რაო, რაო? რა და - ფსიქოზში ვართო. თქვე კაი კაცებო (ქართული ფეხბურთის “მამებს” ვგულისხმობთ), პირველად გაიგონეთ საფეხბურთო მინდვრები რომ არ გივარგათ? ხომ იცით საქართველოში როგორაა - ჟურნალისტმა რაც არ უნდა იყვიროს, ყველა თავს იყრუებს, ვითომდა, აქაც არაფერიო. არადა, რაც ქართული გაზეთების ფურცლებზე დაწერილა, ეს ფეხბურთი კი არა ყანაბურთიაო, “ფსიქოზისგან” კარგა ხანი განკურნებული უნდა იყოთ და ახლა “ნირვანაში” ცხოვრობდეთ...
ისრაელთან ნამატჩევს, თემურ ქეცბაიას კრიტიკულ გამოსვლას - “ბორის პაიჭაძეზე” მინდორი კი არა, ყანააო, პატარა წინაისტორია ჰქონდა. ეროვნული გუნდის თავ¬კაცმა, ასეთი ვერდიქტი თბილისის მერიის ბალანსზე მყოფ მინდორს ჯერ კიდევ ორი დღით ადრე გამოუტანა. კვირას (ხუთ სექტემბერს), ნაკრების ვარჯიშზე მისულმა სფფ-ის პრეზიდენტმა და გენმდივანმა იგივე სიტყვები ქეცბაიასგან პირველებმა მოისმინეს. სწორედ ამ პრეცენდენტის გამოძახილი იყო, ორშაბათს ეროვნულ სტადიონზე მისულ რევაზ არველაძეს (სწორედ ისაა ფედერაციის “მუდმივმოქმედი” გენერალური მდივანი) მეგობრები რომ “ეშაყირებოდნენ” - რაო, მინდორი არ გივარგათო?
მეტიც, ქეცბაიამ, როცა მედიისთვის მატჩისწინა ბოლო პრესკონფერენციას, კახა კალაძესთან და ლევან კობიაშვილთან ერთად ატარებდა, უკან მიიხედა და ყველას გასაგონად თქვა - სხვა ფედერაციებს თუ ჰყავთ სპონსორები, ჩვენ რა დავაშავეთო. ვერ გეტყვით, რას მოიმოქმედებდა ნაკრების თავკაცი ისრაელთან რომ მის გუნდს მოეგო (ვფიქრობთ, პრეტენზიას მაინც გამოთქვამდა), მაგრამ სფფ-ის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა რომ პარასკევის “ოპერატიული” პრესკონფერენციის ჩატარებას არ იჩქარებდა, აშკარაა.
მშენებლობის ბიზნესიდან ფედერაციაში მოსული სიჭინავა, არც პოლიტიკოსია და არც ფეხბურთშია პროფესიონალი, მაგრამ ის ნამდვილად იცის, კრიტიკა სათავისოდ როგორ გამოიყენოს. მომავალ კვირაში უეფასთან გვაქვს შეხვედრა (ორატორის სტილი დაცულია) და იქ მოვითხოვთ, რომ იქნებ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში დაგვეხმაროსო. თუ იმ “უეფას” ჭკუა აქვს, “სიცილით უნდა მოკვდეს”. სულ რაღაც ერთი თვის წინათ, აქ არ იყო ჩამოსული მისი პრეზიდენტი მიშელ პლატინი? ოღონდ რომელიმე ევროპული ტურნირის ფინალი ჩაგვატარებინე და დანარჩენი ჩვენ ვიცითო, ქვეყნისა და დედაქალაქის მთავრობის დონეზე არ დავპირდით? მოკლედ, კი გამოუკეთდება ფრანგ ვარსკვლავს ხასიათი! აღმოჩნდა, ევროლიგის და მით უფრო, ჩემპიონთა ლიგის ფინალის თბილისში ჩატარების პიარ-კამპანია, კიდევ ერთი ქართული “ბლეფი” იყო.
დასაწყისს ერთხელაც მივუბრუნდეთ. გამოდის, როცა ჩვენი მედია-ჰოლდინგის საშუალებით, ეროვნული ჩემპიონატის პროპაგანდას ვეწევით და ყანაში (გამონაკლისები ამ მხრივაც გვაქვს რუსთავის ხელოვნური და ზესტაფონის ბუნებრივსაფარიანი მოედნები) ბურთის გორებაზეც ხშირად ვამახვილებთ ყურადღებას, ადრესატი თავს კითხვითაც არ იწუხებს. მერედა, ნორმალურია საქმისადმი ასეთი მიდგომა? გვესმის, რომ ფედერაციისთვის ნაკრების თავკაცის ხმამაღალ კრიტიკას უფრო ავტორიტეტული ძალა აქვს, მაგრამ ქეცბაიას რომ “ეს მინდორი კი არა, ყანააო” პრესით არ გაეხმაურებინა, ხომ არ დაფაცურდებოდა სფფ? ე.ი. რაც უნდა, მას კითხულობს. ძალიან არ გვინდა ყველაფერს მტკიცების ფორმა მივცეთ, მაგრამ მაშინ ასეთი ლოგიკით, გასული კვირის მოვლენები წინასწარ დადგმულ სპექტაკლს ჰგავს. მიზანი კი, ინფრასტრუქტურისთვის საიდანმე (მთავრობისგან თუ არა, უეფადან მაინც) გამოყოფილი თანხების მოპოვებაა.
ისე, ცოტა გაუგებარი კია - რაც მთავრობას ქუთაისში ცენტრალური სტადიონის კოსმეტიკური რემონტისთვის შემოეხარჯა (ფურცელზე ეს თანხა 3-4 მილიონ ლარს შეადგენს), იმ თანხით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 3-4 საფეხბურთო მინდორს იდეალურს ვერ გახდიდნენ? ამით იმის თქმას სულაც არ ვაპირებთ, რომ ქუთაისისთვის სტადიონი არ უნდა გაერემონტებინათ. უბრალოდ ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ თუნდაც იმ გალამაზებულ “ტორპედოზე” ვიდრე მინდვრის საფარი არ გაუმჯობესდება, შეღებილი ტრიბუნების ყურებით, ნაკრებში კი არა, ევროტურნირზე ღირსეულად მოთამაშე ფეხბურთელების გაზრდა შეუძლებელი იქნება.
კიდევ ერთი ძველი თემა, რომელსაც ჩვენც არაერთხელ შევხებივართ, ეროვნული ჩემპიონატის მატჩების ტელეტრანსლირებაა. ცალსახად შეიძლება იმის თქმა, რომ პროფლიგამ ვერ გაართვა თავი ამ ამოცანას. ახალი სეზონი 4 ტურის დაწყებულია და ჯერ მაყურებელს არცერთი მატჩის რეპორტაჟი უხილავს. ქართულ ტელევიზიებს, თუ შესაბამის ანაზღაურებას გადაუხდი, ფეხბურთის ჩვენების სურვილი რომ აქვთ, ახალი საფეხბურთო ტელეპროექტებიდანაც ჩანს. ბუნებრივია, როცა ეროვნული ჩემპიონატის ტრანსლირებაზე მიდგება საქმე, იქ ევროპული ტარიფებისაგან განსხვავებული ტარიფები იქნება. ფაქტია, პროფლიგამ (პრეზიდენტი გია ფირცხალავა) ვერცერთი ადგილობრივი არხი ვერ დაიყოლია ქართული ფეხბურთის ფართო აუდიტორიისათვის წარდგენაზე.
მედიასთან პარასკევის შეხვედრაზე ფედერაციის პრეზიდენტს უთქვამს, ორშაბათს (ე.ი. დღეს) პროფლიგის ხელმძღვანელთან ერთად საჭირო დოკუმენტებზე მოვაწერთ ხელს და ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირების უფლება ჩვენ დაგვიბრუნდებაო. მაყურებლისთვის სულერთია, გინდ პეტრეს გაუკეთებია საქმე და გინდ პავლეს - მთავარია, ჩართოს ტელევიზორი და კვირაში ერთი მატჩი მაინც იხილოს “ეროვნულიდან”. ვისთვისაც სულერთი არაა, მას ასეთი კითხვა აწუხებს - თუ პეტრეს საკეთებელს პავლე გააკეთებს, პეტრე რაღა საჭიროა? რატომ უნდა ინახავდეს გადასახადის გადამხდელის შენატანი თანხა ერთსაც და მეორესაც.
ბოლოს, არ იფიქროთ, რადგან ახლა არ შევეხეთ ამ თემას, ფეხბურთში კორუფციის ელემენტებს ვერ ვამჩნევდეთ. უბრალოდ, ერთ რამეში ვართ დარწმუნებული - ჩვენ რაც არ უნდა ვწეროთ და ჩინოვნიკებმა იკითხონ, თუ ქვეყნის ხელისუფლება არ მოინდომებს “განტევების ვაცის” სამაგალითოდ დასჯას, ყველაფერი წყლის ნაყვას დაემსგავსება. ჰოდა, მიდით და სცადეთ როგორი დასანაყია წყალი - ამ საქმიდან სიამოვნებასაც ვერანაირს მიიღებთ. არადა, ახალდაწყებულ ჩემპიონატში უკვე გამოჩნდნენ “დაწყვილებული” გუნდები. დროზე თუ არ ვუშველეთ, ისინი აუცილებლად დაამახინჯებენ ლამაზად დაწყებულ სეზონს.
ფრიდონ კერვალიშვილი







