საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა ორშაბათს “მიხეილ მესხზე” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისმა შეგირდებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის საგზური სანახაობრივი და დამაჯერებელი თამაშით მოიპოვეს.
გიორგი დევდარიანი: “ციფრებში ასახული შედეგი ყველაფერზე მეტყველებს. გუნდმა სანახაოებრივი და დამაჯერებელი ფეხბურთი აჩვენა. პირველი ადგილი გვეკუთვნოდა. სამივე თამაშში მეტოქესთან საგრძნობი უპირატესობა გვქონდა და შემდეგ ეტაპზე დამსახურებულად გავედით”.
- რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ, მწვრთნელი ასაკობრივ ნაკრებს ფეხბურთელების ასაკის მატებასთან ერთად მიჰყვებოდეს?
- ზოგადად ასეთი მეთოდი მიღებული არ არის, რომ მწვრთნელმა 16 წლამდე ასაკის ფეხბურთელებთან დაიწყოს მუშაობა და მათ ეროვნულ ნაკრებამდე მიჰყვეს. თუმცა, თუ გუნდი სანახაოებრივ ფეხბურთს და იმ შედეგს აჩვენებს, რაც ქვეყანას სჭირდება, მაშინ გამართლებულია. იმით, რომ მე მომიწია მუშაობა, მგონი, ნაკრებს არაფერი დაშავებია. ჩემზე უკეთ ამ ფეხბურთელების შესაძლებლობას არავინ იცნობს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რაიმე გადატრიალება მოვახდინეთ. თუმცა, ყველაფერს დიდი შრომა უძღოდა, რაც 2008 წელს დავიწყეთ. არ შეიძლება, არ ავღნიშნო ფეხბურთის ფედერაციის ძველი ხელმძღვანელობისა და “იბერია ბიზნეს ჯგუფის” დიდი როლი, რომლებიც დაგვეხმარნენ, ეს ტექნოლოგიები დაგვენერგა და ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა. ასევე, ხელი ამჟამინდელმა ფედერაციამაც შეგვიწყო. საუბარია საფეხბურთო მეთოდიკაზე. პირველად ეს პროგრამა 1985 წელს დაბადებულ ბავშვებში განხორციელდა, ხოლო შემდეგ – 1993 წელს დაბადებულებში. კერძოდ, საუბარია ოთხწლიან ციკლზე, რომელიც ყოველ წელს, ზამთარში და ზაფხულში 8-კვირიან მოსამზადებელ პერიოდს შეიცავს. ამ პრაქტიკამ გამარჯვების სიხარული მოგვიტანა და იმედია, ამას დიდი ფინანსებიც მოჰყვება. ეს პროექტი მომავალში განხორციელდება თუ არა, დრო გვიჩვენებს.
- ტურნირზე ყველაზე რთული თამაში რომელ გუნდთან გქონდათ?
- პოლონეთთან, რადგან მეტოქის შესახებ წარმოდგენა არ გვქონდა. მხოლოდ ის ვიცოდით, რომ სავარაუდოდ, 4-4-1-1 ტაქტიკით თამაშობდნენ. არ გაგვაჩნდა ინფორმაცია, როგორი ფეხბურთელები ჰყავდათ, თავს როგორ იცავდნენ ან როგორ უტევდნენ. პლუს, პოლონეთთან ტურნირის პირველ მატჩს ვატარებდით, რასაც თავისი დაძაბულობა ახლდა. შემდეგ უფრო გაგვიადვილდა, რადგან თურქეთისა და ლუქსემბურგის თამაშების ვიდეოჩანაწერი გვქონდა. ის ანგარიში, რაც თურქებთან მატჩში დაფიქსირდა, რეალობას არ ასახავს, რადგან უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო.
- თქვენს გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი თუ აქვს, რაც საქართველოში იშვიათობაა?
- ამ ბიჭებს გამარჯვებულის ფსიქოლოგია აქვთ. ეს თუნდაც თურქეთთან ვერმოგებულ მატჩში გამოჩნდა. ნებისმიერი კმაყოფილი იქნებოდა თურქებთან მათ მოედანზე შეხვედრის ფრედ დასრულებით, რასაც საკუთარ თავზე, სტაფზე და ფეხბურთელებზე ვერ ვიტყვი. ასეთი მენტალიტეტის ჩამოყალიბებას დრო უნდა და ეს ჩემს მიერ ნახსენები პროქტის ნაწილია. მინდა მადლობა გადავუხადო სოსო ჭედიას და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რადგან 10 ნოემბერს ახალგაზრდულ ნაკრებს თამაში შვეიცარიასთან ჰქონდა და რამდენიმე ფეხბურთელი დაგვითმეს. ამით დიდი სამსახური გაგვიწიეს. საერთოდ, საჭიროა “მე”-ს უარყოფა და წინ უნდა წამოვიდეს “ჩვენ”. თუ ეს მოვახერხეთ, ნებისმიერი ქართული გუნდი წინ წაიწევს. ჩვენს შემთხვევაში, ეს გავაკეთეთ და მინდა მოთამაშეებს მადლობა გადავუხადო, განსაკუთრებით ლეგიონერებს, რომელთაც უფრო უჭირთ ამ “მე”-ს უარყოფა.
- თურქეთში გუნდმა საკუთარი რესურსი სრულად ამოწურა თუ კიდევ აქვს მომატების პოტენციალი?
- ვფიქრობ, რომ ბევრად უკეთესად თამაში შეგვიძლია. გუნდს განვითარების რესურსი აქვს. 28 ნოემბერს ელიტ-რაუნდის კენჭისყრა ჩატარდება და მეტოქეები გვეცოდინება. რამდენიმე ამხანაგურ თამაშს დავგეგმავთ. ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი მოდის და რამდენად ნაყოფიერად გავივლით მას, ამაზე ბევრი იქნება დამოკიდებული.
- ჯგუფის ბოლო მატჩში ლუქსემბურგის წინააღმდეგ გიორგი ჭანტურია გაკლდათ, რომელმაც წინა თამაშებში ყვითელი ბარათები მიიღო. ის არასათამაშო სიტუაციაში გააფრთხილეს თუ პირიქით, ფეხბურთელის ზედმეტმა მონდომებამ გამოიწვია “ყვითლები”?
- ამდენი მადლობა რომ ვთქვი, იმითაც არის გამოწვეული, რომ ფეხბურთელებმა პირადი ემოციები უკანა პლანზე გადადეს. ჭანტურია სათამაშო სიტუაციებში გააფრთხილეს. სხვათა შორის, რამდენჯერმე ჩვენს მოთამაშეებს ყვითელი ბარათი დაუმსახურებლად მისცეს.
- რამდენად მოახერხებთ ამხანაგური თამაშების ჩატარებას? გუნდს ფაქტობრივად წელიწადნახევარიანი პაუზა ჰქონდა და ძალიან ცოტა მატჩი გამართეთ...
- ის, რომ საქართველოს ნაკრებს პოლონეთთან გამარჯვებისთვის ტოტალიზატორებში ძალიან მაღალი კოეფიციენტი ეწერა, ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იყო. ამისთვის საკადრისი პასუხი უნდა გაგვეცა. თუმცა, ეს შეფასება იმით იყო გამოწვეული, რომ ტურნირამდე პოლონეთის ნაკრებს 15 საერთაშორისო ამხანაგური თამაში ჰქონდა ჩატარებული, ხოლო ჩვენ – 3. სწორედ ამიტომ ანიჭებდნენ პოლონელებს უპირატესობას. ამხანაგურ თამაშებს აუცილებლად დავგეგმავთ.
ლაშა თაბაგარი







