რაგბი

16:38 | 30.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

გაივიცნოთ მეტოქე - “როვიგომ” “ტრევიზო” დაამარცხა და “ძებრესთან” დამარცხდა

 

სამ კვირაზე ნაკლები რჩება ქართული კლუბების ევროთასებში ჩაბმამდე, რომლის პირველ ეტაპზეც საქართველოს ჩემპიონატის კლუბების ნაკრები “თბილისის კავკასიელები” “რაგბი ჩელენჯ ქაფის” შესარჩევ პლეი ოფში იტალიურ “რაგბი როვიგო დელტას” დაუპირისპირდებიან.

პირველი თამაში 20 სექტემბერს იტალიაში გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრა 27 სექტემბერსაა დანიშნული. აღსანიშნავია, რომ რაგბის ზოგიერთმა საიტმა, ისე, რომ ზემოთნახსენები თამაშების შედეგებს არ დაელოდა, “როვიგო” უკვე ჩასვა პირველ ჯგუფში “კარდიფთან”, “ლონდონ აირიშთან” და “გრენობლთან” (მაგ.: http://itsrugby.fr/resultat-ercchallengecup-2014.html). წარმატების მიღწევა იოლი არ იქნება, მაგრამ ლევან მაისაშვილის რჩეულებმა მაქსიმუმი უნდა გაიღონ, რათა “ზოგიერთ თავხედს” ღირსეული პასუხი გასცენ, ორი მატჩის ჯამში გამარჯვება მოიპოვონ და ზემოთნახსენებ საიტებს ნაჩქარევი გადაწყვეტილებისთვის საქმე მოუმრავლონ.

ახლა მეტოქეც გავიცნოთ - როვიგო ქალქია იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ვენეტოს რეგიონში და იქ რაგბის თამაში 1935 წელს დაიწყეს. საპორტო ქალაქში ოვალური ბურთი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა დევიდ ლანძონიმ ჩაიტანა და თანამოაზრეთა მრავალრიცხოვანი არმიაც მალევე გაიჩინა. გუნდი მალევე ჩაება იტალიის ჩემპიონატში და ფორმის ფერებად ლურჯი და წითელი შეარჩია. ლეგენდის თანახმად, ლანძონიმ ზაფხულის არდადეგები საფეხბურთო კლუბ “ბოლონიას” წარმომადგენლებთან ერთად გაატარა, მათ “როვიგოსთვის” მცირედი ფინანსური დახმარება სთხოვა და თანხმობის შემდეგ სათამაშო ფორმის ფერად ამავე კლუბის ფერები შეარჩია. “რაგბი როვიგო დელტას”, ისე, როგორც სარაგბო კლუბებს ჩვევიათ, ამ ფერებისთვის არასდროს უღალატიათ და “თბილისის კავკასიელებს” წინააღმდეგაც ლურჯ-წითელი მაისურებით ითამაშებენ.

1938/39 წლებში “როვიგომ” პირველი ტიტული მოიგო - იტალიის თასი, 1949 წელს კი, პირველად ითამაშა ქვეყნის ჩემპიონატის ფინალში. 1950/51 წლების სეზონიდან მათ ზედიზედ ოთხჯერ იზეიმეს პირველობა. 1962-1964 წლებში მათ ზედიზედ სამჯერ მოიგეს მთავარი პრიზი, 1976 წელს კი, კიდევ ერთხელ შემართა “სკუდეტო”. 1977 წელს მათ რეგულარული გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულეს, მაგრამ პლეი ოფში ვერ ივარგეს და ჩემპიონის სახელი 1978/79 წლებში დაიბრუნეს. 1987/88 წლებში “როვიგომ” ფინალში “ტრევიზო” 9:7 დაამარცხა და მე-10-ე საიუბილეო გამარჯვება იზეიმა, ხოლო ორი წლის შემდეგ კვლავ “ტრევიზოს” ძლევით კიდევ ერთხელ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. 90-იან წლებში “როვიგო” იტალიური რაგბის მწვერვალზე იყო, მაგრამ გადამწყვეტ მატჩებს ფინალსა და ნახევარფინალებში უმეტესად “ტრევიზოსთან” თმობდა და მას შემდეგ, გუნდი ოთხეულს მიღმა ერთხელაც არ დარჩენილა, თუმცა, ჩემპიონის ტიტული აგერ უკვე 24 წელია აღარ მოუპოვებია.

“როვიგოს” შემადგენლობაში იტალიის და სხვა წამყვანი სარაგბო ქვეყნების ეროვნული გუნდების არაერთ კანდიდატს უთამაშია. სასიხარულოა, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში ამ კლუბის ღირსებას ყოფილი “ბორჯღალოსნები” - აქვსენტი გიორგაძე, ილია ზედგინიძე და ბესიკ ხამაშურიძე იცავდნენ. იტალიის განვლილ ჩემპიონატში “როვიგო” ფინალში “კალვიზანოს” დაუპირისპირდა, 17:26 დამარცხდა და მეორე ადგილს დასჯერდა.

იტალიის მომავალი ჩემპიონატი 4 ოქტომბერს იწყება, მაგრამ გუნდი აქტიურად ემზადება “ჩელენჯ ქაფის” მომავალი გათამაშებისთვის და “კელტების ლიგის” ორ მონაწილესთან, რომლებიც ბოლო წლებში რეგულარულად მონაწილეობდნენ ევროპის უმაღლესი დონის “ჰაინეკენის თასის” გათამაშებაში, ამხანაგური თამაშები გამართეს. 22 აგვისტოს ისინი “ჩემპიონთა თასის” (ყოფილი “ჰაინეკენის თასი”) მომავალი გათამაშების მონაწილე “ბენეტონს” დაუპირისპირდნენ. პირველ ტაიმში, მეტოქის ჩათვლის მოედნიდან დაახლოებით 7-8 მეტრში, მათ ტრევიზოელების შერკინება მოიგეს, 9 ნომერმა ბურთი გამოიტანა, შერკინებას შემოურბინა, თავად შეუტია და ალამთან ლელო გაიტანა. რთული პოზიციიდან გარდასახვაც ზუსტი აღმოჩნდა. შესვენებამდე “როვიგომ” საკუთარი ნახევრიდან წამოიწყო კონტრშეტევა, გარემარბმა ორჯერ ითამაშა ფეხით და მეორე ლელოსა და გარდასახვის შემდეგ, ტაიმი 14:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლებმა ჩათვლის მოედნიდან ორიოდე მეტრში რაქიდან გაიტანეს ბურთი, სისწრაფეზე შესულ შუამარბს ლელო უნდა გაეტანა, მაგრამ ბურთი უკან დაუვარდა, თუმცა, იქვე ტრევიზოელების პასი იყო უხეირო და ლელო გარემარბმა გაიტანა, ხოლო რთული პოზიციიდან გარდასახვამ კვლავ ძელებსშუა გაიარა. ამის შემდეგ “ტრევიზო” უპირატესობას დაეუფლა და სამი საპასუხო ლელო გაიტანა, მაგრამ ორი გარდასახვა ვერ გამოიყენა და ქართველთა მომავალმა მეტოქემ სახელოვან გუნდთან 21:17 იმარჯვა.

29 აგვისტოს როვიგოელებმა სიძლიერით მეორე იტალიურ კლუბ “ძებრეს” უმასპინძლეს და საწყის წუთებში უპირატესობასაც ფლობდნენ, მაგრამ მეტოქის “წითელი ზონა” უქულოდ დატოვეს. ტაიმის შუაში სტუმრებმა ჯერ ჯარიმა, მერე კი, ლელო გაიტანეს და გარდასახვა გამოიყენეს. “როვიგომ” საპასუხო ლელო 28-ე წუთზე გაიტანა და გარდასახვა გამოიყენა, თუმცა, ზედ შესვენების წინ ბასონს მიზანმა უმტყუნა და ანგარიშის გათანაბრების შანსი ხელიდან გაუშვა. მეორე ტაიმში “ძებრემ” კიდევ ორი ლელო გაიტანა და 27:7 იმარჯვა. “როვიგოს” 6 ათასიან სტადიონზე ამ ამხანაგურ შეხვედრას 1800 მაყურებელი დაესწრო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.174731