იგი, 16 წლის ასაკში ბელგიური ფეხბურთის მთავარი სენსაცია გახდა. დღეისათვის, რომელუ ლუკაკუში “მილანი” 15 მილიონ ევროს იხდის. ჩვენ კი, ვიდრე მისი ფასი კიდევ უფრო მოიმატებს, კონგოელი ამომავალი ვარსკვლავის ისტორიული ფუძის სიღრმეებში შევიდეთ და იქნებ, გავარკვიოთ, როგორ და რა პირობებში დაიწყო ჩამოყალიბება ახალმა საფეხბურთო მანქანამ.
“მოწყვეტილი”, მაგრამ მანათობელი
მაინც, რამდენი ასეთი იყო - ახალი დროგბა, ახალი რონალდო, ახალი მარადონა? მთელს მსოფლიოში, ყოველ წელს ასობით ასეთი “ახალი” ჩნდება. კოტდივუარში დაბადებული ნებისმიერი მეტნაკლებად ნიჭიერი ფეხბურთელი, აუცილებლად “ჩელსის” ფორვარდს უნდა შეადარონ; ტალანტებით ისე გაჯერებული ნიადაგია ბრაზილიაში, “კიჭას”, ალბათ, მუდმივად ასლოკინებს; არგენტინაში კი, ახალი “ღმერთის ხელი” რომ შეგარქვან, საკმარისია არცთუ ლამაზი გარეგნობა გქონდეს, ერთი ორჯერ საეჭვო რეპუტაციის ღამის კლუბში გამოჩნდე და 10-ნომრიანი მაისური ატარო. ერთი შეხედვით, რომელუ ლუკაკუ სწორედ ასეთი მორიგი “ახალი” ჩანს...
საქმე რომ გაცილებით რთულად არ იყოს, სტატიის დამთავრებაც აქ შეიძლებოდა. ლუკაკუ თავისუფლად შეიძლება გახდეს მოვლენა მსოფლიო ფეხბურთში და მერე რა ვქნათ - შევრცხვეთ? მისნაირებს ხშირად უმართლებთ, ისტორიული სამშობლოდან დაშორებულთ “ზეციური ძალები მფარველობენ” და ძირის უქონელთ, არნახული ტალანტით აჯილდოვებენ. მეზობელი რუსები რომ პუშკინს “დიადი რუსი” პოეტის ეპითეტით იხსენიებენ, კარგა გვარიანად “გარუჯული” სახის მქონე იყო. მისი დიდი ბაბუა, აბრამ განიბალი, პეტრე I-ს ლოგონის სამთავროს კოტოკოს თემიდან მიჰგვარეს. ახლა, ის ადგილი კამერუნისა და ჩადის სასაზღვრო ტერიტორიაა. ამ ადგილებში, ზუსტად კი, მდინარე ვურის ერთ-ერთ შესართავთან დაიწყო სამუელ ეტოოს კარიერა. უდიდესი პორტუგალიელი ფეხბურთელი ეუსებიო, 18 წლამდე მოზამბიკში ცხოვრობდა და მუშაობდა. ის მხოლოდ მერე შენიშნეს “ბენფიკას” სელექციონერებმა და ლისაბონში გადაიყვანეს. “ოქროს ხანის” საფრანგეთის ნაკრებიც, თითქმის ასეთი “მოწყვეტილებით” იყო დაკომპლექტებული: ტიერი ანრის დედა მარტინიკიდანაა, მამა - გვადელუპიდან; დავიდ ტრეზეგე 17 წლამდე არგენტინაში ცხოვრობდა, მარსელ დესაი განელია, ლილიან ტურამი გვადელუპიდან, პატრიკ ვიეირა სენეგალიდან, რობერ პირესი დედით ესპანელია, მამით პორტუგალიელი...
რომელუს მამა, ათასობით თანამემამულის მსგავსად, ადრეულ ასაკში მიხვდა, რომ კონგოში იგი დიდ ფულს ვერ იშოვიდა და ცხოვრების უკეთესი პირობების საძიებლად ბელგიაში გაემგზავრა. როჟერ ლუკაკუს პირველი კლუბი “ბოომი” გახდა, რომელთან ერთად, 1992-ში, იგი პირველ დივიზიონში გადავიდა. მომავალი წლის 13 მაისს, ქვეყანაზე რომელუ გაჩნდა, “ბოომი” კი ისევ დაქვეითდა. მამას ესმოდა, რომ დაბალ დივიზიონებში თამაშით ოჯახს ვერ შეინახავდა, ამიტომ, სერენში გადაბარგება გადაწყვიტა, საიდანაც არცთუ ურიგო შემოთავაზება მიიღო.
“სერენში” გატარებულ ორ სეზონში, კონგოელმა ფეხბურთელმა ბელგიის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიგო. როცა შვილს 3 წელი შეუსრულდა, მამამ თურქეთში სათამაშოდ წასვლა არჩია. “გენჩლერბირლიგში” იგი არნახული პერსპექტივებით დააინტერესეს, თანაც ანკარა, ბოომზე და სერენზე მიმზიდველი ჩანდა. თუმცა, როჟერმა მისი შესაძლებლობა გადააფასა, რომელიც ფეხბურთელს უსახურად ჩატარებულ მხოლოდ ერთ თურქულ სეზონზე ეყო. მალე, ბელგიაში დაბრუნება მოუწია - კიდევ კარგი, უფროს ლუკაკუს ოსმალეთში ოჯახი თან არ წაუყვანია.
ჩემი “ძვირფასი” დედაქალაქი
ამ დროისათვის, რომელუმ პირველი საფეხბურთო ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. მამის თურქეთიდან დაბრუნება, “ბოომ”-ის ბავშვთა სკოლაში მის შესვლას დაემთხვა. როჟერს ესმოდა, რომ დრო იყო აქცენტი შვილების (მეორე ვაჟიც ახალი გაჩენილი ჰყავდა) საფეხბურთო განათლებაზე გაეკეთებინა. 1998 წელს, როცა მან “ოსტენდე”-სთან ბოლო პროფესიონალურ კონტრაქტს მოაწერა ხელი, უფროსი ლუკაკუ უკვე 32 წლისა იყო.
რომელუ, “ლიერსში” დამკვიდრებამდე, საფეხბურთო სკოლებს ყოველ წელს იცვლიდა. ლირში მან 6 წელი დაჰყო. 12 წლის ასაკში, ლუკაკუ, როგორც იქნა, შენიშნეს და დედაქალაქში მიიწვიეს. ბრიუსელმა იგი კაშკაშა სინათლეებით და ნათელი პერსპექტივებით მიიზიდა. მამამ, რომელსაც უკვე ჰქონდა ანკარას მწარე გამოცდილება, შვილი ამ “სიკაშკაშის” საფრთხეზე გააფრთხილა. თინეიჯერმა მაინც გარისკა და წავიდა - გამოცდილების საკუთარი წილი მასაც ხომ უნდა მიეღო.
“ბოომ”-ის აღზრდილი არცთუ ურიგოდ მოერგო ბელგიის დედაქალაქს. ესაა რომ, “ბრიუსელი” აღარ პასუხობდა მის მომეტებულ მოთხოვნებს. მეორე ლიგა არაფრით ჯდებოდა “აქსელერატის” გეგმებში. რომ იტყვიან, სულზე მოუსწრო “ანდერლეხტის” წინადადებამ. “მეწამულ-თეთრების” სკაუტები, უპირველესად, ფორვარდის შედეგიანობით მოიხიბლნენ - 68 გოლი 68 მატჩში. ბარსელონელი ბოიან კრკიჩის მსგავსად, ლუკაკუ შედეგიანობის ყველა რეკორდს აუმჯობესებდა. თუ ესპანური პასპორტის მქონე სერბმა, “ბარსელონა C”-ში 250 მატჩში 139 გოლი გაიტანა, “ანდერლეხტის” ახალგაზრდულ გუნდში რომელუს 3 წელი დასჭირდა იმისათვის, რომ 86 მატჩში 121 გოლი გაეტანა.
პირველი პროფესიული კონტრაქტის გაფორმება აღარ გააჯანჯლეს, თორემ წამყვანი ევროპული კლუბების სკაუტებს, ბელგიის დედაქალაქი გიენებივით ალყაშემორტყმული ჰყავდათ. ხელი მოეწერა 3-წლიან კონტრაქტს და იმ მომენტიდან 11 დღეში, სრულფასოვანი დებიუტიც შედგა. მისი პირველი გოლი, ლუკაკუმ დასავლეთ ფლანდრიულ “ზულტ-ვარეგემს” გაუტანა. სულ, ვუნდერკინდმა, ბელგიის მიმდინარე ჩემპიონატში, რომელშიც “ანდერლეხტი” 8-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს, 29 მატჩში 15 გოლი გაიტანა.
ანტვერპენში დაბადებული ლუკაკუ, 2008 წლიდან ბელგიის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობს, ხოლო წლეულს თებერვალში, დიკ ადვოკაატმა იგი ქვეყნის მთავარ გუნდში მიიწვია. მან ჯერ ხორვატებთან ნათამაშევ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ბელგიელებს, რომლებმაც აშკარად ჩააგდეს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი, “ახალი სისხლი” ესაჭიროებათ. ევრო-2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე, მათ გერმანელების, თურქების და ავსტრიელების კონკურენციის დაძლევა მოუწევთ. სწორედ ამ საქმისთვის, ადვოკაატს დიდად წაადგება ბელგიის ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლე - თუ ციკლის დაწყებამდე, ჰოლანდიელი სპეციალისტი სხვა ნაკრების სათავეში არ აღმოჩნდა.
15 მილიონი და მეტი
დღეისათვის, ახალგაზრდა ვარსკვლავის სატრანსფერო ღირებულება, დაახლოებით 10 მილიონ ევროს შეადგენს. თუმცა, “მილანი” უკვე 15 მილიონს იძლევა, მაგრამ ეტყობა, არც ეს იქნება ზღვარი. ლუკაკუს პოტენციური ფასი 20-დან 30 მილიონამდეა. 2004 წელს, 18 წლის უეინ რუნი “მანჩესტერში” 33 მილიონად გადავიდა. მაშინ სხვა დრო იყო - ახლა ევროპის წამყვანი კლუბების ხაზინა კრიზისმა დააცარიელა და შესაბამისად, სატრანსფერო ბაზარზე ფასებმაც მოიკლო. მაგრამ ხომ არსებობს მადრიდის “რეალი”, რომელიც დროის მიუხედავად, ყოველთვის მზადაა საარაკო თანხა გადაიხადოს. თუმცკი, ამ “ჩაქცეულ” მილიონერებს, ბელგიელის მიმართ ღია ინტერესი ჯერ არ გამოუთქვამთ.
თავად ფეხბურთელი არ ჩქარობს უცხეთში გამგზავრებას. მამამ იგი განათლების მიღების აუცილებლობაში დააჯერა. ამდენად, 18 წლამდე, რომელუ არსად წასვლას არ აპირებს: “ვიცი, რომ ბევრი კლუბია ჩემი გადაბირებით დაინტერესებული. მაგრამ უპირველესად, მე სწავლის დამთავრება მინდა. მინდა გავიზარდო როგორც ფეხბურთელი და ოჯახთან ახლოსაც ვიყო. როცა 18 წელი შემისრულდება, მხოლოდ მაშინ ვიზრუნებ ახალი გუნდის მოძებნაზე”.
ძნელია, იპოვო კიდევ ასეთი მიზანმიმართული ახალგაზრდა ტალანტი. მარიო ბალოტელიც კი, რომელიც ლუკაკუზე 3 წლით უფროსია, ვერ იოცნებებს ასეთ გონებამახვილობაზე. ბელგიელის სახელი ერთხელაც არ გამოჩენილა “ყვითელი” პრესის სათაურებში, მას ვერც ღამის კლუბებში ხედავენ, გულშემატკივრებთან მომხდარ სკანდალებზე ხომ საუბარიც არაა. ტრიბუნებს სუნთქვა ეკვრის, როცა გოლის გამტანი ლუკაკუ ხელებით A-ს გამოსახავს.
კი, მას ახალ დროგბას ეძახიან, მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირული შედარებაა. “ჩელსის” ფორვარდთან, ლუკაკუს ფიზიკური მსგავსება (სიმაღლე 192სმ), თავით თამაშის უნარი აკავშირებს. თუმცა, ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ ბელგიელი დიდიეზე ტაქტიკურად მრავალფეროვანია - მას ცენტრიდანაც წარმატებით შეუძლია შეტევა და ფლანგებიდანაც. ღმერთმა მას არც ტექნიკა დაამადლა, იგი ფინტების კორიანტელს ცნობილი პორტუგალიელების სტილში აყენებს, თუმცა, ფიზიკურად რონალდუსა და ნანიზე გაცილებით მოსულია. აშკარაა, ლუკაკუ კიდევ მოუმატებს - იგი ხომ ერთ თვეში მხოლოდ 17 წლის გახდება. ყველაფრის გათვალისწინებით, კონგოური ფესვების მქონე ბელგიელი, ნამდვილ საფეხბურთო მანქანად გარდაქმნას გვპირდება.
მიღებები, ბომონდი, ჩეჩქად ფული - ეს ჯერ ნაკლებად აინტერესებს “ანდერლეხტის” ფორვარდს. მთავარი ადგილი მის ცხოვრებაში ოჯახს, სწავლას და ფეხბურთს უკავია - ზუსტად ასეთი თანმიმდევრობით. პარალელურად, იგი მის ძმას, ჯორდანს მეურვეობს, რომელიც ნორჩების “ანდერლეხტში” თამაშობს.
სადამდე გაგრძელდება ლუკაკუების ასეთი იდილია, არავინ იცის. კარგია, როცა გვერდში გამოცდილი მამა გყავს, რომელმაც შვილისგან განსხვავებით, ჯერაც ვერ გადალახა დედაქალაქის სინდრომი. იგი დღემდე ბოომში ცხოვრობს, სადაც ოდესღაც, მისი ბელგიური კარიერა დაიწყო.
მოამზადა ფრიდონ კერვალიშვილმა







