ფეხბურთი

10:57 | 31.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი თექთურმანიძე: “მეორე გუნდში თამაშს მაინც არ ვიმსახურებდი?”

ახალგაზრდა ნახევარმცველი გიორგი თექთურმანიძე თბილისის “დინამოდან” განათხოვრებით თამაშობს ცხინვალის “სპარტაკში”, რომელმაც საწყის 2 ტურში 2 მარცხი განიცადა და გოლიც არ გაუტანია. თექთურმანიძე რომ ნიჭიერი ფეხბურთელია, ეს რუსთავის “მეტალურგშიც” დაამტკიცა, თუმცა იქაც არენდით გახლდათ და როცა თბილისის “დინამოში” დაბრუნდა, შანსი აღარ მისცემია.

“მსოფლიო სპორტი” თექთურმანიძეს ესაუბრა:

-    “სპარტაკში” წამოვედი, რათა სათამაშო პრაქტიკა მქონოდა. თბილისის “დინამოს” არათუ ძირითად გუნდში, არამედ “დინამო 2”-ში თამაშის საშუალებაც არ მეძლეოდა. როცა “დინამოში” დამაბრუნეს, დუშან უჰრინმა თავიდანვე მითხრა, რომ მოთხოვნებს ვერ ვაკმაყოფილებდი და ძირითად გუნდში ჩემს ადგილს ვერ ხედავდა. დავბრუნდი “მეტალურგში” და ზამთარში ისევ დამაბრუნეს “დინამოში”, 6 თვე დავრჩი უთამაშებელი და აი, ახლა მიწევს “სპარტაკში” გამოსვლა. “დინამოსთან” კონტრაქტი კი 2015 წლის იანვრამდე მაქვს.

-    რატომ არ გათამაშებდნენ “დინამო 2”-ში მაინც?

-    ჩემთვის ეს გაურკვეველია. მხოლოდ მავარჯიშებდნენ. “მეტალურგში” თუ ვაკმაყოფილებდი კრიტერიუმებს, თუნდაც “დინამო 2”-ში როგორ ვერ ვაკმაყოფილებდი? არ მესმის. ნაწყენი ვარ. შესაბამისად, არცთუ კარგი დამოკიდებულება მქონდა “დინამოს” ხელმძღვანელობასთან.

-    ხელმძღვანელობას ესაუბრეთ ამის შესახებ?

-    კი, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. 6 თვე დავრჩი უთამაშებლად.

-    “სპარტაკის” გარდა, ვარიანტი არ გქონიათ?

-    როგორ არ მქონდა, მაგრამ “დინამო” კონკურენტ გუნდში არ გაგანათხოვრებს. გორის “დილას” ვარიანტი მქონდა.

-    ახლა როგორ გრძნობთ თავს, ფორმაში როდის შეხვალთ?

-    რამდენიმე თამაში მჭირდება, რათა ფორმაში შევიდე. ჯერ მხოლოდ 2 ტური გვქონდა ჩემპიონატში.

-    “სპარტაკისგან” რას უნდა ველოდოთ ამ სეზონში?

-    ახალგაზრდული გუნდი ვართ, ჯერ შეთამაშებაც გვაკლია და ამის ბრალიც იყო, რომ ორივე თამაში წავაგეთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ფარ-ხმალი დავყარეთ. ავთამაშდებით და ქულებსაც დავაგროვებთ. პოტენციალი არის გუნდში.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113418