“უკვე ექვსი წელია, green card-ს ვფლობ და იმედია, მოქალაქეობასაც მივიღებ. მინდა, აქაურ ნაკრებში და “რედ ბულსში” ვითამაშო”, – ეს 20 წლის ქართველი გიორგი ჩირგაძის სიტყვებია, რომელიც ამერიკულ საიტ mlssoccer-ზე გამოქვეყნდა.
ჩირგაძე რომ “ნიუ იორკ რედ ბულსის” სარეზერვო გუნდში ირიცხება, ეს სიახლე არაა. ქართველი მარცხენა გარემარბის პოზიციაზე თამაშობს და ძირითად გუნდშიც ჰყავდათ, კერძოდ, 2010 წლის დასაწყისში აიყვანეს და რამდენიმე ამხანაგურ მატჩშიც გამოსცადეს.
შარშანვე, გაზაფხულზე ჩირგაძემ მძიმე ტრავმა მიიღო და ნახევარი წელიწადი გაუცდა, რის შემდეგაც ისევ სარეზერვოებში დააბრუნეს. წლეულს იყო, გიორგი “ნიუ იორკ რედ ბულსიდან” საერთოდ რომ გაუშვეს. ძირითადი გუნდის მწვრთნელმა ჰანს ბაკემ განაცხადა, მიზეზი პირადულიაო, თუმცა, ფეხბურთელი მაინც შეაქო და დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა.
ჩირგაძე მალევე დააბრუნეს კლუბში, თუმცა, ისევ სარეზერვოებში და ახლაც იქაა.
“ბაკესთან საუბარი და “რედ ბულსის” ძირითად გუნდში თამაში მსურს. პროფესიონალი ფეხბურთელი უნდა გავხდე”, – განაცხადა გიორგიმ.
თავის მხრივ, ბაკემ თქვა, ჯერ სარეზერვოების მწვრთნელებს უნდა გამოვკითხო აზრი ჩირგაძის ჩემს გუნდში დაწინაურებაზეო. მოკლედ, შესაძლოა, 20 წლის ქართველმა ტიერი ანრისა და რაფაელ მარკესის გვერდით ითამაშოს, თუმცა, საწყენია ის, რომ აშშ-ის სახელით გამოსვლას აპირებს.
ილია ნანობაშვილი









