ბრაზილიის სპორტის სამინისტროს ინიციატივით, ამა წლის შემოდგომაზე, ბრაზილიის ყველა სკოლის მოსწავლეს უფასოდ დაურიგდება დისკები, სადაც ჩაწერილი იქნება ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების არსებობის ისტორიაში “სელესაოს” მიერ გატანილი ყველა გოლი (რომელთა ვიდეო-ვერსიაც კი არსებობს) და სპეციალური ჟურნალები, სადაც მოთხრობილი იქნება ბრაზილიის ნაკრების მიერ გამართული პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრის შესახებ.
ეს მეტად საინტერესო იდეა ბრაზილიური სპორტის მესვეურებს ჯერ კიდევ ორი წლის წინ გაუჩნდათ, მაგრამ მოძალებული ფინანსური კრიზისის გამო, პროექტის განხორციელებისგან თავს იკავებდნენ. თუმცა, ახლა როდესაც ბიუჯეტში დამატებითი თანხები გამოჩნდა, ბავშვებისთვისაც მოიცალეს.
დაახლოებით მსგავსი ტიპის პროექტი 2007 წელს განახორციელა შვედეთის განათლების სამინისტრომ. თუმცა, შვედები მხოლოდ ფეხბურთით არ შემოფარგლულან და იქაურ ბავშვებს თითქმის ყველა დიდი შვედი სპორტსმენის გამოსვლების ამსახველი დისკები დაურიგეს. მსგავსი ტიპის აქცია არც საქართველოში იქნებოდა ურიგო, მაგრამ შვედეთამდე და ბრაზილიამდე საკმაოდ ბევრი რომ გვიკლია – ესეც ფაქტია!







