როგორც წესი, ზაფხული საფეხბურთო სამყაროში ხმაურიანი ტრანსფერების სიმრავლით გამოირჩევა. მიმდინარე წელს, ფეხბურთელებს თუ კლუბებს, სასურველი ვარიანტის შესარჩევად ჯერ კიდევ თვეზე მეტი აქვთ დარჩენილი (1 სექტემბრამდე), თუმცა, რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერი უკვე განხორციელდა.
მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში, ჯერჯერობით ყველაზე ძვირადღირებული გარიგება, დავიდ ვილიას “ვალენსიადან” “ბარსელონაში” 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადასვლაა. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა, კატალონიელებთან კონტრაქტი მუნდიალის დაწყებამდე გააფორმა და დასძინა, რომ გვარდიოლას ხელმძღვანელობით თამაშზე, ოცნებობდა. “ვალენსიას” საკუთარი ლიდერი, შესაძლოა, არც გაეშვა, მაგრამ ფინანსურ გაჭირვებაში ჩავარდნილმა კლუბმა, არა მხოლოდ ვილია, არამედ სილვაც გაასხვისა. ვილიას შეძენა, “ბარსელონას” გარდა, ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედსაც” სურდა, რიგში სხვა ევროპული ტოპ კლუბებიც იდგნენ, მაგრამ დავიდმა მშობლიური მიწა ვერ მიატოვა და არჩევანი კატალონიურ გრანდზე შეაჩერა.
“ჩემი პროფესია, რომელიც მაცხოვრებს, ძალიან მიყვარს. ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო სეზონი ძალზე რთული იქნება, რადგანაც, როგორც წესი, პრიმერადივიზიონის კლუბებში ახალი, ძლიერი ფეხბურთელები მუდამ მოდიან. ვიმედოვნებ, “ბარსელონასთან” ერთად, ესპანეთის ჩემპიონობას და ჩემპიონთა ლიგას მოვიგებ”, - ახალ კლუბში მისვლისთანავე განაცხადა ვილიამ.
ინგლისის “მანჩესტერ სიტის” არაბი მფლობელები არ მშვიდდებიან და ბოლო წლების მსგავსად, კვლავ განაგრძობენ მეტნაკლებად ძვირადღირებული ფეხბურთელების მასიურ შეძენას. მათ უკვე მოასწრეს 70 მილიონ ევროზე მეტის დახარჯვა - 30 მილიონად, “ბარსელონადან” იაია ტურე შეიძინეს, “ვალენსიას” დავიდ სილვას სანაცვლოდ, 29 მილიონი გადაუხადეს, “ჰამბურგს” კი, ჟერომ ბოატენგში 12,5 მილიონი ევრო მისცეს.
შეიხი მანსურ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანი თანხას არ ზოგავს და იმედოვნებს, რომ ადრე თუ გვიან, დახარჯული ფული ასახვას თამაშის ხარსხსა და შედეგში ჰპოვებს. ამ ჯერზე, “სიტი” სიტუაციას პრაგმატულად მიუდგა და მხოლოდ შემტევი მოთამაშეები კი არ შეიძინა, ყველა იმ პოზიციის გაძლიერებას ეცადა, რომლებზეც პრობლემები ჰქონდა. ამ სამეულის შეძენით, მანჩესტერელთათვის სატრანსფერო ბაზარი სულაც არ დახურულა. უახლოეს პერიოდში, ისინი კოლაროვის, მილნერისა და კიდევ ერთი ცნობილი ფორვარდის შეძენას გეგმავენ. ჩვენ მხოლოდ შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, “სიტიმ” ლონდონის “არსენალიდან” თავდამსხმელი ემანუელ ადებაიორი, “ვესტ ჰემიდან” კი, ასევე შემტევი კარლოს ტევესი შეიძინა.
“ახალი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველი. დარწმუნებული ვარ, ბრწყინვალე სეზონი გვექნება. სატრანსფერო ბაზარზე უდიდესი სამუშაო გავწიეთ და ისეთ შემადგენლობას მოვუყარეთ თავი, რომელსაც წარმატების მიღწევა შეუძლია. ტიტულების მოხვეჭის დრო დადგა”, - აღფრთოვანებულია შენაძენით გუნდის იტალიელი დამრიგებელი რობერტო მანჩინი.
მას შემდეგ, რაც მადრიდის “რეალი” ჟოზე მოურინიომ ჩაიბარა, ყველა ელის, რომ “სამეფო კლუბი” სატრანსფერო ბაზარზე ახალ მრავალმილიონიან შენაძენებს გააკეთებს და ამ კუთხით, პირველი მერცხალი უსწრაფესი არგენტინელი, ანხელ დი მარია გახდა, რომელშიც ესპანელებმა პორტუგალიურ “ბენფიკას” 25 მილიონი ევრო გადაუხადეს. ესპანური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ეს ტრანსფერი იქამდე იყო შეთანხმებული, ვიდრე მოურინიო “რეალის” დამრიგებელი გახდებოდა. სანამ დი მარია ახალ ატმოსფეროს ეგუება, პორტუგალიელი დამრიგებელი მაღალი კლასის მცველის ძიებითაა დაკავებული. რადგან “ინტერიდან” მაიკონის შეძენა ვერ მოხერხდა, “სამეფო კლუბის” სატრანსფერო სამიზნეებად რიკარდუ კარვალიო და ვიდიჩი მიიჩნევიან.
ტურინის “იუვენტუსის” ახალი მთავარი მწვრთნელი ლუიჯი დელ ნერი, ფლანგის მოთამაშეებს ელის. მისი თვალთახედვის არეში კრასიჩი და ჯეკო მოხვდნენ, მაგრამ სანამ ამ ფეხბურთელებთან დაკავშირებით რაიმე გაირკვევა, “ბებერმა ქალბატონმა” ორი შენაძენი უკვე გააკეთა. ცენტრალურ მცველ ლეონარდო ბონუჩიში “იუვენტუსმა” “ბარის” 15,5 მილიონი ევრო გადაუხადა, “კატანიას” აწ უკვე ყოფილი შემტევის, ხორხე მარტინესის შეძენა კი, 12 მილიონი ევრო დაუჯდა.
“იუვეს” შენაძენებს, საჩემპიონოს ვერ ვუწოდებთ. ხორხე მარტინესი გუნდს ვერაფერს შეძენს და მასში გადახდილი ფული წყალში გადაყრილია. იგივეს თქმა შემიძლია სიმონე პეპეზე და მარკო სტორარიზე. ლეონარდო ბონუჩი ერთადერთი ახალბედაა, რომელიც “იუვენტუსის” დონეს შეესაბამება. კარგი იქნება, თუ ტურინელები მილოშ კრასიჩის შეძენას მოახერხებენ, მაგრამ ის, პაველ ნედვედის დონის მოთამაშე მაინც ვერასდროს გახდება”, - დარწმუნებულია კლუბის ექს-გენერალური დირექტორი ლუჩანო მოჯი.
ტიერი ანრი “ბარსელონაში” ვერ გაიხსნა, ამერიკის შეერთებულ შტატებში აქამდე მობურთალი ევროპელი ვარსკვალების რჩევა გაითვალისწინა და საფეხბურთო კარიერის დასასრულებლად ოკეანისგაღმა, MLS-ში გაემგზავრა. მართალია, კლუბებს შორის მიღწეული შეთანხმების დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ ცნობილია, რომ 33 წელს მიტანებული ფრანგი ფეხბურთელის პირადი ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არ დაზარალებულა. “ნიუ იორკ რედ ბულზში” ანრის დებიუტი ახლახანს შედგა და ამერიკაში ტურნეზე მყოფ ლონდონის “ტოტენჰემს” მან გოლიც გაუტანა.
საფეხბურთო ბაზარზე წარმატებით ივაჭრა უკრაინულმა გრანდმა დონეცკის “შახტარმა”. ერთი წლის წინ, დონეცკელებმა თავიანთი საუკეთესო მცველი დმიტრი ჩიგრინსკი “ბარსელონას” 25 მილიონ ევროდ მიჰყიდეს, ახლა კი, ის უკან დაიბრუნეს და მხოლოდ 15 მილიონი გადაიხადეს. გამოთავისუფლებული 10 მილიონით, დონეცკელთა მთავარმა მწვრთნელმა საკუთარი გუნდი თავდამსხმელითაც გააძლიერა. ხორვატი ედუარდო, ლონდონის “არსენალმა” უკრაინელებს 7,2 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაუთმო, ანუ, ორჯერ ნაკლებ თანხად, ვიდრე თავის დროზე ზაგრების “დინამოს” თვითონ გადაუხადა.
მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე, მექსიკის ეროვნული ნაკრებისა და “ჩივასის” 21 წლის თავდამსხმელი ხავიერ ერნანდესი, ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” პირველი შენაძენი გახდა. მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებისთანავე, ახალგაზრდა მექსიკელმა ბრიტანეთში მუშაობის უფლება მიიღო და მანჩესტერელებს შეუერთდა. ინგლისელებმა პერსპექტიული ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადეს, თუმცა, დიდი შანსია, რომ ერნანდესმა სეზონი, იჯარის წესით, ევროპის სხვა კლუბში დაიწყოს.







