ფეხბურთი

14:46 | 8.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ადამია: “შევეცდებით, ჩემპიონატში მაღალი ადგილი დავიკავო”

“ზესტაფონის” ახალწვეულმა გიორგი ადამიამ აზერბაიჯანულ გამოცემა აპასპორტ.აზ-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ოპტიმალური სათამაშო ფორმის დაბრუნების იმედი აქვს.

- თქვენი მობილური ტელეფონის აზერბაიჯანული ნომერი უკვე გათიშულია. შეიძლება ითქვას, რომ “ზესტაფონში” გადასვლის შემდეგ, ჩვენს ქვეყანასთან, სადაც 8 წელიწადი ცხოვრობდით და თამაშობდით, კავშირი გაწყვიტეთ?

- აზერბაიჯანული ნომერი ბოლო 3 თვე მუშაობდა და 2-3 დღეა რაც გათიშეს. “ზესტაფონთან” ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. ამ ხნის განმავლობაში აქ ვითამაშებ და გამოჩნდება, შემდეგ რა იქნება.

- სხვა კლუბებში კარიერის გაგრძელების ვარიანტი არ გქონდათ?

- პრინციპში, მძიმე ტრავმის შემდეგ, ფეხბურთელის გუნდში აყვანა საქართველოშიც არავის უნდა. ყველა ფიქრობდა, რომ კარიერას ვერ გავაგრძელებდი. ამის მიუხედავად, “ზესტაფონმა” ამიყვანა და “ფეხზე დავდექი”. უკვე ვვარჯიშობ და ნორმალურად ვთამაშობ.

- აზერბაიჯანში თქვენი შეძენით საშუალო დონის კლუბებიც რომ არ დაინტერესდნენ, არ გაგიკვირდათ?

- ამას მძიმე ტრავმას ვუკავშირებ. ალბათ, აზერბაიჯანის საშუალო კლუბმაც ამიტომ არ მიმიწვია. ამ კითხვაზე ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ.

- სამშობლოში 8 წელიწადი არ გითამაშიათ. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა?

- მართალი გითხრათ, არ ვიცი, აქ 8 წლის განმავლობაში რა მოხდა. თავად მაინტერესებს, რა მდგომარეობაა ქართულ ფეხბურთში და ქვეყნის ჩემპიონატში. ამ კითხვაზე პასუხს მას შემდეგ გაგცემთ, რაც თამაშებს ჩავატარებ და გუნდების შესაძლებლობებს შევაფასებ. თუ გსურთ, პირველი წრის მერე დამირეკეთ და ზამთარში სიამოვნებით გიპასუხებთ.

- თქვენს აზერბაიჯანულ კარიერაში ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? ყველაზე დიდი წარმატებად რას მიიჩნევთ და გული რაზე გწყდებათ?

- აზერბაიჯანში თამაშის პერიოდში ჩემი საქმე კარგად მიდიოდა. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ აზერბაიჯანის თასი ვერ მოვიპოვე. აზერბაიჯანის ჩემპიონი და საუკეთესო ბომბარდირი გავხდი. სხვა სინჯის მედლებიც მაქვს. “თანამეგობრობის თასი” მოვიგე.

- ერთი მიღწევა ვერ გააუმჯობესეთ...

- მივხვდი, რა გაქვთ მხედველობაში. თანამემამულე ბადრი კვარაცხელიას რეკორდი ვერ გავაუმჯობესე. მის შემდეგ, აზერბაიჯანში ყველაზე შედეგიანი ლეგიონერი ვარ. სამწუხაროდ, ბოლო წელიწადი ტრავმის მიზეზით გამოვტოვე. განვლილ სეზონში მხოლოდ 4 მატჩი ჩავატარე და ერთი გოლი გავიტანე.

- “ზესტაფონთან” კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ 33 წლის იქნებით. რამდენად რეალურად მიიჩნევთ ამ ასაკში აზერბაიჯანში დაბრუნებას და იმის მიღწევას, რასაც მანამდე ვერ მიაღწიეთ,?

- ეს მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული. შევეცდები, კარგ სათამაშო ფორმაში შევიდე. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ამას დრო სჭირდება. იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში სისწრაფეს “ავკრეფ” და კარგად ვითამაშებ. ამის შემდეგ გამოჩნდება, აზერბაიჯანში დავბრუნდები თუ არა.

- ბუნებრივია, ფინანსურ ასპექტში აზერბაიჯანული და ქართული კლუბების შედარება არ შეიძლება...

- თავისთავად ასეა.

- ასეთ შემთხვევაში თქვენთვის ძნელი არაა მცირე ანაზღაურებით დაკმაყოფილება, როდესაც აზერბაიჯაბში საკმაოდ კარგი ანაზღაურება გქონდათ?

- ძნელია თუ არა, ყოველთვის დგება მომენტი, როდესაც კარიერის ფინიშზე ხარ. მთელი ცხოვრება ფეხბურთს ვერ ითამაშებ. ოდესმე კარგ ცხოვრებაზე და დიდ ფულზე უარის თქმა გიწევს. ახლა ასე მოხდა. თუმცა, ამას ნორმალურად ვეკიდები.

- მომავალ სეზონში “ზესტაფონს” რა მიზნები აქვს?

- განვლილი სეზონის მიწურულს გუნდს გარკვეული პრობლემები ჰქონდა. “ზესტაფონში” თითქმის ყველა ფეხბურთელი ახალგაზრდაა. ასაკოვნები მე და ილია კანდელაკი ვართ. მიზნებზე ჯერ არ გვისაუბრია. შევეცდებით, ჩემპიონატში მაღალი ადგილი დავიკავოთ. პირველ ტურში, რომელიც 11 აგვისტოს ჩატარდება, თბილისის “დინამოსთან” ძალიან რთული თამაში გველის.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113072