არნემის "ვიტესმა" შინ "გრონინგენს" ვერ მოუგო, არადა, გამარჯვების შემთხვევაში, ქართველთა გუნდი ლიდერი გახდებოდა. როგორც ხშირად ხდება, "ვიტესი" ან თითქმის მოგებულ თამაშს ვერ იგებს, ან თითქმის წაგებულს "ატრიალებს". ამჯერად უსიამოვნო დასასრული ჰქონდათ – 2:0-ს იგებდნენ და 2:2-ს დასჯერდნენ. ქართველთაგან მხოლოდ გურამ კაშიამ ითამაშა (შეუცვლელად), ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია კი სათადარიგონი იყვნენ.
"ვიტესი" ცხრილში მეექვსეზეა, თუმცა ლიდერს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.
უკრაინაში "დნიპრომ" წაიფორხილა და შინ "ვორსკლას" ვერ აჯობა. სცენარი აქაც იგივე იყო, როგორც "ვიტესის" მატჩში – 2:0-ის შემდეგ, 2:2. ჯაბა კანკავამ ბოლო ნახევარი საათი ითამაშა, სანდრო კობახიძე კი 88-ე წუთზე შევიდა მინდორზე. "დნიპრო" მესამე ადგილზეა.
მათე ღვინიანიძის "სევასტოპოლმა" "ვოლინს" 2:1 სძლია და მე-11 პოზიციაზეა. ღვინიანიძემ შეუცვლელად ითამაშა.
"ილიჩივეცმა" კიევში 0:1 წააგო "დინამოსთან", თუმცა არც დავით თარგამაძე და არც თორნიკე ოქრიაშვილი განაცხადში არ ყოფილან. ორივე მათგანს ტრავმა აქვს – ეს ინფორმაცია "ილიჩივეცის" საიტიდანაა.
პოლონეთში ლადო დვალიშვილმა 90 წუთი ითამაშა პოზნანის "ლეხთან" გასვლაზე და ლიდერად დარჩა, თუმცა "ლეგიას" დარად, 28 ქულა აქვს "გურნიკსაც". დვალიშვილის გუნდი ბურთების შეფარდებითაა წინ.
რუსეთის პირველ ლიგაში ლიდერობას ინარჩუნებს აკაკი ხუბუტიას "მორდოვია", რომელმაც შინ "სიბირს" 2;0 სძლია. ხუბუტიამ შეუცვლელად ითამაშა.
"მორდოვია" 3 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ 'ალანიას", რომელმაც "ნეფტეხიმიკს" 2:1 აჯობა. გოჩა ხოჯავა განაცხადში არ ყოფილა, ოთარ მარცვალაძე კი 73-ე წუთზე შევიდა მინდორზე. "ნეფტეხიმიკში" სასტარტოში იყო მერაბ ურიდია და 57-ე წუთზე შეცვალეს.
ნალჩიკის "სპარტაკმა" შინ 3:0 მოუგო სანკტ-პეტერბურგის "დინამოს". დავით სირაძე სასტარტოში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს. გუჯა რუხაია კი განაცხადში არ ყოფილა. "გაზოვიკმა" გასვლაზე 1:1 ითამაშა "როტორთან". "გაზოვიკის" სათადარიგოში იყო ზურაბ არზიანი.
აზერბაიჯანის ჩემპიონატში "ყარაბაღმა" სტუმრად 3:0 სძლია "ხაზარს" და 2-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. ნიკა გელაშვილი მეორე ტაიმში, 61-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა და 15 წუთში გაიტანა გოლი, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ეს გელაშვილის მესამე გოლია სეზონში.