ფეხბურთი

22:30 | 17.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

"შირაქის" დასაწყისი და "დინამოს" მეორე ტაიმი

საუკეთესო პაპავა იყო

თბილისის "დინამომ" გასული სეზონის შემდეგ პირველი მატჩი გამართა და გიუმრის (ყოფილი ლენინაკანი) "შირაქთან" 1:1 ითამაშა. საქართველოს ჩემპიონი სომხეთის ჩემპიონის წინააღმდეგ - თავისთავად უკვე ინტრიგაა და საწყენია, რომ დუშან უჰრინის გუნდმა ეს შეხვედრა ვერ მოიგო.

თუმცა, ისიც სათქმელია, რომ "დინამოს" რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა: გიორგი ლორია და ირაკლი ძარია მწვრთნელმა დაასვენა, მიკელ ალვარო დაშავებულია, ხოლო დარკო გლიშიჩი ავსტრიაში შეუერთდება გუნდს.

"დინამოში" ახალი სახეები გამოჩნდნენ. პირველად ითამაშა ელგუჯა გრიგალაშვილმა, რომელთანაც კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. გასინჯვაზე არიან უკრაინელი მარცხენა მცველი იგორ პროკურორი, მარჯვენა მცველი დავით ხურცილავა და შემტევი ნახევარმცველი გიორგი მიქაბერიძე.

პროკურორი 22 წლისაა, გასული სეზონი მოლდოვურ "აკადემიაში" ჩაატარა და 13 მატჩში 3 გოლი გაიტანა, მანამდე კი უკრაინულ "ნაფტოვიკ-უკრნაფტაში" იყო. "შირაქთან" მარცხენა მცველად ითამაშა, თუმცა ამპლუით ნახევარმცველია. 25 წლის ხურცილავა "ვიტ ჯორჯიაში" თამაშობდა და ქართველი გულშემატკივრებისთვის უცხო ნამდვილად არაა. 24 წლის მიქაბერიძე ბოლოს რუსთავის "მეტალურგში" გამოდიოდა, მანამდე კი "ზესტაფონსა" და "სამტრედიაშიც" გახლდათ.

თამაშს რაც შეეხება, "შირაქმა" გაიტანა სწრაფი გოლი: კოტდივუარელმა ფორვარდმა ბეკომ დინამოელთა მცველი უსტარიცი საჯარიმოში ეფექტურად მოატყუა და მეკარე ზარქუას ფეხებსშუა გაუტარა ბურთი - 0:1.

პირველ ტაიმში დინამოელები თამაშს ვერ ალაგებდნენ, არც ელემენტარული შეცდომები იყო იშვიათი და ბეკომ კინაღამ მეორედაც გაიტანა: ზარქუამ აუღო ახლოდან სუსტად დარტყმული.

დინამოელთაგან ჯაბა დვალს ჰქონდა მომენტი (ოდნავ ააცილა) და გიორგი მერებაშვილის გარღვევისა და დარტყმისას ანერვიულდნენ სომხები - მცველებმა იმარჯვეს, შემდეგ კი მეკარემ კუთხურზე გადააგდო ბურთი.  

მეორე ტაიმში სომხებმა მხოლოდ ორჯერ შეუტიეს მწვავედ: ახლოდან ოგუტუმ თავით ვერ გაიტანა, ხოლო ბოლო წუთზე პროკურორი უხეშად შეცდა, ფლანგზე ბარიკიანს ჩააბარა ბურთი და ზარქუასა და მცველებს რომ არ ეყოჩაღათ, დინამოელთა ალოგიკურ მარცხსაც ვიხილავდით.

ალოგიკურს იმიტომ, რომ მეორე ნახევარში "დინამო" სრულ უპირატრესობას ფლობდა, რაც დიდწილად გიორგი პაპავას დამსახურებაა. მხოლოდ გოლში არაა საქმე, ახალგაზრდა საყრდენი ნახევარმცველი მოედნის ცენტრშიც კარგი იყო და შეტევაშიც. და სანამ გოლს გაიტანდა, სომეხთა მეკარემ ცხრიანიდან მოუხსნა ბურთი, ხოლო შემდეგ ოდნავ ააცილა.

რაც შეეხება გოლს, ნახვად ღირდა: პაპავამ საჯარიმოს მისადგომებიდან ტექნიკურად დაარტყა, ბურთი ხარიხიდან ასხლეტით შევარდა კარში - 1:1. ამ მომენტში ელგუჯა გრიგალაშვილიც კარგად გაისარჯა, იბრძოლა და პაპავას დაუგდო ბურთი.

როგორც უკვე ვთქვით, დინამოელებმა მეორე ტაიმი გაცილებით კარგად ჩაატარეს და გამარჯვებამდე უნდა მიეყვანათ საქმე: ჩისკოს თავური სანტიმეტრებით ასცდა კარს, ხოლო ირაკლი ლექვთაძემ პაპავას ბრწყინვალე შორეული პასის შემდეგ, ვარდნაში დაარტყა და ოდნავ ააცილა.

არდადეგების შემდეგ პირველი მატჩი იყო და რა თქმა უნდა, გუნდი ფორმაში ვერ იქნებოდა. ავსტრიული შეკრება - იქ იქნება მთავარი მოსამზადებელი ეტაპი და უჰრინის გუნდი მომდევნო მატჩს სწორედ ამ შეკრების ფარგლებში, 20 ივნისს, კიევის "დინამოსთან" ჩაატარებს.                   

       

 დინამო (თბილისი) - შირაქი (გიუმრი) 1:1 (0:1)

17 ივნისი. “დინამო არენა”. ამხანაგური მატჩი

დინამო: ზარქუა, სეთურიძე (ხურცილავა 46), კვარაცხელია (შაშიაშვილი 46), უსტარიცი (გველესიანი 65), პროკურორი, ხმალაძე (პაპავა 46), გრაიციარი, შინდაგორიძე (ლექვთაძე 33), მერებაშვილი (ელგუჯა გრიგალაშვილი 46), ჩისკო (ხოჭოლავა 68), დვალი (მიქაბერიძე 46).

შირაქი: არუთინიანი, ოვანესიანი, კიერი (მარიკიანი 70), კადიო, დავოიანი, დიოპი, დავთიანი (ანოსიანი 63), მურადიანი, ოგუტუ, ბეკო (ბარიკიანი 53). 

გოლები: 0:1 ბეკო (8), 1:1 პაპავა (64).

მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.18029