სტატიები

10:53 | 3.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატების ისტორია. 1984 და 1988 წლები


საფრანგეთი 1984

შესაძლოა ზოგიერთი თქვენთაგანი არ დაგვეთანხმოს, მაგრამ გავბედავთ და ვიტყვით, რომ აქამდე ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატებს შორის ყველაზე მიმზიდველი, ლამაზი და დიდწილად დრამატულიც 1984 წელს საფრანგეთის სტადიონებზე ჩატარდა. ეს კი უპირველესად ტურნირზე ორი გუნდის, მასპინძელთა ეროვნული გუნდისა და დანიის ნაკრების ფენომენალურმა გამოსვლამ განაპირობა. ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარეს მთელი ტურნირი ესპანეთმა და პორტუგალიამაც.
გერმანელი სპეციალისტის ზეპ პიონტეკის გუნდმა კი ნამდვილი ფურორი მოახდინა. შემტევი, მოხდენილი თამაშით სკანდინავებმა მთელი საფეხბურთო სამყარო მოხიბლეს. ევროპირველობის შესარჩევ ეტაპზე დანიელებმა ჯგუფში ინგლისი ჩატოვეს - საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტი მატჩი მათ ”უემბლიზე” მოიგეს. მორტენ ოლსენის, ბუსკის, სივებაკის, ბერგრეენის, ლარსენის, ლაურიდსენის, ლაუდრუპისა და ელკიაერის საევროპისჩემპიონო გამოსვლას გულშემატკივრები დღემდე იხსენებენ. სამწუხაროდ არ გაუმართლა ალან სიმონსენს. დანიელთა ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ ტრავმა საფრანგეთთან ჩატარებულ პირველსავე შეხვედრაში მიიღო და ტურნირზე მხოლოდ 45 წუთის ჩატარება მოასწრო.  
ევრო84-ზე ფავორიტად კი იმთავითვე მიშელ იდალგოს საფრანგეთი იყო მიჩნეული. წ წლით ადრე ესპანეთის მუნდიალზე ”სამფეროვნებმა” მართლაც შთამბეჭდავად იასპარეზეს, ნახევარფინალში მათთვის ტრაგიკულად განვითარებული მოვლენების გამო დამარცხდნენ და საკუთარი მაყურებლის წინაშე მხოლოდ პირველობისთვის აპირებდნენ ბრძოლას. ნაკრებში საიმედო მეკარე ჟოელ ბატსი გამოჩნდა, საიმედოდ თამაშობდნენ მცველებიც, ბატისტონი, ამორო,  დომერგი და ბოსი, მაგრამ განსაკუთრებით შთამბეჭდავად მაინც ნახევარდაცვის ხაზი გამოიყურებოდა - მიშელ პლატინი, ალენ ჟირესი, ჟან ტიგანა და ლუის ფერნანდესი შუა ხაზზე მაგიურ კვადრატს ქმნიდნენ. იმ პერიოდისთვის ფრანგებს მსოფლიოში მართლაც ყველაზე ძლიერი ნახევარდაცვის ხაზი ჰყავდათ. შედარებით მოიკოჭლებდნენ ფორვარდები. ჟუსტ ფონტენის დროიდან მოყოლებული ფრანგებს გოლეადორის არყოლის პრობლემა ჰქონდათ, მაგრამ 1984 წლის კონტინენტის პირველობაზე ”სამფეროვნებს” ეს ნაღდად არ უგრძვნიათ. ელეგანტური, თამამი, გასაოცარი სიზუსტის დარტყმის მქონე მიშელ პლატინიმ ტურინის ”იუვენტუსის” შემადგენლობაში ზედიზედ სამჯერ მოიპოვა სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირის ტიტული, ევრო84-ზე კი სულაც ფენომენალური შედეგი აჩვენა. ფრანგთა ლიდერმა 5 მატჩში... 9 (!) გოლი გაიტანა. ამ შედეგის გაუმჯობესება ევროპის ჩემპიონატებზე მონაწილე თავდამსხმელთაგან დღემდე ვერავინ მოახერხა. პლატინიმ შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა დანიასთან სასტარტო შეხვედრაში, შემდეგ კი ზედიზედ ორი ჰეთ თრიკი გამოაცხო ბელგიასა (5:0) და იუგოსლავიასთან (3:2). ჯგუფში ფრანგებმა დამაჯერებლად დაიკავეს მოწინავე პოზიცია, დანიელებმა კი ჯერ იუგოსლავია გაანადგურეს 5:0, შემდეგ ელკიაერის მიერ ბოლო წუთებზე გატანილი გოლით გამოგლიჯეს მოგება ბელგიელებს და ნახევარფინალში გავიდნენ.
მეორე ჯგუფში ესპანეთი ჯერ რუმინეთსა და პორტუგალიას დაუზავდა, ბოლო საქვეჯგუფო მატჩში კი ანტონიო მასედას მიერ 89-ე წუთზე გატანილი ბურთის წყალობით პირენელებმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებს მოუგეს და პირველი ადგილი დაიკავეს. თავის მხრივ პორტუგალიელები ალემანებს დაუზავდნენ, რუმინელებს 1:0 სძლიეს და საპორტო ქალაქ მარსელში საფრანგეთთან ნახევარფინალის ჩასატარებლად გაემგზავრნენ. იდალგო, პლატინი და კომპანია ბეწვზე გადარჩა - დამატებით დროში პირენელები ჟორდაუმ დააწინაურა, თუმცა, ფრანგებმა ბოლომდე იბრძოლეს და ოვერტაიმის დასკვნით ხუთ წუთში ჯერ დომერგმა აღადგინა წონასწრობა, შემდეგ კი პლატინიმ ”თავისი” გოლი გაიტანა. არანაკლებ დრამატული გამოდგა ესპანელთა და დანიელთა ნახევარფინალიც. გამარჯვებულის ვინაობა პენალტების სერიამ გაარკვია, ჩრდილოელთა მარცხმა გული ყველას კი დაწყვიტა, მაგრამ არავის უთქვამს, ესპანეთი ფინალში დაუმსახურებლად გავიდაო.
და ბოლოს, გადამწყვეტი მატჩი. პარიზის ”პარკ დე პრენსზე” ჩატარებული ფინალის პირველ ტაიმში გოლი არ გასულა, მეორე ნახევრის მეთორმეტე წუთზე კი ესპანეთის ეროვნული გუნდის შესანიშნავმა ბასკმა მეკარმე ლუის მიგელ არკონადამ პლატინის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბავშვური შეცდომა დაუშვა და მიშელმაც ტურნირზე მეცხრე და ყველაზე მნიშვნელოვანი ბურთი გაიტანა. ფრანგები მატჩს რიცხობრივ უმცირესობაში ასრულებდნენ, თუმცა, მეორედაც მოახერხეს არკონადას კარის ბადის შერხევა და სრულიად დამსახურებულად მოიპოვეს კონტინენტის უძლიერესი ნაკრების წოდება.

ფინალი
საფრანგეთი - ესპანეთი 2:0
1984 წლის 27 ივნისი. პარიზი. ”პარკ დე პრენსი”. 47 368 მაყურებელი.

გოლები: პლატინი (57). ბელონი (90).
გაფრთხილება: დე რუ, ფერნანდესი - გალიეგო, კარასკო.
გაძევება: ლე რუ (85).
საფრანგეთი: ბატსი, ბატისტონი (ამორო 72), ლე რუ, ბოსი, დომერგი, ჟირესი, ტიგანა, ფერნანდესი, პლატინი, ლიაკომბი (ჟენგინი 80), ბელონი.
მთ. მწვრთნელი: მიშელ იდალგო.
ესპანეთი: არკონადა, ურკიაგა, სალვა (რობერტო 85), გალიეგო, სინიორი, ალბერტო (სარაბია 77), ვიქტორი, კამაჩო, ფრანსისკო, სანტილიანა, კარასკო.
მთ. მწვრთნელი: მიგელ მუნიოსი.
მსაჯი: ვ. ხრისტოვი (ჩეხოსლოვაკია).

ტურნირის სიმბოლური ნაკრები: ჰარალდ შუმახერი (გფრ), ჟოაუ პინტუ (პორტუგალია), კარლ-ჰაინც ფიორსტერი (გფრ), მორტენ ოლსენი (დანია), ანდრეას ბრემე (გფრ), ფერნანდუ შალანა (პორტუგალია), ალენ ჟირესი (საფრანგეთი), ჟან ტიგანა (საფრანგეთი), ფრანკ არნესენი (დანია), მიშელ პლატინი (საფრანგეთი), რუდი ფიოლერი (გფრ).


გერმანია 1988

ევრო88-ის ჩატარების ადგილი ტურნირის დაწყებამდე სამი წლით ადრე შეირჩა. მაშინდელი სოციალისტური ბანაკის ქვეყნები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანდიდატურას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერდნენ მხარს, თუკი პირველობის არც ერთი შეხვედრა დასავლეთ ბერლინში არ ჩატარდებოდა. თუკი ეს პირობა დაკმაყოფილებული არ იქნებოდა, კომუნისტური ალიანსის სახელმწიფოები ჩემპიონატის ბოიკოტით დაიმუქრნენ. საბოლოოდ ეს საკითხი დადებითად გადაიჭრა და საფრანგეთის პირველობაზე წარუმატებლად გამოსულმა გერმანიამ საკუთარ სტადიონებზე თამაშისას მხოლოდ პირველობის დაბრუნება დაისახა მიზნად.
1982 და 1986 წლების მუნდიალებზე ალემანები ფინალში გავიდნენ და ამჯერად გადამწყვეტ მატჩის უფლების მონაწილეობის დაბევებასთან ერთად, მასში გამარჯვებაც დაისახეს მიზნად. გერმანელთა უპირველეს გუნდს ფრანც ბეკენბაუერი წვრთნიდა, რომელსაც ისეთ აღიარებულ ოსტატებთან უხდებოდა მუშაობა, როგორებიც იურგენ კოლერი, იურგენ კლინსმანი, ტომას ბერტოლდი, ტრავმამოშუშებული რუდი ფიოლერი იყვნენ. თუმცა, გფრ-ს კონკურენტებიც ერთი მეორეზე ძლიერი ჰყავდათ.
ევროპის წინა ჩემპიონატის ტრიუმფატორმა საფრანგეთმა ამჯერად საკვალიფიკაციო ბარიერი ვერ გადალახა, ექსპერტთა წინასწარი ვარაუდით კი, მასპინძელთა უმთავრესი კონკურენტი იტალია გახდებოდა. ქვეყნის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ისეთი მოთამაშეები გამოაწრთო, როგორებიც პაოლო მალდინი, ჯანლუკა ვიალი, რობერტო მანჩინი იყვნენ. ჯგუფური ეტაპი პირველ მატჩში ბუნდესნაკრებისა და ”სკუადრა აძურას” დაპირისპირება 1:1 დასრულდა. ამის შემდეგ გერმანელებმაცა და იტალიელებმაც წყვილად დანიასა და ესპანეთს სძლიეს და ნახევარფინალში გავიდნენ.
ინგლისმა ძლევამოსილად ჩაატარა საკვალიფიკაციო შეხვედრები, ევროპის პირველობის დასკვნითი ეტაპის პირველსავე შეხვედრაში კი მარცხი მსოფლიოს 1966 წლის ტრიუმფატორ ჯეკი ჩარლტონის ირლანდიასთან იწვნია. საბოლოოდ კი ნახევარფინალში ვერც ინგლისელები გავიდნენ და ვერც ირლანდიელები. ამ უკანასკნელთ სულ რაღაც 8 წუთი დააკლდათ, რათა ჰოლანდიასთან მომგებიანი ანგარიში შეენარჩუნებინათ - 82-ე წუთზე ვიმ კიფტმა აიღო კუნძულელთა კარი და ნარინჯისფრები საუკეთესო ოთხეულში გაიყვანა. რინუს მიხელსის გუნდის მთავარი ”დამრტყმელი ძალა” ფრანკ რაიკაარდი, რუუდ გულიტი და მარკო ვან ბასტენი იყვნენ. სწორედ ამ ტრიომ ითამაშა მთავარი როლი ჰამბურგში გერმანიის ნაკრების დამარცხების საქმეში, გადამწყვეტი გოლი კი ვან ბასტენმა 89-ე წუთზე გაიტანა. ვალერი ლობანოვსკის საბჭოთა ნაკრებმა კი შტუტგარტში საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა აძელიო ვიჩინის ”სკუადრა აძურას” - ლიტოვჩენკომ და პროტასოვმა მეორე ტაიმში ორწუთიანი ინტერვალით აიღეს ვალტერ ძენგას კარი და მეორე ფინალისტის ვინაობაც გაირკვა.
ჰოლანდიის მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი უცქერდა პირდაპირი ეთერით მატჩს, რომელმაც მათი ქვეყნის ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონობა მოუპოვა. პირველ ტაიმში გულიტმა ”მეორე სართულიდან” შესრულებული ზუსტი თავურით გახსნა ანგარიში, ვან ბასტენმა კი ისეთი გოლი გაიტანა, რომელიც გულშემატკივარს არასდროს დაავიწყდება. მოგვიანებით კი ეს გოლი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოდ სცნეს. საბჭოელებს შეხვედრის ხსნის იმედი საფინალო სასტვენამდე 30-იოდე წუთით ადრე მიეცათ, მაგრამ 1986 წლის ”ოქროს ბუცის” მფლობელმა იგორ ბელანოვმა ჰანს ვან ბრეკელენს ვერ აჯობა. ისე კი, ამ მეკარისთვის 1988 წელი განსაკუთრებული გამოდგა. ევროპის ჩემპიონობასთან ერთად ვან ბრეკელენმა ეინდჰოვენის პსვ-სთან ერთად ჩემპიონთა თასი მოიგო. ყველაფრის მიუხედავად, ფინალის, ჩემპიონატისა და მთლიანად სეზონის გმირი მაინც მარკო ვან ბასტენი გახლდათ.

ფინალი
ჰოლანდია - სსრკ 2:0
1988 წლის 25 ივნისი. მიუნხენი. ოლიმპიური სტადიონი. 62 770 მაყურებელი.

გოლები: გულიტი (33). ვან ბასტენი (54).
59-ე წუთზე ბელანოვმა პენალტი ვერ გაიტანა.
გაფრთხილება: ვოუტერსი, ვან აერლე - დემიანენკო, ლიტოვჩენკო, ხიდიატულინი.
ჰოლანდია: ვან ბრეკელენი, ვან აერლე, რონალდ კუმანი, რაიკაარდი, ვან ტიჰილენი, ვოუტერსი, გულიტი, მიურენი, ერვინ კუმანი, ვანენბურგი, ვან ბასტენი.
მთ. მწვრთნელი: რინუს მიხელსი.
სსრკ: დასაევი, დემიანენკო, ხიდიატულინი, მიხაილიჩენკო, ლიტოვჩენკო, გოცმანოვი (ბალტაჩა 68), ალეინიკოვი, ზავაროვი, რაცი, პროტასოვი (პასულკო 71), ბელანოვი.
მთ. მწვრთნელი: ვალერი ლობანოვსკი.
მსაჯი: მ. ვოტრო (საფრანგეთი).

ტურნირის სიმბოლური ნაკრები: ჰანს ვან ბრეკელენი (ჰოლანდია), ჯუზეპე ბერგომი (იტალია), რონალდ კუმანი (ჰოლანდია), ფრანკ რაიკაარდი (ჰოლანდია), პაოლო მალდინი (იტალია), ჯუზეპე ჯანინი (იტალია), ლოთარ მათეუსი (გფრ), იან ვოუტერსი (ჰოლანდია), რუუდ გულიტი (ჰოლანდია), ჯანლუკა ვიალი (იტალია), მარკო ვან ბასტენი (ჰოლანდია).

გოჩა კაჭარავა





 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169353