ფილიპინების დედაქალაქ მანილაში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირზე 7 ტურის შემდეგ სამხელისუფლებიანობა დამყარდა – უზბეკმა ანტონ ფილიპოვმა (2609), ყაზახმა მურტას კაშგალიევმა (2619) და ქართველმა თამაზ გელაშვილმა (2605) 5.5-5.5 ქულა მოაგროვეს.
გასულ ტურში გელაშვილმა თეთრი ფიგურებით ფილიპინელი რონალდ დაბლეო (2448) დამარცხა, ფილიპოვი კი შავებით მერაბ გაგუნაშვილს (2596) დაუზავდა.
აღსანიშნავია, რომ გაგუნაშვილის აქტივში 5.0 ქულაა და იგი ლიდერებს კვალში უდგას. ცნობისთვის, პირველ ოთხეულში მყოფ მოჭადრაკეებს ტურნირზე საუკეთესო რეიტინგები გააჩნიათ.
მე-8 ტურში ცენტრალური გელაშვილისა და კაშგალიევის პარტია იქნება, რომელშიც თეთრი ფიგურებით ქართველი ითამაშებს, გაგუნაშვილი კი შავებით ფილიპინელ ჯონ პაულ გომესს (2527) დაუპირისპირდება.







