ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელი ენრიკე განსო ტრადიციულ კათოლიკურ ოჯახში გაზრდილი ბიჭია. პურიტან მშობლებს თურმე ძალიან უნდოდათ, რომ ენრიკე მღვდელი გამოსულიყო და მის კათოლიკურ სასწავლებელში შეყვანასაც აპირებდნენ, მაგრამ ფეხბურთის სიყვარულმა და ტალანტმა მაინც თავისი ქნა და განსოს მომავალიც ფეხბურთის სასარგებლოდ გადაწყდა.
“სან პაულუში” მოთამაშე ენრიკე განსოს შეხედულებებიც სწორედ ისეთი აქვს, კათოლიკურ ოჯახში აღზრდილ კაცს რომ შეეფერება. ბრაზილიელი ფეხბურთელი ამაყობს იმით, რომ მისი სამშობლო მულტიეთნიკური ქვეყანაა, მაგრამ დიდად არ მოსწონს ბრაზილიური კარნავალები, რომელსაც ფეხბურთელი გარყვნილების ბუდედ მიიჩნევს.
განსო ქალებთან მიმართებაშიც მეტად თავშეკავებული კაცია. ბოლო რამდენიმე წელი ერთი გოგონა (ვინმე ნასტასია დორევსკი) უყვარდა, რომელსაც შარშან დაშორდა. დაშორების მიზეზზე ფეხბურთელი არ საუბრობს, თუმცა გაჩნდა ჭორი, რომ ნასტასია სატრფოსგან უახლოეს მომავალში ქორწინებას მოითხოვდა, განსო კი ჯერ ცოლის მოყვანას არ ჩქარობს.







