სტატიები

13:03 | 2.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

“გამოღმით შენ ხარ, გაღმით მე...”

ნიუ იორკში  სადაც უნდა გაიხედო, რაღაცას მოგიწოდებენ. კატეგორიულად და "საბჭოურად" კი არა (მრისხანე ბიძია, ან დეიდა რომ გამუნათებდნენ პლაკატიდან და სუსხიანად, "დედა სამშობლო გეძახის-ო"), ჩვეულებრივ, რბილად, ალერიანად, ასე ვთქვათ - ანალიტიკურად... მაგალითად, "მოდით, წელიწადში მილიონი ხე დავრგოთ!", "მიდი, ისწავლე რომელიმე კოლეჯში და გაიკეთე კარიერა!", "მიეხმარე უსახლკაროებს!", " თუკი ხედავ რამეს, თქვი რამე!" (ეს დაკარგულ  ნივთებზეა საუბარი) და ასეთები...
მოკლედ, ქალაქი დიდი და ჭრელია და წარწერებსაც ათასგვარს შეხვდები - თუნდაც ასეთს, მანჰეტენზე რომ აუკრავს გულის ფიცარზე ერთ მათხოვარს: "ჯენიფერ ანისტონმა იმიტომ ამიარა გვერდი, ფული რომ არ მქონდა და დამეხმარე, რათა დამიბრუნდესო!"...
თავად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამდენი ადამიანის დახმარება დასჭირდება ამ ამბიციურ ადამიანს, რათა ჯენიფერ ანისტონი მისი ქისით მოიხიბლოს და გვერდი აღარ აუაროს - ვფიქრობ, იმ უფსკრულის ამოვსებას, რაც ამ წვერგაბურძგნულ პატივცემულსა და ლამაზმანს შორისაა, მანჰეტენელი "ჰაუმლესის" მთელი დარჩენილი ცხოვრება და მისი სულის კიდევ რამდენიმე რეინკარნაცია დასჭირდება...
პრინციპში, ასე გაღმა-გამოღმა ცხოვრობს ამერიკა - ანუ ის მსოფლიო წესრიგი, ადრე რომ "დამპალ კაპიტალიზმად" გვასაღებდნენ და ახლა კი, "გლობალიზაციად" მონათლული ახალი მსოფლიო წესრიგი ჰქვია...
აქ, როგორც ყველგან, ასი წელიც რომ იცხოვრო, ახალს და სასწავლს სულ მონახავ. ამიტომაა, ამერიკაში ყოფნის წლისთავზეც კი ისეთ რაღაცებს ვგებულობ, რაც ერთი შეხედვით ელემენტარულია, მით უმეტეს, სპორტულ ჟურნალისტს ამაზე წარმოდგენა უნდა ჰქონდეს, მაგრამ...
ჩვენ ხომ აქედან "ძალიან შორს" ვიზრდებოდით და არ ვიცოდით, რა და როგორ ხდებოდა - თუნდაც ელემენტარული რამ... მაგალითად, ერთ ახალგაცნობილ ტიპთან უმნიშვნელო საუბარში გავიგე და გავარკვიე საკმაოდ საინტერესო რამ - ის, თუ როგორ ხდება
"ოლ  სტარზე" გამოძახებული ვარსკვლავების "განკარგვა" იმ ორი დღის განმავლობაში - როცა მთელი ჩრდილოეთ ამერიკა ჰოკეითი აღამებს და ათენებს. ეს კაცი, არც მეტი, არც ნაკლები, ათეულობით წლების წინ სან ხოსეში გამართული "ოლ სტარზისას", ერთ-ერთი
ფეშენებელური სასტუმროს კონსიერჟი (ლიფტიორი თუ ვახტიორი ჰქვია ჩვენებურად) გხლებიათ და გვარიანად წაიტრაბახა კიდეც - ის ორი დღე მეც დიდი  მოვლენის ნაწილი და შემადგენელი ვიყავიო...
როგორც იტყვიან, გაუმარჯოს მის ტკბილ მოგონებებს და მონაყოლს რაც შეეხება, მივყვეთ სადღეგრძელოებივით საფუძვლიანად...
საყოველთაოდ ცნობილია, რომ აღმოსავლეთისა და დასავლეთის საუკეთესო ექვსეულებს მაყურებელი ირჩევს სპეციალური გამოკითხვით - ხუთი მოედნის მოთამაშე, პლუს მეკარე... თითოეულ გუნდში ორ-ორი ჰოკეისტის "ჩამატება" ნჰლ-ის კომისიონერის, ასე ვთქვათ,
გენერალური მენეჯერის, გერი ბეტმენის უფლებაზე და სურვილზე გხლებიათ დამოკიდებული. ამ შემთხვევაში, მსოფლიო ჰოკეის პირველკაცი,საკუთარ სიმპათიებსა და ჰოკეისტის ოსტატობაზე წინ, დამსახურებას აყენებს - იგი ირჩევს ასაკოვან ჰოკეისტებს, რომელთაც ნაციონალურ ლიგაში გამოსვლის დიდი ხნის სტაჟი აქვთ და შესაბამისი ავტორიტეტიც მოიხვეჭეს სპეციალისტებსა და კოლეგებს შორის... ამას ემატება თავად კლუბების მიერ წარდგენილი მოთამაშეები, რომელთაც, როგორც წესი, იმ სეზონში საკუთარი გამოსვლით დაიმსახურეს ეს პატივი (თითოეულ კონფერენციაში ცამეტ-ცამეტი კლუბია) და საბოლოო ჯამში, ის ოცდაორი ჰოკეისტიც იყრის თავს, რომელიც ოლსტარზის გამართვას სჭირდება. მწვრთნელების საქმე ასეა: წინასაშობაოდ, 20 დეკემბრამდე, გადახედავენ სატურნირო მდგომარეობას და კონფერენციათა გუნდებს იმ მწვრთნელებს ჩაუყენებენ სათავეში, რომელთა კლუბიც ამ რიცხვისათვის ლიდერობს დასავლეთსა და აღმოსავლეთში - ბუნებრივია, ცალ-ცალკე აღებული... როგორც კონსიერჟყოფილმა მითხრა, ასეთი ღონისძიების ხარჯები უნდა გაიღოს იმ კლუბის პატრონმა, რომელ ქალაქშიც "ოლსტარზბრეიკი" ტარდება. რახან ჩვენ ვარსკვლავების მატჩს სან ხოსეში ვემსახურებოდით,  'სან ხოსე შარკზის" მენეჯერმა დაგვირიგა ბანკნოტებიანი კონვერტებიო... სასტუმრო, ლიმუზინები, ბანკეტი უამრავ სტუმარზე და საერთოდ, ნებისმიერი საორგანიზაციო
ხარჯი მან უნდა იკისროს, მაგრამ მატჩის შემოსავალიც მისი განსაკარგიაო... წესი ყოფილა მატჩის წინა სრიალი (გახურება) და ეგრეთ წოდებული "თიმფიქჩერზი" - დილის ცხრა საათზე ერთი გუნდი იღებს ფოტოებს ჯგუფურად და ცალ-ცალკე, ერთი საათის შემდეგ, ათზე მეორეო...  მართალია, ჩემი სამუშაო, ერთი შეხედვით, დიდ შრომას და ცოდნას არ მოითხოვს, მაგრამ სიფრთხილე და მუდმივი მზადყოფნა სულ საჭიროა - ვარსკვლავებს ჭირვეული ხასიათი აქვთ, თანაც ლოდინს გაცილებით ძნელად იტანენ, ვიდრე სასტუმროს ჩვეულებრივი კლიენტებიო...
სწორედ ამ ვარსკვლავური გამოვლინებების ბრალი იყო, გრეცკიმ და ბრედ ჰალმა (ამერიკაში მათ მეგობრობას საარაკოს ეძახიან - ავტორი) რომ "თიმფიქჩერზი" მიაყურისძირეს და ლას ვეგასის კაზინოებში გაქუსლეს - ამიტომ იყო, გრეცკი საერთოდ არ გამოჩენილა ფოტოების
გადაღებისას და ბრედ ჰალმა, რაკი მხოლოდ ოცი წუთი დააგვიანა, ინდივიდუალური ფოტოს გადაღება მოასწრო, გუნდურზე კი ვერ მოხვდაო...
და კიდევ: ყველა ოლსტარელს შეძლებია ორი ადამიანის თან მიყვანა - სასტუმროშიც, მატჩზეც და ბანკეტზეც: შესაბამისად, ამ დიდ ფორუმზე რომ მოხვდეთ, არ არის ჰოკეისტობა საჭირო - ჰოკეისტის მეგობრობაც საკმარისია...
კონსტანტინე გოგიშვილი
სპეციალურად „მსოფლიო სპორტისთვის“ ნიუ იორკიდან
 

0.167422