რამდენიმე დღის წინ სერ ალექს ფერგიუსონის ინტერვიუ შემოგთავაზეთ, რომელშიც “მანჩესტერ იუნაიტედის” გამოცდილი შოტლანდიელი დამრიგებელი ინგლისელთა ნაკრების იტალიელ წინამძღოლს, სინიორ ფაბიო კაპელოს რამდენიმე რჩევას აძლევდა. გუშინ ალბიონელთა უპირველესი გუნდის მთავარ მწვრთნელს BBC-ის კორესპონდენტი დაუკავშირდა და პირველი კითხვა იმ თემასთან დაკავშირებით დასვა, რომელიც ფერგიუსონმა წამოსწია.
- “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი დაბეჯითებით გთხოვთ გუნდში მაიკლ ოუენის აყვანას. თუ აკვირდებით ოლდ ტრაფორდელთა ფორვარდის თამაშს და პირდაპირ გვით¬ხარით, რამდენად რეალური შანსი აქვს მას მომავალი წლის ზაფხულში სამხრეთ აფრიკაში გამგზავრების?
- ჩემი უშუალო მოვალეობა მეტ-ნაკლებად წარმატებულ ყველა ინგლისელ ფეხბურთელს კარგად დავაკვირდე. რეგულარულად ვესწრები პრემიერლიგის მატჩებს, ინტერესით ვუყურებ საერთაშორისო შეხვედრებს ალბიონური კლუბების მონაწილეობით. ცხადია, ყურადღებას არც “მანჩესტერ იუნაიტედს” ვაკლებ და არც მის ცალკეულ ფეხბურთელებს. ოუენს რაც შეეხება, 8 დეკემბერს ვოლფსბურგში მის ასპარეზობას ყურადღებით დავაკვირდი. მაიკლმა 3 გოლი გაიტანა და ველოდი, რომ ბირმინგემის “ასტონ ვილასთან” მას გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ვიხილავდი. ჩემთვის მოულოდნელად, ოუენი კვლავინდებურად სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მატჩში მოგვიანებით მხოლოდ შემცვლელის სტატუსით ჩაერთო. ვილა პარკელებმა მოიგეს და მეგონა, მომდევნო შეხვედრაში “შვიდიანს” საწყის თერთმეტეულში ვიხილავდით, მაგრამ “ვულვერჰემპტონ უონდერერზთან” ოუენი მხოლოდ 76-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, იმ პერიოდისთვის კი მანჩესტერელებს საქმე მომთავრებული ჰქონდათ, 3:0-ს იგებდნენ. ვერაფრით გამიგია, რატომ უთმობს ასე ცოტა სათამაშო დროს მაიკლს სერ ალექსი. ამ საკითხზე ვიფიქრე, მაგრამ პასუხი არ მაქვს. ფერგიუსონი აცხადებს, ოუენი ჩემი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი თავდამსხმელიაო. ვუჯერებ, თუმცა, ძნელი ასახსნელია, მაშინ რატომ თამაშობს უეინ რუნი მაიკლზე გაცილებით მეტხანს. ოუენს ხშირად აქვს მუხლის ტრავმა და იქნებ ესაა უმთავრესი მიზეზი მისი უთამაშებლობისა.
- თქვენმა ნაკრებმა წარმატებით გადალახა საკვალიფიკაციო ბარიერი. შესარჩევ მატჩებში ფეხბურთელები გამოსცადეთ და იმის გათვალისწინებით, რომ მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატამდე არცთუ დიდი დროა, ინგლისის ეროვნული გუნდის სამუნდიალე შემადგენლობის კონტურები უკვე გამოკვეთილი უნდა გქონდეთ...
- 30-კაციანი შემადგენლობა განსაზღვრული მაქვს. მოგეხსენებათ, წინ რთული და დამქანცველი სეზონის მეორე ნახევარი გველის, ამიტომაც მხოლოდ 23 მოთამაშეზე დაყრდნობა შეცდომაა. არაა გამორიცხული, ძირითადის რომელიმე ფეხბურთელი გამოიფიტოს ან კიდევ უარესი, ტრავმა მიიღოს. ვფიქრობ, არჩევანის საშუალება უნდა მქონდეს და სამუნდიალე განაცხადს ზუსტად იმ დროს დავაკონკრეტებ, როცა ტურნირის ორგანიზატორებისთვის საბოლოო შემადგენლობის შეტყობინების ვადა დადგება. ფეხბურთელების სელექცია კი მუდმივი პროცესია და ამ მიმართულებით მუშაობა არათუ ყოველდღიურად, ყოველწუთიერადაც კი მიწევს. მაგალითად, ჯეიმს მილნერი ბოლო დროს ფლანგიდან მინდვრის შუაგულში გადასწიეს და მომიწევს შეფასება, რამდენად სასარგებლოა მისთვის და უპირველესად ნაკრებისთვის ამპლუის შეცვლა. სერ ალექსი დაცვის ცენტრში რიო ფერდინანდისა და უესლი ბრაუნის შეწყვილებას კი მირჩევს, მაგრამ პირველი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მაფიქრებს, ბრაუნი კი გასულ სეზონში განაპირა უკანახაზელის ფუნქციებს ასრულებდა და დაცვის ცენტრში მხოლოდ წელს დაიწყო გამოსვლა.
- თქვენი სიტყვებიდან ისეთი დასკვნა გამოგვაქვს, რომ ერიდებით გუნდში ფეხბურთელების აყვანას, რომელთა ჯანმრთელობაში 100 პროცენტით დარწმუნებული არ ხართ. აქედან გამომდინარე, სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრების შანსი პრაქტიკულად არ აქვს გერმანიის მუნდიალზე ინგლისელთა ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს ოუენ ჰარგრივზს...
- ჰარგრივზი ორივე მუხლმა გააწამა. მას ქირურგიული ოპერაცია 15 თვის წინ ჩაუტარეს და სარეაბილიტაციო პროცესი მხოლოდ ახლახან დაასრულა. დაახლოებით ერთი თვის წინათ მას მანჩესტერში შევხვდი ოუენი მზადაა ინტენსიური ვარჯიშის დასაწყებად. თუკი ჰარგრივზი დროულად ჩადგება მწყობრში და სათამაშო კონდიციას სრულად აღიდგენს, შანსს აუცილებლად მივცემ. ნახევარმცველი გარეთ ბერი უფრო უკანახაზელებს ეხმარება, ჰარგრივზი კი უნივერსალური ფეხბურთელია და ფორვარდებს მის გვერდიგვერდ ასპარეზობა უადვილდებათ.
- მსოფლიოს ჩემპიონატისთვის კარგად მოსამზადებლად ტესტ-მატჩების გარკვეული რაოდენობის შეხვედრებია ჩასატარებელი. უკვე განსაზღვრული გაქვთ, რომელ ნაკრებს შეხვდებით წინასამუნდიალოდ?
- გადაწყვეტილია, 2010 წლის 3 მარტს “უემბლიზე” ეგვიპტეს რომ დავუპირისპირდებით. ვცდილობთ მექსიკის დაყოლიებასაც ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად. ჩემის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა სტილის გუნდებთან ძალის მოსინჯვა, ამიტომაც შევარჩიეთ “გამომცდელებად” ლათინური ამერიკისა და აფრიკის წარმომადგენლები.
- მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში ინგლისის ნაკრები სად დაბანაკდება?
- დიდი დაკვირვებისა და ბჭობის შემდეგ, არჩევანი რუსტენბურგზე გავაკეთეთ. ეს წყნარი, სუფთა, უსაფრთხო ადგილია, თანაც ახლოსაა იმ სტადიონებთან, რომლებზეც ჯგუფური ეტაპის მატჩების ჩატარება მოგვიწევს.
- ბოლო დროს პრესაში გამოჩნდა ცნობა, მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ფაბიო კაპელო იტალიის ნაკრებს ან ტურინის “იუვენტუსს” ჩაუდგება სათავეშიო...
- “სკუადრა აძურას” არასდროს გავწვრთნი, “იუვენტუსში” დაბრუნებას რაც შეეხება, ხომ გსმენიათ გამოთქმა, "არასდროს თქვა, არასდროს". ფეხბურთში გამორიცხული არაფერია...
გოჩა კაჭარავა







