ჭადრაკი

16:52 | 19.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

ფანცულაია ირანელთან ერთად გალიდერდა

ირანის თავრიზში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, წინ ორი მონაწილე გაიჭრა: ირანელი ეშან მაგამი გაემი (2570) და ქართველი ლევან ფანცულაია (2592), რომელთა აქტივშიც 7.5.-7.5 ქულაა.
მე-8 ტურში ტურნირზე პირველ ნომრად განთესილმა ფანცულაიამ შავი ფიგურებით აზერბაიჯანელი ვუგარ რასულოვი (2537) დაამარცხა, გაემიმ კი ყაიმი შოთა აზალაძესთან (2403) გააფორმა. ამ უკანასკნელმა 7.0 ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით მეოთხეა, მის წინ კი იდენტური მონაგარის მქონე გაიოზ ნიგალიძე (2460) იმყოფება, რომელიც კიდევ ერთ ქართველ ბაჩანა მორჩიაშვილს (2372) დაუზავდა. მორჩიაშვილი 6.5 ქულით მე-9 საფეხურზეა.
რაც შეეხება მალხაზ სულაშვილს (2441), მან ყაიმი ირანელ აფშინ მოგადამიანთან (2168) გააფორმა და 6.0 ქულით მე-13 პოზიციაზე აღმოჩნდა.
ბოლოსწინა ტურში ფანცულაია მეხუთეადგილოსან პურია დარინის (ირანი, 2458, 7.0 ქულა) ეთამაშება, გაემის მეტოქე ნიგალიძე იქნება, აზალაძე მორტეზა ასგარის (ირანი, 2263, 6.5) დაუპირისპირდება, მორჩიაშვილი – ჰოსეინ ამირ ვარდასტიანს (ირანი, 6.5), ხოლო სულაშვილი – ჰოსეინ მოჯავერიანს (ირანი, 2141, 6.0).
შეგახსენებთ, რომ თავრიზის ტურნირში მოასპარეზე 12 ქვეყნის წარმომადგენელ 122 მოჭადრაკეს შორის 13 დიდოსტატია. ტურნირი შევცარიული სისტემით, 11 ტურად მიმდინარეობს, საპრიზო ფონდი კი 40 ათასი დოლარია.
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე საჭადრაკო ფესტივალის A ლიგაში პირველი მარცხი განიცადა ლევან აროშიძემ (2581). მან შავი ფიგურებით პოლონელი მიხალ მატუშევსკისთან (2335) წააგო და 7 ტურის თავზე 5.0 ქულით მე-9 ადგილამდე დაქვეითდა.
ბოლოსწინა მე-8 ტურში, ქართველი დიდოსტატი თეთრებით 11 წლის (!) ინდოელ ვუნდერკინდ ანჰიმანიუ პურანიკს (2006) გაეჯიბრება, რომელიც რეიტინგით გაცილებით წინ მდგომ მეტოქეებს არაფერს უთმობს და 5.5 ქულით მე-4 ადგილზეა. ლიდერებში 6.0-6.0 ქულით აზერბაიჯანელი ნიჯატ მამედოვი (2601), ბრაზილიელი ალექსანდრ ფიერი (2603) და აროშიძის მძლეველი მატუშევსკი იმყოფებიან.    
ჩეხური ფესტივალი 9 ტურად მიმდინარეობს და 20 იანვარს დასრულდება, საპრიზო ფონდი კი 50 ათასი ჩეხური კრონაა (დაახლოებით 2 ათასი ევრო), საიდანაც გამარჯვებული 15 ათასს (600 ევრო) მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092548