ინტერვიუები

13:18 | 21.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

გია გეგუჩაძე: “გუნდის შესავსებად ნიჭიერ ფეხბურთელებს ვეძებთ“

ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა, რომელსაც “მსოფლიო სპორტის” მკითხველს ვთავაზობთ.
- ბატონო გია, როგორ შეაფასებთ ერთიანობაში ჩვენი გუნდის ევროპის ლიგაზე გამოსვლას, რა დადებითი მხარე ჰქონდა ამ ასპარეზობას?
- ჩვენთვის რა თქმა უნდა, მარცხი ყოველთვის მიუღებელია. ჩვენი მონაწილეობა ამ ტურნირში, თუნდაც იმ ატმოსფეროს დანახვა, რაც სუფევს იმ თამაშებში, მნიშვნელოვანი იყო. ამდენად ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ ამ თამაშებს აბსოლუტურად განსხვავებული ფსიქოლოგიური დატვირთვა ჰქონდა. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. ამ ტურნირებში მონაწილეობით ჩვენ გაცილებით მეტს ვიძენთ, ვიდრე ამხანაგური და საკონტროლო შეხვედრის ჩატარებით თუნდაც ძლიერ მოწინააღმდეგესთან.
- რამ განაპირობა ჩვენი ისეთი დაბალი დონის თამაში ყაზახეთში?
- პირველ რიგში მე ავღნიშნავდი, რომ მართლაც ვერ ვაჩვენეთ კარგი თამაში. იყო რამდენიმე მიზეზი, ნათლად დავინახეთ უამრავი ნაკლოვანებები ჩვენი გუნდის თამაშში. პლიუს, ყველაზე მთავარი ალბათ, ის არის, რომ ამ დონეზე თამაშის გამოცდილება აკლდა გუნდს. იყვნენ ჩვენი ფეხბურთელები, რომლებიც ადრე საკმაოდ ხშირად მონაწილეობდნენ ასეთ ტურნირებში, მაგრამ უამრავი ახალგაზრდაც გვყავდა. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ დიდი ხნის უთამაშებლები ასეთ დონეზე თვალშისაცემი იყო. სხვა სიმაღლეა. ამდენად, ეს იყო ალბათ, ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იმ უსახური თამაშისა.
- გასული ეტაპის შემდეგ გუნდი რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დატოვა, ალბათ, შევსებასაც უნდა ველოდოთ...
 - გეთანხმებით, გარკვეულ საკადრო ცვლილებებს მივმართეთ, დიდი მადლიერები ვართ იმ ფეხბურთელების, რომლებიც აქ არაერთი წელი გამოდიოდნენ და თავიანთი წვლილი შეჰქონდათ გუნდის წარმატებაში, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ ვარჩიეთ, რომ აქცენტი მაინც ახალგაზრდებზე გადაგვეტანა. ამით იყო ეს გადაწყვეტილება განპირობებული. დიღმელაშვილი, გოცირიძე, ფარულავა და რა თქმა უნდა, გუნდის კაპიტანი გამეზარდაშვილი, კიდევ ვიტყვი, რომ მადლიერების გრძნობით ვართ მათ მიმართ გამსჭვალული. დღესდღეობით უკეთესია კლუბისთვის, მომზადნენ ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელები, მათ უნდა მიეცეთ მეტი გასაქანი სათამაშოდ და ასპარეზობის საშუალება.
- მოსალოდნელია თუ არა კიდევ რაიმე ხასიათის ცვლილებები?
- ამას დრო გვიჩვენებს, წინასწარ არაფრის თქმა არ გვინდა. მაგრამ ჩვენ გუნდის შესავსებად ნიჭიერ ფეხბურთელებს ვეძებთ და შემიძლია გითხრათ, რომ ამ კუთხით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. დღესდღეობით, გუნდთან ერთად ვარჯიშობს რამდენიმე ახალწვეული: ავთანდილ ბრაჭული - ცენტრალური მცველი, რომელიც ყაზანის რუბინში გამოდიოდა, 19-წლამდე ნაკრების წევრი - გიორგი გაგნიძე, არის ორი ფეხბურთელი ზუგდიდიდან: ირაკლი სიხარულია და ნიკოლოზ აფაქიძე, ასევე, გუნდში ჩარიცხულ ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშობს ყოფილი დინამოელი - მამუკა ლომიძე, თუმცა ჩვენ ჯერ ვერ ვიტყვით, რომ ეს ფეხბურთელები არიან გუნდის წევრები.
- ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე რა გეგმები გაქვთ?
- დღეიდან ვიწყებთ მზადებას, გვაქვს დაგეგმილი, რომ გავემგზავროთ შეკრებაზე, თუმცა ჯერ ვერ გეტყვით სად მოხდება ეს, იმას დავსძენ, რომ თუ მოხერხდა ეს, აუცილებლად საქართველოში იქნება, 29 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით. მოლაპარაკებები გვქონდა და საკონტროლო მატჩებიც გათვალისწინებულია, 23 ივლისს აზერბაიჯანულ „ყარადაგს“ ვეთამაშებით, 27 ივლისს - ფოთის „კოლხეთს“, 30 ივლისს ბათუმის „დინამოს“ დავუპირისპირდებით, 2 აგვისტოს მარტვილის „მერანს“ ვესპარინგებით, 5-ში კი - საჩხერის „ჩიხურას“ და მოგეხსენებათ 11 აგვისტოს პირველი ოფიციალური თამაშის გამართვა გვიწევს ეროვნულ ჩემპიონატში შინ “ზუგდიდის” წინააღმდეგ.
- საფეხბურთო აკადემიის მშენებლობასთან დაკავშირებით თუ არის რაიმე სიახლე?
- სიახლეა, რომ ჩვენ გვქონდა შეხვედრები ამასთან დაკავშირებით. საბოლოო შეთანხმების ფაზაში ვართ და უახლოეს მომავალში დაიწყება მშენებლობა. ამჟამად, საწვრთნელ ბაზაზე არსებული ძველი ბუნებრივი საფარი აღებულია და აქტიურად მუშაობენ სადრენაჟო სისტემის გასწორებაზე, 1 სექტემბერს გვპირდებიან, რომ პირველი გუნდი შევა უკვე ამ მინდორზე სავარჯიშოდ, ისეთი ტემპით მიდის სამუშაოები, რომ ლოგიკურია ეს, განსაზღვრულ დროში შესრულდეს.

 

fctorpedo.ge



 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.101764