ფეხბურთი

20:50 | 3.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

გელაშვილმა აზერბაიჯანში დუბლი მიითვალა

აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგაში ზედიზედ მეორე ტურია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს ნიკა გელაშვილი.

მე-12 ტურში, გათამაშების ლიდერმა აგდამის “ყარაბაღმა” თავის მოედანზე “გაბალას” 4:3 აჯობა, რაშიც “ლომის წვლილი” ქართველმა თავდამსხმელმა დაიდო.

გელაშვილმა 26-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 50-ე წუთზე ნადიროვს გაატანინა. მალე მან მეტოქის კარი მეორედ აიღო. როდესაც ქართველი შეცვალეს “ყარაბაღი” 4:0 იგებდა, მაგრამ იმდენი მოახერხა, რომ 3 გოლი გაუშვა. მიმდინარე სეზონში გელაშვილის აქტივში უკვე 5 გოლია. აქედან სამი, მან ბოლო ორ მატჩში გაიტანა.

აგდამელები 10-გუნდიანი პრემიერლიგის სათავეში 27 ქულით იმყოფებიან.

ზაქათალის “სიმურგმა”, რომელსაც გიორგი ჩიხრაძე თავკაცობს, სტუმრად “ბაქისთან” 2:3 წააგო და 14 ქულით მე-7 პოზიციაზეა.

დანიის სუპერლიგის მე-14 ტურში, “ორჰუსმა” შინ “ვიბორგს” 2:1 მოუგო. დავით დევდარიანი “ორჰუსის” რიგებში 58-ე წუთიდან გამოჩნდა, ხოლო მათე ვაწაძე თამაშში 82-ე წუთიდან ჩაერთო. დავით სხირტლაძე 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. “ორჰუსს” 21 ქულა აქვს და 12-გუნდიან სუპერლიგაში მესამე ადგილზეა.

რუსეთის პირველი დივიზიონის 22-ე ტურში, ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ”, რომელშიც გოგიტა გოგუა და გიორგი ნავალოვსკი გამოდიან, ტულის “არსენალი” მიიღო და 3:0 აჯობა. ორივე ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა. “სკა-ენერგიას” 33 ქულა აქვს და 19-გუნდიან პირველ დივიზიონში მეხუთეა.

სარანსკის “მორდოვიამ” სტუმრად კრასნოიარსკის “ენისეი” 4:2 დაამარცხა. აკაკი ხუბუტია სარანსკელთა თადარიგში იმყოფებოდა, მაგრამ არ უთამაშია. ქართველი ცენტრალური მცველი თავს შეუძლოდ გრძნობდა. “მორდოვია” გათამაშებას 46 ქულით ლიდერობს.

ვლადიკავკაზის “ალანიამ” შინ ნალჩიკის “სპარტაკს” 1:0 მოუგო. მასპინძლებში ტრავმირებულ ოთარ მარცვალაძესა და გოჩა ხოჯავას არ უასპარეზიათ. დავით სირაძე “სპარტაკის” სასტარტოში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. გუჯა რუხაია ნალჩიკელთა სამატჩო განაცხადში არ ფიგურირებდა. “ალანია” 43 ქულით მეორე პოზიციაზე, ხოლო “სპარტაკი” 24 ქულით მეთხუთმეტეა.

ორენბურგის “გაზოვიკმა” თავის მოედანზე მოსკოვის “ტორპედოსთან” 0:2 წააგო. ზურაბ არზიანი ორენბურგელთა სასტარტოში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს. “გაზოვიკი” 29 ქულით მეათეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.063203