“მილანის” ლეგენდარულ კაპიტანს ფრანკო ბარეზის 50 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მან ინტერვიუ “გაძეტა დელო სპორტმა” ჩამოართვა. ჟურნალისტთან დიალოგისას ბარეზი წარსულსაც იხსენებს და მშობლიური გუნდის სამომავლო პერსპექტივაზეც საუბრობს.
- ფრანკო, 8 მაისს 50 წელი შეგისრულდათ. გრძნობთ ასაკს?
- თავს მშვენივრად ვგრძნობ. ბოლომდე ჩამოყალიბებული და ტრაბახში თუ არ ჩამომართმევთ, დაბრძენებული ადამიანი ვარ. სულიერ წონასწორობას მივაღწიე. როდესაც აქტიური საფეხბურთო კარიერა დავასრულე, სამწვრთნელო და სამენეჯერო ასპარეზზე ვცადე ბედი. ამ სფეროებში საქმიანობამ ბევრ ცხოვრებისეულ საკითხებზე ამიხილა თვალი.
- საკუთარ საფეხბურთო კარიერას ხშირად იხსენებთ?
- მოსაგონარი მართლაც ბევრი მაქვს. ყველაზე მეტად კი ის მსიამოვნებს, ქუჩაში გასულს რომ მცნობენ და გულშემატკივრებისგან დღემდე სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობ. პრინციპში, ამგვარი მოპყრობა დავიმსახურე – ცუდი არავისთვის გამიკეთებია, ფეხბურთელობისას კი “სკუადრა აძურასა” და “მილანს” პატიოსნად, ძალის დაუზოგავად ვემსახურე.
- ყველაზე მეტად საამოდ რომელი მატჩი გახსენდებათ?
- როდესაც “მილანთან” ერთად პირველად მოვიგე ჩემპიონთა თასი. ეს 1989 წელს მოხდა. იმ დროს უკვე 29 წლისა გახლდით და დიდი ხნის განმავლობაში ოცნებად მქონდა გადაქცეული ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგება. ბარსელონას “კამპ ნოუზე” ბუქარესტის “სტიაუას” 4:0 მოვუგეთ და როდესაც საფინალო ნიშნის შემდეგ თასი თავსზემოთ აღვმართე, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მეგულებოდა.
- ყველაზე მეტად რომელმა მარცხმა გატკინათ გული?
- 1993 წელს მიუნხენის “ოლიმპიაშტადიონზე” “მარსელთან” 0:1 წაგებამ. ფინალამდე 10 მატჩი ჩავატარეთ და ათივე მოვიგეთ. ბურთების სხვაობას არ იკითხავთ? 23 გოლი გავიტანეთ და ერთადერთი ბურთი მივიღეთ. ობიექტურად “მარსელს” ვჯობდით, მაგრამ გულშემატკივართა აბსოლუტური უმრავლესობის გასაკვირად, დავმარცხდით. ძალიან განვიცადე აშშ-ის მუნდიალის ფინალში წაგებაც. თანაც, ბრაზილიელებთან მატჩისშემდგომი პენალტების სერია “სკუადრა აძურას” ფეხბურთელთაგან მე გავხსენი და თერთმეტმეტრიანი ვერ გავიტანე.
- ხანგრძლივი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ბევრ მწვრთნელთან გიმუშავიათ. მათგან რომელს გამოარჩევდით?
- დაუფიქრებლად გიპასუხებთ – ფაბიო კაპელოს. იგი დღემდე ფეხბურთის მოწინავე სპეციალისტად რჩება.
- პარტნიორთაგან საყვარელი მოთამაშე თუ გყავთ?
- ასეთი რამდენიმეა, თუმცა, მაინც გამოვყოფდი პაოლო მალდინის. მასთან არასდროს მქონდა რაიმე გასაყოფი, გარდა ერთისა – პაოლოს ჩემს გამოცდილებას უშურველად ვუზიარებდი.
- მოწინააღმდეგეთაგან ვინ “გიშრობდათ სისხლს” ყველაზე მეტად?
- რობერტო მანჩინი. ვერასდროს გამოიცნობდი მის მომდევნო ჩანაფიქრს თუ ნაბიჯს.
- გადაწყვეტილია, რომ ზაფხულიდან “მილანს” ახალი დამრიგებელი ეყოლება. ვის ისურვებდით “როსონერის” ახალ მთავარ მწვრთნელად?
- მარკო ვან ბასტენს. ჰოლანდიელი ფორვარდი “მილანისთვის” ეტაპობრივი ფეხბურთელია, ამასთან, მან სანაკრებო და საკლუბო დონეზე მუშაობისას სათანადო გამოცდილება მიიღო. მნიშვნელოვანია ისიც, მარკო ჩვენი კლუბის სპეციფიკას კარგად რომ იცნობს.
- “მილანი” წელსაც ტიტულის გარეშე დარჩა. რა აკლია გუნდს ძველი დიდების დასაბრუნებლად?
- გუნდში მაღალი კლასის მოთამაშეები საკმარისად გვყავს, წინასასეზონოდ რამდენიმე ტრანსფერს გავჩარხავთ და კიდევ უფრო გავძლიერდებით, ასე რომ, ოპტიმიზმის საფუძველი უნდა გვქონდეს. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში “მილანი” “ინტერის” სერიოზული კონკურენტი გახდება.
- ჟოზე მოურინიოს “ნერაძურიზე” რას გვეტყოდით?
- უდავოა, პორტუგალიელმა კიდევ უფრო რომ მოაძლიერა “ინტერი”, თუმცაღა, ჩემი დროის “მილანი” უფრო მიმზიდველ და გულშემატკივრისთვის სასურველ სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა. ჩვენ არა მარტო თავს ვიცავდით უნარიანად, არამედ შეტევაშიც შეუდარებლად ძლიერები გახლდით. ჩემი სიტყვების დასტურად კი ჩემპიონთა ლიგის ფინალების მოყვანაც კმარა. “სტიაუასა” და “ბარსელონას” გოლი არ გავატანინეთ, “მილანმა” კი მათი კარი 4-4-ჯერ დალაშქრა.
გოჩა კაჭარავა







