ფეხბურთი

11:49 | 22.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფიფა კონფედერაციათა თასს არ შეწყვეტს და ტურნირს არც იტალია დატოვებს

კონფედერაციათა თასის გათამაშება, რომელიც ბრაზილიაში მიმდინარეობს, ადგილობრივი მაცხოვრებლების პროტესტის მიუხედავად მაინც გაგრძელდება.

ბრაზილიის მაცხოვრებლები ხალხმრავალი დემონსტრაციებით კონფედერაციათა თასის 2013 წლის გათამაშების და 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზაციისთვის გაწეულ უზარმაზარ ფინანსურ ხარჯებს აპროტესტებენ. ადგილობრივ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რვიდან ორი ნაკრები სერიოზულად ფიქრობდა ბრაზილიის დატოვებას, მაგრამ ფიფა-ს ოფიციალურმა საიტმა ეს ინფორმაცია უარყო.

“მხარს ვუჭერთ სიტყვის თავისუფლებას და მშვიდობიანი დემონსტრაციის გამართვის უფლებას, მაგრამ არც ჩვენ, არც ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტი და არც ბრაზილიის მთავრობა, ტურნირის შეწყვეტის ალბათობას არ განიხილავს. ფიფა მუდმივ კავშირშია დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის ქვეყნების ეროვნული ნაკრებების წარმომადგენლებთან და გათამაშების შეწყვეტის მოთხოვნა არცერთი მათგანისგან არ მიგვიღია” - წერია ფიფას ოფიციალურ განცხადებაში.

ბრაზილიურ პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური სიტუაციის გამო, იტალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთა ნაწილი ფედერაციის თავკაცებს სამშობლოში დაბრუნებას სთხოვდა, თუმცა, Sky Italia-სთან საუბარში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ ეს ინფორმაცია უარყო.

“არცერთ ფეხბურთელს, გაკვრითაც კი არ უხსენებია ტურნირის დატოვების იდეა. არც ჩვენი ფედერაციიდან გამოსულა ვინმე მსგავსი მოწოდებით. ერთადერთი, რაც გვსურს, ეს უსაფრთხოების დაცვაა” - განაცხადა პრანდელიმ.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.136221