ფეხბურთი

2:56 | 28.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ევროპას გრიგალავა შემორჩა

ევროპის ლიგის 1/8-ფინალურ ეტაპზე, მხოლოდ ერთი ქართველი – მახაჩყალის “ანჟის” მცველი გია გრიგალავა იასპარეზებს. მისი კლუბი “გენკს” ეწვია და 2:0 იმარჯვა, რაც მომდევნო ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა. რაც შეეხება თავად გრიგალავას თამაშს, მარცხენაფლანგელმა სრული მატჩი ჩაატარა და 29-ე წუთზე, ყვითელი ბარათი მიიღო.

პირველი მატჩის მინიმალური ანგარიშით მოგება საკმარისი არ აღმოჩნდა ჯაბა კანკავას “დნიპროსთვის", რომელიც საპასუხო შეხვედრაში ლონდონის “ტოტენჰემის” არენაზე 3:1 დამარცხდა. ქართველი შუახაზელი 71-ე წუთზე შეცვალეს. იმ დროისთვის, ანგარიში უკვე 3:1 იყო.

ევროპას დაემშვიდობა ყაზანის “რუბინიც”, რომლის რიგებშიც საბა კვირკველია ასპარეზობს. ყაზანელები “ბეტისთან” 0:2 დამარცხდნენ და საგზური დათმეს. ქართველმა მოედანზე სრული 90 წუთი გაატარა.

ლიონში, ადგილობრივ კლუბთან მინიმალური ანგარიშით წააგო თორნიკე ოქრიაშვილის “ჩერნომორეცმა” და ევროპის ლიგის მიღმა დარჩა. უკრაინელები მე-80 წუთზე გაშვებული გოლით მარცხდებოდნენ, 89-ე წუთზე კი, მოედანზე ოქრიაშვილი შევიდა, მაგრამ თავის გუნდს ბევრი ვერაფრით დაეხმარა.

0.117841