ინტერვიუები

10:02 | 23.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

გაბრიელ მილიტო: ”მესიმ მარადონას დონეს უკვე მიაღწია”

გაბრიელ მილიტო არის მაგალითი იმისა, რომ ადამიანი არასდროს უნდა დანებდეს. 2008 წლის გაზაფხულზე მიღებულ ტრავმას არგენტინელი მცველი თითქმის 2 წლის განმავლობაში მკურნალობდა, მაგრამ მაინც მოახერხა გამოჯანმრთელება და იმ “ბარსელონას” შემადგენლობაში, რომელშიც დაცვის ცენტრში საკმაოდ დიდი კონკურენციაა, საკმაოდ ხშირად თამაშობს. ცოტა ხნის წინ “ბარსას” მე-18 ნომერმა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს და “BarcaTV”-ს ინტერვიუ მისცა.
- “რეალთან” არსებული საჩემპიონო ბრძოლა ბოლო ტურამდე გაგრძელდება?
- ვფიქრობ ასე იქნება. ჩემი სურვილია მანამდე მოვიპოვოთ დიდი უპირატესობა, მაგრამ ჯერჯერობით ასე არ ხდება. ვვარაუდობ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებულის ბედი ბოლო მომენტამდე გაურკვეველი იქნება. “რეალი” კარგ ფორმაში იმყოფება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თავად ვითამაშოთ წარმატებით. იმედი მაქვს, რომ მადრიდელები ქულებს დაკარგავენ, ჩვენ კი არა.
- გუნდი მორალურად სათანადოდაა მომზადებული?
- რა თქმა უნდა. ორ ტურნირს, რომლებზეც ვასპარეზობთ, დიდი იმედებით ვუყურებთ.
­- ბოლო შეხვედრებში გუნდის მიერ გატანილი თითქმის ყველა გოლის ავტორი ლეო მესია. ეს კარგია, თუ ცუდი?
- ეს ძალიან კარგია როგორც მისთვის, ასევე გუნდისთვის. ჩვენ ასევე გვყავს სხვა ნიჭიერი თავდამსხმელებიც და ისინიც გაიტანენ გოლებს. კარგია, რომ ლეო ასეთ ფორმაშია და მთელი გუნდი მადლობელი ვართ მისი.
- რატომაა მესი ამდენად კარგი მოთამაშე?
- მესი ასეთი დაიბადა. ეს მას სისხლში აქვს. ლეო ყოველ მატჩში ამტკიცებს, რომ იგი მსოფლიოში საუკეთესოა.
- ცოტა ხნის წინ ვალდესმა განაცხადა, რომ მესის შეუძლია ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს.
­- იგი საუკეთესოა მათ შორის, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. ჩვენ, არგენტინელებს, ხარისხის ეტალონად მარადონა მიგვაჩნია და მე მივიჩნევ, რომ მესიმ მის დონეს უკვე მიაღწია. გარდა ამისა, ლეო ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს.
- შეუძლია მას თამაშის კიდევ უფრო გაუმჯობესება?
- მისი შესაძლებლობების ადამიანი თუ კვლავ ასე განაგრძობს მუშაობას, მისი დარი არავინ იქნება. მესი შეუფასებელ ტალანტს ფლობს. ყოველთვის არის რაღაც, რისი გაუმჯობესებაც შეიძლება, მაგრამ მესის ასეთი არცთუ ბევრი თვისება აქვს.
- “შტუტგარტის” კარში გატანილი მეორე გოლის შემდეგ მესი პირველად სწორედ თქვენთან მოვიდა...
- ჩვენ მეგობრები ვართ და ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. შესვენების დროს მას ვუთხარი, რომ კარგი იქნებოდა, თუ კიდევ გაიტანდა. იგი დარწმუნებული იყო, რომ ამას მოახერხებდა და მითხრა: “მოემზადე, ამ გოლს ერთად ვიზეიმებთ”.
- მას ძალიან ცოტა დააკლდა ჰეთ-თრიქამდე.
- დიახ. მაგრამ მან ორი გოლი გაიტანა, ძალიან კარგად ითამაშა და გუნდმა მოიგო. ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა.
- გოლის ერთობლივი აღნიშვნა და გასული ტრიუმფალური სეზონის შემდეგ ზეიმი არის იმის დასტური, რომ თქვენი მეგობრობა საფეხბურთო მოედანს სცდება.
- ჩვენ ერთად დიდ დროს ვატარებთ და კარგი მეგობრები ვართ. მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. იგი კვლავ ისეთი ლეოა, რომელსაც მე 4 წლის წინ ვიცნობდი და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. იგი მზადაა საუკეთესო იყოს როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ.
- ალბათ ძალიან გინდათ ტიტულების მოგება, რადგან ამჟამად უკვე თამაშის საშუალება გეძლევათ.
­- გასულ წელს მოგებული 6 ტიტულითაც დიდი სიამოვნება მივიღე, რადგან ბიჭებმა ეს წარმატება დაიმსახურეს ისევე, როგორც მწვრთნელებმა. გუნდში ბევრი მეგობარი მყავს და მათი დახმარებით ამ წარმატებების მონაწილე ვიყავი. მიმდინარე სეზონში თავად მიწევს თამაში და ვოცნებობ გუნდის გასული სეზონის წარმატებების გამეორებაზე.
- რას ისურვებდით უახლოეს მომავალში?
- გუნდის მიერ დასახულ მიზნებთან მიახლოებას. გარდა ამისა, მალე მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება. ვნახოთ რა მოხდება.
- გქონდათ საუბარი მარადონასთან?
- დიახ. ეს მოხდა კატალონიის და არგენტინის ნაკრებების ამხანაგურ მატჩამდე. მას იმ სასტუმროში ვეწვიე, სადაც ჩვენი ნაკრები იმყოფებოდა. მარადონასთან ნაყოფიერი საუბარი მქონდა. მას ჩემთვის არაფრის პირობა არ მოუცია. უბრალოდ მითხრა, რომ კმაყოფილი და გახარებულია ჩემი ქუვეითთან თამაშის გამო. მარადონა კმაყოფილია ჩემი დაბრუნებით.
- ამჟამად თქვენ ხართ გუნდის მე-12 ფეხბურთელი, რომელსაც გვარდიოლა შეცვლებზე სხვებზე ხშირად უშვებს. რამდენიმე თვის წინ იოცნებებდით ამაზე?
- სიმართლე გითხრათ, არა. ძალიან მიხარია, რომ პეპი მენდობა. ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ მისი ნდობა გავამართლო.
- შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულად გამოჯანმრთელდით?
- ტრავმა საერთოდ დავივიწყე. მკურნალობის პროცესში მშვიდად ვიყავი და ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ყველაფერი კარგად წარიმართებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტკივილს დიდი ხნის განმავლობაში ვგრძნობდი, ვიცოდი, რომ დავბრუნდებოდი და ვითამაშებდი. უბრალოდ დრო მჭირდებოდა იმისათვის, რომ თამაშის რიტმში ჩავმჯდარიყავი. ახლა თავს შესანიშნავად ვგრძობ.
- აცნობიერებთ, თუ რას მიაღწიეთ?
- გარშემო მყოფებიდან ყველა გვერდში მედგა. თავი მარტოსულად ერთი წუთითაც არ მიგრძვნია. მხარს მიჭერდნენ როგორც ოჯახის, ასევე გუნდის წევრები. ამას არასდროს დავივიწყებ. მოედანზე ჩემს დაბრუნებაში მათ უდიდესი წვლილი მიუძღვით. მათმა ჩემდამი რწმენამ ძალა შემმატა.
- მიმდინარე სეზონის დასაწყისში ხორხე ვალდანომ შემდეგი განაცხადა: “როგორც დრომ გვიჩვენა, მილიტოსთან მიმართებაში მართებული გადაწყვეტილება მივიღეთ” (მილიტო თავის დროზე მადრიდელმა მედიკოსებმა დაიწუნეს - მ.ზ.). როგორ მიიღეთ მისი ასეთი განცხადება?
- სიტყვის თავისუფლება მასზეც ვრცელდება. კარგია, რომ შანსი მაქვს მისი სიტყვების საწინააღმდგეო დავამტკიცო. ახლა ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. სწორედ ასე იყო მაშინაც, როდესაც მადრიდისგან უარყოფილი “სარაგოსაშიც” გადავედი. ამ გუნდში 5 წლის განმავლობაში ერთი ვარჯიშიც კი არ გამიცდენია. ახლა მაქვს შანსი დავამტკიცო, რომ კვლავ შემიძლია უმაღლეს დონეზე თამაში.
- შეგვიძლია თქვენი მიღწევა ტიტულის მოგებას შევადაროთ?
- პერსონალურად დიდი გამარჯვება მოვიპოვე. ბევრს ვმუშაობდი იმისათვის, რომ ეს დღე დამდგარიყო. რეაბილიტაციის პერიოდში თავდაუზოგავად ვშრომობდი და ამჟამად შექმნილი მდგომარეობით კმაყოფილი ვარ.

მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098809