ფეხბურთი

11:27 | 22.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გაბედავა: “ვისაც ჩვენი წარმატების იმედი აქვს, ველოდებით სტადიონზე”

 24 ივლისს საჩხერის “ჩიხურა” ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას გამართავს თურქული “ბურსას” წინააღმდეგ. პირველ შეხვედრაში  საჩხერელებმა “ათათურქზე” ღირსეული ბრძოლა გაუმართეს მასპინძლებს და შეხვედრა ფრედ 0-0 დასრულდა

სტუმრად გამართული უშეღავათო ორთაბრძოლის შემდეგ ქართველ გულშემატკივარს თურქული ბარიერის გადალახვის იმედიც გაუჩნდა.

“ბურსამდე” “ჩიხურამ” მაკედონიის “ტურნოვო” გამოთიშა ევროპის ლიგის გათამაშებიდან, საჩხერელებმა სტუმრად მაკედონიელებს ლაშა კუჭუხიძეს მიერ გატანილი გოლით 1:0 მოუგეს, განმეორებით შეხვედრაში კი 3:1 გაიმარჯვეს და მეორე ეტაპზე გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ “ტურნოვოსთან” განმეორებით შეხვედრაში დუბლი შეასრულა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბედავამ. “მსოფლიო სპორტი” “ბურსასთან” გასამართი მძიმე შეხვედრის წინ გიორგის ესაუბრა.

- გიორგი “ბურსასთან” სტუმრად გამართული მატჩით დავიწყოთ, მართალია, ამ შეხვედრაში გოლი არ გაგიტანია, მაგრამ მთლიანად გუნდმა ღირსეულად იბრძოლა. რას იტყვი უშუალოდ ამ მატჩზე?

- ჩემი აზრით ფრე დავიმსახურეთ. გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი გავაკეთეთ. ”ბურსა” ძალიან კარგი გუნდია და მასთან წარმატება ორმაგად სასიხარულოა. ცალკე მინდა ვთქვა გულშემატკივრობაზე. რაც “ათათურქის” ტრიბუნებზე ხდებოდა, ფეხბურთს ყველაზე მეტად უხდება. ასეთ გარემოში თამაში ფეხბურთელს განსაკუთრებულ სტიმულს აძლევს და ვისურვებდი, რომ საქართველოშიც მსგავსი დასწრება თამაშებზე და გულშემატკივრობა იყოს.

- ფრე სტუმრად “ბურსასთან” კარგი შედეგია. თუმცა არანაკლებ რთული თამაში გველის განმეორებით შეხვედრაში...

- გეთანხმებით, მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად ჩვენ ვიქნებით მასპინძელი, ბევრად უფრო რთული მატჩი გველოდება. “ბურსას” არავინ აპატიებს ჩვენთან გავარდნას, თუმცა ჩვენ უფრო მოტივირებულები ვართ. ასეთი შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ყველაფერს გავაკეთებთ , რომ ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ.

- რას ჰპირდებით ქართველ გულშემატკივარს?

_ გულშემატკივარს ბოლომდე ბრძოლას ვპირდებით, ვისაც ჩვენი წარმატების იმედი აქვს, ველოდებით სტადიონზე. ქომაგების გვერდით დგომა გვჭირდება, მჯერა რომ ასეც იქნება, ჩვენ ერთად დავამარცხებთ “ბურსას”.

P.S. ”ჩიხურა” - ”ბურსას” შეხვედრა 24 ივლისს 21:00 საათზე ლოკომოტივის სტადიონზე გაიმართებაა. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.

 

ედემ ელეჯია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128352