“ბარსელონას” ვიცეკაპიტანმა ფერნანდაომ უეფას ვებგვერდთან საუბარში განაცხადა, რომ უეფას ფუტსალის თასის შარშანდელი “ოთხთა ფინალისგან” განსხვავებით, მისი გუნდი ამჯერად ნაკლებ ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდის.
- რას ნიშნავს “ბარსელონასთვის” უეფას ფუტსალის თასის ფუნალურ ტურნირებში მონაწილეობა?
- ეს მრავალი წლის შრომისა და მოთმინების შედეგია. ამ დონეზე უკვე რამდენიმე წელია ვართ და ქანცის გაცლამდე ვმუშაობთ. ერთნი მოდიან, მეორენი მიდიან. ვიღაც თავს საუკეთესო მხრიდან ავლენს და რჩება. ეს ხანგრძლივი პროცესია. ამიტომ, როდესაც ფინალურ ტურნირში პირველად გავედით, ეს ნიშნავდა, რომ მიზანს მივაღწიეთ. მადლობა უნდა ვუთხრათ ასაკობრივ მოთამაშეებს, რომლებმაც საერთო საქმეში თავისი წვლილი შეიტანეს და ასევე მათ, ვინც ამ საქმეს აგრძელებს. კვლავ უძლიერესთა ოთხეულში ვართ. ეს კი ნიშნავს, რომ სწორი გზით მივდივართ.
- მოქმედი ჩემპიონი მეტ ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდის?
- ვფიქრობ, პირიქით, უფრო მშვიდად ვართ. შარშან მეტი პასუხისმგებლობა გვქონდა, რადგან ფინალში პირველად მოვხვდით. აი, მაშინ, ზეწოლა მართლაც იყო, რადგან ძალიან გვსურდა, კარგად და ლამაზად გვეთამაშა. ამჯერად ყველაფერი უფრო მშვიდად იქნება. ჩვენ ხომ უკვე ვიყავით მსგავს სიტუაციაში და მატჩებში სიძნელეების დაძლევა გვიწევდა. ახლა ეს გამოცდილება გამოგვადგება.
- ამჟამინდელი და შარშანდელი შემადგენლობა შეადარეთ...
- ცვლილებებს ვერ გავექეცით. მთავარი გადაადგილება ხავი როდრიგესთან განშორება და აიკარდოს გამოჩენა იყო. რაღაც დავკარგეთ, მაგრამ აიკარდოსთან ერთად ბევრი ახალი შევიძინეთ. ჩემი აზრით, გუნდის სათამაშო ფილოსოფია ადრინდელი დარჩა. ჩვენ უკვე ბევრს მივაღწიეთ და თანამოაზრეებისგან შეკრული კოლექტივი გვყავს. ამასთანავე, არცთი იოლი პერიოდები გადავიტანეთ. თუმცა, ყოველივემ ზრდაში ხელი შეგვიწყო. ახლა უფრო გამოცდილები ვართ და ამას არა ცალკეულ მოთამაშეებზე, არამედ მთელ გუნდზე ვამბობ.
- როგორი შეგრძნებაა, როდესაც ჯილდოს თავს ზემოთ აღმართავ?
- ეს ის მომენტია, როდესაც გახსენდება მთელი ძალისხმევა, რაც ტიტულის მოსაგებად დახარჯე. ყველა გადაწყვეტილება, ეჭვი, ყველა “დიახ” ან “არა”, რაღაც 5 წამის განმავლობაში შენს წინ გაივლის. ასეთი შეგრძნება არა მხოლოდ მე, არამედ ჩემს პარტნიორებსაც ჰქონდათ. ეს დღე არასოდეს დაგვავიწყდება. ეს არის სწორედ რომანტიკა, როდესაც ამ 5 წამის განცდისთვის ერთი თვით ცოლ-შვილს ტოვებ. შემდეგ ყველას ეხვევი, თასს კოცნი და ეუბნები: “დარჩი ჩვენთან”. თუმცა, შემდეგი სეზონი დგება და ამ ჯილდოს მოპოვებას კვლავ ცდილობ.
- შესაძლოა, ფინალში კვლავ მოსკოვის “დინამოს” შევხდეთ...
- “დინამო” საუცხოო გუნდი და ძალიან რთული მეტოქეა. “დინამოს” მოედანზე ჯერ არ შევხვედრივარ, რადგან ფინალი ტრავმის მიზეზით გამიცდა, მაგრამ ამ გუნდის ბევრ მოთამაშეს ვიცნობ. მათი დამარცხება ძალიან ძნელია. დინამოელები ჩვენს მსგავსად დიდი მონდომებით თამაშობენ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს უეფას თასია. კვლავ მექნება დიდი ხნის განშორების შემდეგ, ჩემი 5 წამის განცდის შანსი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჯილდოს მოგება და ყოველივეს ხელახლა შეგრძნება მსურს.
- რამდენად კარგად იცნობთ “ქაირათსა” და ტურნირის მასპინძელ “იბერია სტარს”?
- არცთუ კარგად, რადგან ცვლილებები ამ გუნდებშიც განხორციელდა. მათ მწვრთნელები შეიცვალეს და ახალი მოთამაშეები შეიძინეს. ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ ამ მხრივ მშვიდად ვარ.
- შარშან თასი “კამპ ნოუზე”, “ბარსელონას” თამაშზე შეკრებილი გულშემატკივრების წინაშე აღმართეთ. როგორ შეგრძნება იყო?
- ვინაიდან, ჩვენი კაპიტანი ხავი როდრიგესი ამ ცერემონიას ვერ დაესწრო, როგორც ვიცეკაპიტანს, თასის აღმართვა მე მომიწია. არ მინდა, სხვა გუნდის ფანებს ვაწყენინო ან სხვა სტადიონებზე რაიმე ცუდი ვთქვა. თუმცა, “კამპ ნოუ” და “ბარსელონას” გულშემატკივრები სულ სხვაა. თასით ხელში მოედანზე გასვლის დროს ვგრძნობდი, რომ თითქოს კიდევ ერთხელ გავიმარჯვე. ეს ყოველთვის მემახსოვრება და აუცილებლად მოვუყვები შვილებსა და მეგობრებს.