ინტერვიუები

10:38 | 28.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

ფლეტჩერს დაკარგულის დაბრუნების ეიმედება

გასულ სეზონში, "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ დარენ ფლეტჩერისთვის, ინგლისის პრემიერლიგის და ჩემპიონთა ლიგის ვერმოგება დიდი იმედგაცრუება იყო. 26 წლის შოტლანდიელი იმედოვნებს, რომ მიმდინარე სეზონი, მისთვის და მისი კლუბისთვის, წინაზე წარმატებული აღმოჩნდება და გასული სეზონის ბოლოს დაკარგულ ტიტულს, "მანჩესტერ იუნაიტედი" წელს დაიბრუნებს. გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ქცეული ნახევარმცველი, საკუთარ განცდებზე, კლუბზე, მის წარსულსა და შესაძლო მომავალზე, კლუბის ოფიციალურ ჟურნალ Inside United-ის ჟურნალისტს ესაუბრა.

- რამდენად აისახა გუნდზე გასული სეზონის წარუმატებლობა?
- ძლიერ გულდაწყვეტილნი ვიყავით. ჩვენს კლუბში მუდამ გამარჯვებებს ელიან და მიუხედავად იმისა, რომ ლიგის თასი მოვიგეთ, ინგლისის პრემიერლიგაში და ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარი თავი საკადრისად ვერ წარმოვაჩინეთ. ახლა, ისღა დაგვრჩენია, რომ გასული სეზონის შეცდომები გავაანალიზოთ, დავისახოთ ახალი პრიორიტეტები და წინსვლა განვაგრძოთ. ვიმედოვნებ, რომ ახალი სეზონის განმავლობაში, ტრავმები ხელს არ შეგვიშლის და გასული სეზონის შეცდომებს აღარ გავიმეორებთ. შექმნილმა სიტუაციამ დამატებითი სტიმული მოგვცა და ეს, ახალ სეზონში დაგვეხმარება.
- ზედიზედ სამი წარმატებული სეზონის შემდეგ ინგლისის პრემიერლიგის წაგება, თქვენთვის შოკისმომგვრელი იყო?
- ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს ლიმონივით გამოგვწურეს. პრემიერლიგის ზედიზედ სამჯერ მოგების შემდეგ, ტიტულის მეოთხედ დაუფლება გვსურდა და გასული სეზონის შედეგი მძიმედ მივიღეთ. მაგრამ წინ უნდა ვიყუროთ. ასეთ დიდ ტურნირებში წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, კლუბში, გარკვეულწილად, იმედგაცრუება სუფევს, თუმცა, როგორც ზევითაც აღვნიშნე, გასულ სეზონში განცდილი წარუმატებლობების გამო, ახლა გამარჯვებისკენ უფრო მეტი სწრაფვა გვაქვს.
- ზაფხულის განმავლობაში, გასული სეზონის შედეგს ხშირად იხსენებდით?
- ეს იყო ფიქრის პერიოდი - რა მოხდა, სად დავუშვით შეცდომა. რა თქმა უნდა, პერიოდულად ყველაფერს ვივიწყებდი და დროს და ფიქრს სრულად ოჯახს ვუთმობდი, რადგან დასვენებაც აუცილებელია. ამის გაკეთება ადვილი არ იყო. ფიქრი თავისით იჩენდა ხოლმე თავს. ამოტივტივდება განვლილი თამაში, ესა თუ ის მომენტი... წარმატების მისაღწევად, გარკვეულწილად, იღბალიც აუცილებელია, ის კი, გასულ სეზონში ჩვენს მხარეს ნამდვილად არ იყო. გაიხსენეთ "ჩელსისთან" გამართულ ორივე შეხვედრაში მსაჯის მიერ მიღებული რამდენიმე საეჭვო გადაწყვეტილება, ის ტრავმები, რომელიც გუნდს თავზე დაატყდა. ყველაფერი რომ სხვაგვარად ყოფილიყო, სეზონს ბევრად უკეთ დავასრულებდით.
- მსგავს წარუმატებლობას, მუდამ დამატებით სტიმულად განიხილავთ?
- რა თქმა უნდა. გამარჯვებებს განუსაზღვრელი სიხარული ახლავს, მაგრამ მარცხით გამოწვეული ღრმა მწუხარება, მიზანსწრაფულობას გიათმაგებს. მარცხი მუდამ საბრძოლველად განგაწყობს.
- მომავალი სეზონისთვის მიზნები უკვე დასახული გექნებათ.
- კლუბში ამაზე მუდამ ვსაუბრობთ. გასახდელში თუ სასადილოში, გასულ და მომავალ სეზონზე საუბარი არ წყდება. ასეა მთელი წლის განმავლობაში. ყველა ცდილობს, რომ საკუთარი თამაში დახვეწოს. ერთ ადგილზე გაჩერებას არ ვაპირებთ და მაქსიმუმს გავიღებთ, რათა ახალ დონეზე გავიდეთ და ახალი ტიტულები მოვიპოვოთ.
- პრემიერლიგის მოგების იმედი თუ გაქვთ?
- რა თქმა უნდა. ის, რომ პრემიერლიგა, როგორც ჩემპიონატი, დღითიდღე ძლიერდება, ფაქტია, - "მანჩესტერ სიტიმ" გაძლიერებისთვის დიდი თანხები დახარჯა, "ტოტენჰემმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა, "ლივერპულს" ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს, "ჩელსი" და "არსენალი" კი, ტიტულისთვის მუდამ იბრძვიან. მომავალ სეზონში, გამარჯვებისთვის ბევრი გუნდი იბრძოლებს, მარგამ "მანჩესტერ იუნაიტედი" ან გამარჯვებული ხდება, ან მიზნამდე ერთი ნაბიჯი აკლდება. ვიმედოვნებ, სეზონის ბოლოს, სატურნირო ცხრილის სათავეში ვიქნებით.
- რა უნდა იყოს ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორები, რომლებიც "იუნაიტედს" ჩემპიონის ტიტულის დაბრუნებაში დაეხმარება?
- რაიმე ერთის გამოყოფა ძნელი იქნება, რადგანაც ყველაფერი მოვლენათა ურთიერთთანხვედრით ხდება. თავიდან უნდა ავიცილოთ ტრავმები, საჭირო დროს ავკრიფოთ იდეალური სათამაშო ფორმა, უკანასკნელ წამამდე ვიბრძოლოთ და გოლები მატჩის მიწურულს გავიტანოთ, რითაც კლუბი ყველასგან გამოირჩევა...
- თქვენი აზრით, მომავალ სეზონში რომელი ფეხბურთელები გაიბრწყინებენ?
- უეინმა ფანტასტიური სეზონი ჩაატარა და ყველა, მათ შორის თავად რუნიც, მისგან მინიმუმ, მსგავსის გამეორებას ელის და რაღა თქმა უნდა, უეინს ეს შეუძლია. ვფიქრობ, უფრო დახვეწილად ითამაშებს ვალენსია. მან სადებიუტო სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა და მჯერა, მომავალ სეზონში, მისი ღვაწლი ფასდაუდებელი იქნება, ისევე, როგორც ნანი, რომელმაც გასულ სეზონში ბევრი სასარგებლო რამ გააკეთა. თითოეულმა ფეხბურთელმა, წინა სეზონზე უკეთ უნდა ითამაშოს და ეს, განსაკუთრებით, ახალგაზრდა მოთამაშეებს ეხებათ. ისეთი ბიჭები, როგორებიც არიან მაკედა, უელბეკი, დიუფი, ძმები და სილვები, გამოცდილების მიღებასთან ერთად, საკუთარ შანს მოუთმენლად ელიან, რათა თავიანთი შესაძლებლობები ყველას დაანახონ. მთლიანობაში, ძლიერი შემადგენლობა გვყავს.
- ახალბედებზე რას გვეტყვით?
- კრის სმოლინგი გუნდს კარგად შეეწყო. ძალიან კარგი ბიჭია და საკუთარ ასაკთან შედარებით, ფიზიკურადაც ძალზე ძლიერია. ის დიდებული ცენტრალური მცველებისთვის (რიო ფერდინანდი, ნემანია ვიდიჩი, ევანსი) კარგი დანამატი იქნება. კრისმა რიოსა და ნემანიას მხარდამხარ ვარჯიშით ბევრი რამ ისწავლა და წინ დიდი მომავალი აქვს. ერნანდესი დიდებულად გამოიყურება! ის ახლგაზრდაა, სწრაფია და მუდამ გოლზე დაგეშილი ფეხბურთელია, რაც ჩვენს შემადგენლობაში გატანილმა მისმა გოლებმაც დაგვანახა.
- გასულ სეზონში, თქვენ "მანჩესტერის" საკვანძო ფიგურად და ერთ-ერთ ლიდერად იქეცით. როგორ უმკლავდებით ასეთ დიდ პასუხისმგებლობას?
- ამით, უბრალოდ, ვტკბები. დროთა განმავლობაში, ასაკისა და გამოცდილების მატებასთან ერთად, საკუთარ თავზე მეტ პასუხისმგებლობას იღებ და გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი ხდები როგორც მოედანზე, ასევე გასახდელში. მაგრამ ერთ ადგილზე გაჩერება არ შეიძლება. საკმარისია, ოდნავი მოდუნება, "სუპერვარსკვლავის" ავადმყოფობით დაავადება და ბედისაგან ძლიერ ჰუკს მიიღებ. დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ სათამაშო ფორმას არ ვკარგავ და მხედველობიდანაც არაფერი მრჩება.
- არ გიფიქრიათ, რომ როდესმე, კლუბისადმი ერთგულებით ნევილს, სქოულზს და გიგზს გაუტოლდებით?
- "მანჩესტერ იუნაიტედის" გარდა, სხვა კლუბის მაისურში ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. ჩემთვის უკეთესი კლუბი არ არსებობს და თუ მთელს კარიერას აქ გავატარებ, უბედნიერესი ადამიანი ვიქნები. ჩვენ საუკეთესო გულშემატკივარი გვყავს, გვაქვს საუკეთესო პირობები და ინფრასტრუქტურა, ამიტომ, სხვაგან წასვლა არ მინდა. მთელი კარიერის ერთ კლუბში გატარება, რაღაც განსაკუთრებულია. თქვენს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელები, "მანჩესტერ იუნაიტედის" ნამდვილი ლეგენდები არიან. მათთან მიახლოება, მით უმეტეს მათ გვერდზე დგომა, დიდი პატივი და უდიდესი მიღწევაა.
- პირადად თქვენთვის, რა ახალი მიზნები დაისახეთ და რის გაუმჯობესებას ისურვებდით საკუთარ თამაშში?
- კონკრეტულ მიზნებს არასდროს ვისახავ, უბრალოდ, ვცდილობ, რომ ყოველ წელს საკუთარი თამაში დავხვეწო. მთავარია, ერთ დონეზე არ გაჩერდე. ნევილი, სქოულზი და გიგზი, ამის მშვენიერი მაგალითები არიან. ასეთ ასაკშიც კი, ისინი მუდამ ახლის ძიებაში არიან. კლუბის ყველა წევრისათვის, ისინი ერთგვარი ეტალონები არიან და ბედნიერნი ვართ, გვერდით მათი დარი ფეხბურთელები რომ გვყავს.
- სერ ალექს ფერგიუსონი, ძველებურად ენერგიულია?
- როგორც ყოველთვის, ის ენერგიით სავსეა. ხუმრობის დროსაც კი, მისგან მუდამ ერთი რამ იგრძნობა - "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით თამაში პრივილეგიაა. მისი მუშაობის სურვილი და განსაკუთრებული განწყობა, ყველა ჩვენთაგანისთვის გადამდები ხდება.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167934