ფეხბურთი

22:17 | 19.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

გია ცეცაძე: “შევეცდებით, ქართველი ხალხი გავაბედნიეროთ”

როგორც ცნობილია, 20 ივლისიდან ლიტვაში სტარტს აიღებს 19-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც ჩაებმება. უეფა-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ევროპირველობის B ჯგუფს, სადაც საქართველოს, საფრანგეთის, თურქეთის და სერბეთის გუნდები მოხვდნენ, შემდეგი სტატია მიუძღვნა.

“B ჯგუფის ნაკრებთა ოთხივე მწვრთნელი თვლის, რომ საბოლოო მდგომარეობაზე დიდ ზეგავლენას ლიტვაში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის სასტარტო ტურის მატჩები იქონიებს. თუკი სერბეთს, თურქეთს და საფრანგეთს ამ რანგის ტურნირებში თამაშის დიდი გამოცდილება გააჩნიათ, საქართველოს 19-წლამდელთა გუნდი ფინალურ ეტაპზე პირველად ითამაშებს.

მიუხედავად ამისა, ყველა მწვრთნელი თვლის, ფლეი ოფში გასვლისთვის ძალიან რთული ბრძოლა წარიმართება: “ნახევარფინალში გასვლის შანსი ჯგუფის ოთხივე გუნდს გააჩნია. ყველა ნაკრები სანახაობრივ თამაშს აჩვენებს და ჩამორჩენას არც ჩვენ ვაპირებთ”, - აღნიშნა თურქთა დამრიგებელმა ოკან ბურუკმა, რომელმაც კვირის დასაწყისში ხსენებულ პოსტზე ფეიაზ უჩარი შეცვალა.

უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში, სერბეთის 19-წლამდელთა ნაკრები ნახევარფინალში ორჯერ გავიდა. გუნდის თავკაცის ლიუბინკო დრულოვიჩის განცხადებით, მის შეგირდებს ლიტვურ ტურნირზეც ანალოგიური მიზანი ექნებათ.

“იმედი მაქვს, თავს საუკეთესო კუთხით წარმოვაჩენთ. ყველა მონაცემი გაგვაჩნია, რათა ნახევარფინალში გავაღწიოთ. ჯგუფის ფავორიტად საფრანგეთი ითვლება, თუმცა, შანსი დანარჩენ სამ გუნდსაც გააჩნია”.

საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი 2005 და 2010 წლებში გახდა. “სამფეროვნების” ბოლო ტრიუმფის შემოქმედი სწორედ ახლანდელი დამრიგებელი ფრანსის სმერეცკი გახლდათ, რომელიც პოსტს ხანმოკლე პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

“ამ ტურნირზე ფრანგული ფეხბურთის მომავლის ხილვა შეიძლება. პირველი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თავდაჯერებულობა ჩემპიონატის სტარტიდანვე უნდა შევიძინოთ. ფლეი ოფში ჯგუფის 2 საუკეთესო გუნდი გადის, ამდენად, პირველ შეხვედრაში გამარჯვებით ნახევარფინალიკენ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ”.

სმერეცკის შეგირდები სასტარტო მატჩს ალიტუსში ჩაატარებენ, მეტოქედ კი საქართველოს ნაკრები ეყოლებათ. ქართველთა მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე სრულად ეთანხმება ფრანგ კოლეგას, რომ პირველ თამაშში წარმატება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

“საწყისი შეხვედრას დიდ ყურადღებას ვუთმობთ, სამი ქულის აღების შემთხვევაში ხომ მყის ჯგუფის ლიდერები გავხდებით. აქ ჩამოსვლით უკვე ბედნიერნი ვართ. აღნიშნული შემდეგ ეტაპზე გადასვლის საშუალებას გვაძლევს. ეს, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ევროპის ჩემპიონატზე ძალიან ძლიერი გუნდები შეიკრიბნენ და ჯგუფიდან გასვლა ნებისმიერს შეუძლია. ყველა მატჩი საინტერესო იქნება და ჩვენ ბრძოლისთვის მზად ვართ. შევეცდებით, ქართველი ხალხი გავაბედნიეროთ”.

წარმატებული სტარტის ეიმედება ბურუკსაც. მის შემადგენლობაში ერთბაშად 9 ფეხბურთელია, რომელთაც თურქეთის 20-წლამდელთა ნაკრები შინაურ მსოფლიოს ჩემპიონატზე მერვედფინალამდე მიიყვანეს.

“20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის და ხმელთაშუა ზღვის თამაშების გამო, ზაფხული ძალიან დატვირთული გამოვიდა. მომზადებისთვის დრო არც გვქონია, თუმცა, ბიჭები თავდაუზოგავად შრომობენ. აქ ფეხბურთელები ფასეულ საერთაშორისო გამოცდილებას მიიღებენ.

ჩემი ფეხბურთელები ტურნირზე სრულად არიან კონცენტრირებულნ, ასე რომ, ბრძოლისთვის მზად ვართ. ამასთან, მათ მუდმივად ვუმეორებ, რომ პირველ მატჩში გამარჯვება უაღრესად მნიშვნელოვანია, ეს ხომ ნახევარფინალისკენ გზას გაგვიხნის. ისე კი, ჩვენი მიზანი ფინალში თამაშია”.

შაბათს, მარიამპოლში თურქების პირველი მეტოქე სერბეთი იქნება, რომელმაც გასულ შემოდგომას ლიტვაში ამხანაგურ ტურნირზე ითამაშა. დრულოვიჩის თქმით, იგი ბალტიისპირულ ქვეყანაში დაბრუნებით მოხარულია, თუმცა, ამჯერად ექსკურსიისთვის დრო ნამდვილად არ აქვს.

“მომავალი ტურნირი მაღალ დონეზე საკუთარი პოტენციალის დემონსტრირების საშუალებას გვაძლევს. გუნდში მხოლოდ 2 ლეგიონერი გვყავს, რაც ჩვენთვის ჩვეული სიტუაცია ნამდვილად არაა. ამ ფონზე დანარჩენებს თავის გამოჩენის ჩინებული შანსი აქვთ. ცხადია, სასტარტო შეხვედრას დიდი მნიშვნელონა ექნება, თუმცა, ჩვენ ყველა მატჩში კარგად უნდა ვითამაშოთ”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062024