, სუსტი ხასიათისა იყო. მეგონა, ნაკრებშიც მოხვდებოდა. გეტყვით: კარგი ფეხბურთელი რომ გახდე, მიზანსწრაფული უნდა იყო, თანაც, ძალიან. უნდა გქონდეს მიზანი, რომელიც მხოლოდ ფულს არ უკავშირდება. არა მგონია, კარგ ფეხბურთელს მხოლოდ ფული უტრიალდებდეს გონებაში. ამას ვერავინ დამიმტკიცებს. მათ ხომ ფული უკვე ყელამდე აქვთ, მაგრამ მერე რა - გადიან მოედანზე, თამაშობენ, იბრძვიან, ოქროს ბურთსა თუ სხვადასხვა თასებს იღებენ. ესე იგი, მხოლოდ ფულში არაა საქმე. მიზანსწრაფულები არიან.
- სადაა ახლა დიმა მეშკოვი?
- თბილისში. კარგა ხანია, აღარ გვაქვს ურთიერთობა.
- რატომ არ გაგიმართლათ საქართველოს ნაკრებში? ვინმესთან გაუგებრობა მოგივიდათ?
- აი, 1997
- თბილისში?
- არა, "უემბლიზე". 0:1-ს ვაგებდით. ბურთი აუტის ხაზისკენ გამოგორდა და მივყევი. მცველი ატარებს აუტზე, მაგრამ მე ვუტევ, თანაც, ისეთ შთაბეჭდილებას ვახდენ, თითქოს აუტის ხაზიდან ვთამაშობ. მცველი მიყურებს და მას ღია პოზიცია აქვს. თუ სურს, მეკარეს გაუკეთებს პასს. თავი მოვიკატუნე, ვითომ აუტის ხაზისკენ მივდიოდი, არადა, ერთი სული მაქვს, მეკარეს დაუბრუნოს. და აი, მცველი ასეც აკეთებს, მე კი ჩავჭერი. ჩემს წინ მხოლოდ დევიდ სიმენია. ორი ვარიანტია: ან თავზე გადავუგდო, ან შუაში შევიწიო და ცარიელ კარში დავარტყა. თავზე გადაგდება ვარჩიე და... სიმენს მოვარტყი ბურთი. სიმენი ფეხებს არასტანდარტულად აქნევდა, ფართოდ გაშალა და აი, ერთ-ერთ ფეხში მოვარტყი.
- ხუთ წუთში შეგცვალეს...
- წარმოიდგინეთ, "უემბლიზე" ასეთი შანსი გამიჩნდა! ბევრი მომენტი გვექნებოდა ინგლისთან? გუნდმა არ მაპატია. რატომღაც, მცველს უფრო პატიობენ, ვიდრე ფორვარდს. განსაკუთრებით იმ მატჩებში, როცა საინტერესო თამაში მიმდინარეობს და კარგ შანსს ვერ იყენებ. ეს არ აპატიეს ალექსეი ერიომენკოს, როცა მოსკოვის “ტორპედოში" გამოდიოდა. თავით უნდოდა თამაში და ბურთი ხელში მოხვდა. ბევრს არ პატიობენ.
- და გუნდიდან უშვებენ?
- ზოგი თავად მიდის, ზოგს უშვებენ. ჩემი გაცუდებული მომენტით ისე ვიყავი გაბრაზებული, რომ იქვე, გასახდელში ვუთხარი მწვრთნელ დავით ყიფიანს - ნაკრებში აღარ გამომიძახოთ-მეთქი.
- ვინ არის თქვენი ფავორიტი ფორვარდი?
- ბრაზილიელი რონალდო.
- თანამედროვეებს ვგულისხმობ.
- მაინც რონალდო. როცა თამაშობდა, აღფრთოვანებით ვუყურებდი. ბევრს ჰგონია, რომ ფეხბურთი მხოლოდ ბურთით თამაშია, მაგრამ ასე არაა. რონალდო უბურთოდაც შეუდარებელი იყო. როგორ თამაშობდა, რას აღარ აკეთებდა! უბურთოდ თამაში თუ შეგიძლია, ესე იგი, პარტნიორებს ეხმარები. სწორად გახსნა, საჭირო ადგილისკენ გაქცევა, პარტნიორებისთვის სივრცის გაშლა - ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია. და რაც შეეხება თანამედროვე ფორვარდებს: დროგბა მომწონდა. ახლა კი... ხომ ხედავთ, ვფიქრობ. ესე იგი, პასუხი არ მაქვს.
გოგრიჭიანი 1964 წლის 1 აგვისტოს დაიბადა სოხუმში.
კლუბები: თბილისის "დინამო" (1980-1987), ქუთაისის "ტორპედო" (1987), ლანჩხუთის "გურია" (1988), სოხუმის "დინამო" (1989), "ცხუმი" (1989-1992), სოჭის "ჟემჩუჟინა" (1992-1993, 19996-1999, 2000, 2003), კვიპროსის "ომონია" (1993-1995), "ნეა სალამინა" (1995), "ევაგორასი" (1995-1996), ნიჟნი ნოვგოროდის 'ლოკომოტივი" (1999), სკა-როსტოვი (2001-2002).
ნაკრებში ჩაატარა 8 მატჩი და გაიტანა 2 გოლი.
გოგრიჭიანი ბომბარდირული თვისებებით დაჯილდოებული ფეხბურთელი გახლდათ - "ჟემჩუჟინასა" და "ომონიას" ლეგენდად ითვლება.